
გინეკოლოგი მადონა ჯუღელი ქალებში გავრცელებული ჰორმონალური დარღვევების შესახებ გადაცემაში „იმედის დღე“ საუბრობს. ექიმი აღნიშნავს, რომ პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზი სტრესია. მისივე თქმით, ქალის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას კვება და ფიზიკური აქტივობა ახდენს.
ჯუღელი გადამეტებული და არასწორი ვარჯიშის გვერდით ეფექტებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ხშირად ეს ყველაფერი უშვილობის მიზეზიც კი ხდება.
„ქალი რატომ მოდის ჩემთან? პირველი მიზეზი არის ციკლის დარღვევა: მენსტრუალური ციკლი ირღვევა, არის უშვილობა, ოვულაცია ხდება, მაგრამ ეს არ არის სრულფასოვანი. როდესაც გოგონა ფიზიკური ვარჯიშებით არის დაკავებული, ოსტეოპოროზი ვითარდება. ეს რის ფონზე ხდება? მიზეზი არის გადამეტებული ფიზიკური ვარჯიში, კვების რაციონის დარღვევა. ამ მიზეზით იწყება ოსტეოპოროზი, არის ესტროგენის დეფიციტი, ჰორმონალური დარღვევები და ციკლის დარღვევა. ძალიან ხშირია, რომ ქალბატონებს გადამეტებული და არასწორი ვარჯიშების გამო ექმნებათ პრობლემა.
„მყავდა პაციენტი, რომელსაც ფიზიკურად დარღვევები არ ჰქონდა, ჰორმონებიც წესრიგში იყო, ოვულაციაც იყო, მაგრამ ვერ ორსულდებოდა. მერე აღმოვაჩინე, რომ ფიზიკური დატვირთვა იყო დღეში 2-3 საათი. მსგავსი დარღვევები ხშირია ლატენტური რკინადეფიციტური ანემიის ფონზე. როდესაც ეს სწორდება, ციკლიც სათანადოდ რეგულირდება.
„სრულიად ახალი ინფორმაციაა, რომ ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ქალბატონებში თმიანობის მომატებას იწვევს. თუ სწორად მივიღებთ საკვებს, შესაძლოა, დანამატი არც დაგვჭირდეს,“ – აღნიშნავს მადონა ჯუღელი.