9 ივნისი - ძლიერი, საინტერესო და შთამაგონებელი დღე.
დღის ენერგიები მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. დღის პირველი ნახევარი იქნება გრძნობების, წინათგრძნობების, ქვეცნობიერი ენერგიების გააქტიურების დრო, ხოლო მეორე ნახევარი აქტიურობის, გადაწყვეტილებების და მომავლისკენ გადადგმული პირველი კონკრეტული ნაბიჯების მომენტად შესაძლოა იქცეს.
დილა თევზებში მყოფი მთვარის გავლენის ქვეშ ჩაივლის. ეს ნიშანი ყოველდღიურობის ჩვეულ რიტმს ანელებს და ხშირად დაუსრულებელი რუტინული რეჟიმიდან გამოსვლას და შესვენებას გვთავაზობს. თევზები გვახსენებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მხოლოდ ნების ძალითა და მკაცრი კონტროლით არ მიიღწევა. ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სიმშვიდის მდგომარეობაში მოდის, როცა სიტუაციაზე ზეწოლას ვწყვეტთ და მოვლენებს ბუნებრივი გზით განვითარების საშუალებას ვაძლევთ, დინებას მივყვებით.
თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. თბილისის დროით 12:35-მდე მთვარე უკურსო პერიოდში იქნება. ეს ნიშნავს, რომ დილა არ არის შესაფერისი ახალი პროექტების დასაწყებად, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოსაწერად, ბედისწერასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი წამოწყებებისთვის. შემდგომში ყველაფერი შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც დაგეგმილი იყო, ან გარემოებები სწრაფად შეიცვალოს და თავდაპირველი ჩანაფიქრების კორექტირება გახდეს საჭირო.
ამიტომ ახალი წამოწყებების, შეთანხმებების და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემთხვევაში უმჯობესია დაელოდოთ ამ პერიოდის დასრულებას.
სწორედ ამიტომ, სამშაბათ დილით მოვლენების დაჩქარება არ ღირს. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ეს დრო უკვე დაწყებული საქმეების დასრულებას, სიტუაციების გაანალიზებას, დაგეგმვასა და მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას დაუთმეთ.
მიუხედავად ამისა, დილით შესაძლოა გავიგოთ სასიამოვნო ამბები, მოულოდნელი დახმარება ან საინტერესო შეთავაზება, რადგან კვლავ იმუშავებს თევზებში მყოფი მთვარის ჰარმონიული ასპექტი ბედნიერების პლანეტების - ვენერასა და იუპიტერის შეერთებასთან, კირჩხიბის ნიშანში.
ვენერასა და იუპიტერის შეერთება სივრცეს ავსებს იღბლის, მხარდაჭერის, სიყვარულის, სულიერი სითბოსა და ბედნიერი სიუჟეტების ენერგიით. სწორედ დღეს, ვენერასა და იუპიტერის შეერთების ასპექტი ზუსტდება.
ეს ნიშნავს, რომ დღე ატარებს იღბლის ენერგიას და შეიცავს ბედნიერი შესაძლებლობებისა და წარმატებული შანსების დიდ პოტენციალს.
ზოგისთვის ეს იქნება საუბარი საყვარელ ადამიანთან, რაც რთული სიტუაციის განმუხტვას შეუწყობს ხელს, ხოლო სხვებისთვის - მნიშვნელოვანი ოჯახური საკითხის გადაწყვეტა. ზოგისთვის ეს იქნება ურთიერთობების განმტკიცების, მხარდაჭერისა და თანადგომის განცდის შესაძლებლობა, რაც დიდი ხანია საჭიროებას წარმოადგენდა.
როგორც აღვნიშნე, დილით მთვარე სწორედ ამ შეერთებას ააქტიურებს. ასეთი კოსმოსური განლაგება საოცარ შინაგან სიმშვიდეს ქმნის. თითქოს სამყარო გვახსენებს, რომ ყველაფრის მოპოვება ბრძოლითა და დაპირისპირებით არ არის საჭირო. ზოგჯერ საკმარისია უბრალოდ ნება მისცე სიკეთეს, რომ შენს ცხოვრებაში შემოვიდეს.
ასეთი შინაგანი განწყობის შესაქმნელად საუკეთესო დროა დილა. შევანელოთ ტემპი, არ არის საჭირო ფუსფუსი, აჩქარება და ყურადღება საკუთარ შინაგან სამყაროზე გადავიტანოთ. დავუკვირდეთ საკუთარ ემოციებს - რას ვგრძნობთ, რას ვფიქრობთ, რა ენერგიები მონაცვლეობს ჩვენს შინაგან სამყაროში.
იფიქრეთ მომავალზე, იოცნებეთ, პოზიტიურ ტალღაზე განაწყვეთ თავი. თუ მართლაც ასე მოვიქცევით, დილის საათებში შეგვიძლია, ჩვენი შინაგანი ჰარმონიით სამყაროს ჰარმონიის ნაკადს შევუერთდეთ.
დილის საათები განსაკუთრებით ხელსაყრელია მედიტაციისთვის, სულიერი პრაქტიკებისთვის, განზრახვებსა და სურვილებზე სამუშაოდ. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი ინტუიციის ხმის მოსმენა და ნდობა.
შუადღის შემდეგ, ასტროლოგიური ამინდი სწრაფად დაიწყებს ცვლილებას. 11:35 საათზე დასრულდება უკურსო მთვარის პერიოდი და მთვარე დაუყოვნებლივ გადავა ვერძის ცეცხლოვან ნიშანში, რაც ნიშნავს, რომ შუადღიდან აქტიური მოქმედებების დრო იწყება. ვერძს ყოველთვის მოაქვს ენერგია, მოძრაობა, ინიციატივა და სურვილი, რომ მოვლენებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ.
ბევრი ადამიანი მყისიერად იგრძნობს ძალების, მოტივაციისა და ენთუზიაზმის მოზღვავებას. გაჩნდება სურვილი, აღარ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ფიქრებითა და ოცნებებით, არამედ რეალურად დავიწყოთ იმ მომავლის შექმნა, რომელზედაც ამდენ ხანს ვფიქრობდით.
მნიშვნელოვანია, რომ ვერძში გადასული მთვარე ჩაერთვება ბისექსტილის კონფიგურაციაში, რომელიც უმაღლესი პლანეტების - ურანის, პლუტონისა და ნეპტუნის მიერ ფორმირდება.
ეს მიმდინარე პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მხარდამჭერი ასტროლოგიური კონფიგურაციაა. ის გვეხმარება ინტუიციისა და გამჭრიახობის, შთაგონებისა და ღრმა პროცესების გააზრების, ოცნებებისა და მისი რეალიზაციის შესაძლებლობის ერთმანეთთან დაკავშირებაში. სწორედ ამიტომ, ამ ენერგიას შეუძლია ხიდად იქცეს ჩვენს შინაგან ხედვასა და მის პრაქტიკულ განხორციელებას შორის.
დღის მეორე ნახევარში შეიძლება გაჩნდეს მოულოდნელი იდეები და არასტანდარტული გადაწყვეტილებები.
შესაძლოა, მოულოდნელად დავინახოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან, ხოლო სამყარო თითქოს გვიბიძგებდეს იმ ცვლილებებისკენ, რომელთა დრო დიდი ხანია დადგა, მაგრამ ეჭვებისა და შიშების გამო ჯერ კიდევ ვაჭიანურებთ. ამიტომ შუადღის შემდეგ მოქმედების არ შეგეშინდეთ.
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მთვარის დღეების გავლენა. დღეს ჩვენზე ოცდამეოთხე მთვარის დღის ენერგიები მოქმედებს. ეს ძალიან ძლიერი, ღრმა და ენერგიით გაჯერებული დღეა. ამ დღის სიმბოლოა დათვი, რაც უკვე ბევრის მთქმელია.
ეს არის უზარმაზარი შინაგანი ძალის, სიმშვიდის, სიმტკიცის, თავდაჯერებულობისა და ბუნების ენერგიასთან, სიცოცხლის ძალასთან კავშირის დღე. ეს დღე უდიდესი პოტენციალის მატარებელია. სწორედ ამ დროს იღვიძებს ჩვენში მძლავრი ენერგეტიკული რესურსი, რადგან ოცდამეოთხე მთვარის დღე უშუალოდ უკავშირდება სასიცოცხლო ძალას, სხეულს, შინაგან მდგრადობასა და ბუნებრივ ენერგიას.
ამიტომ, გარდა იმისა, რომ დღე განსაკუთრებულად ინტუიციურია, ის ასევე შესანიშნავია ფიზიკური აქტივობისთვის, ჯანმრთელობის აღდგენისთვის, სხეულზე ზრუნვისთვის, ასევე სერიოზული საქმიანობისთვის, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს, და გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად. ეს არის გამონაკლისი მთვარის მეოთხე ფაზის დღეებიდან, როცა ფიზიკურად და შინაგანად დიდ ძალას ვგრძნობთ.
დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა ყველაფერი, რაც აძლიერებს თქვენს ბაზისს, თქვენს საყრდენს.
დღის ენერგია ძალიან ძლიერია და მნიშვნელოვანია, რომ ის გაცნობიერებულად ვმართოთ.
ეს არ არის პასიურობის, დივანზე წოლისა და საქმის გადადების დღე. თუ ენერგიას ფიზიკურ დონეზე არ გამოავლენთ, ის შიგნიდან დაიწყებს ზეწოლას.
სწორედ ამიტომ არის დღეს მნიშვნელოვანი მოძრაობა, სხეულთან კავშირის შენარჩუნება და პრაქტიკული საქმიანობით დაკავება.
გარდა ამისა, ეს მთვარის დღე მჭიდროდ უკავშირდება შემოქმედებისა და შექმნის თემას. ამიტომ ეს შესანიშნავი დროა მშენებლობის, რემონტის, სახლის მოწესრიგების, მატერიალური და მდგრადი ღირებულებების შექმნისთვის.
ზოგადად, ოცდამეოთხე მთვარის დღეს ძალიან მიწიერი ენერგია ახასიათებს. აქ ილუზიებისთვის ნაკლები ადგილია. ეს არის დღე, როცა ადამიანს სურს იგრძნოს მყარი ნიადაგი ფეხქვეშ.
ამიტომ მნიშვნელოვანია, ენერგია წვრილმანებზე არ გაფანტოთ, არ ჩაებათ კონფლიქტებში, არ იფუსფუსოთ უაზროდ და არ დახარჯოთ ძალები უმნიშვნელო საკითხებზე. უმჯობესია მნიშვნელოვანი პროექტით ან საქმით დაკავდეთ და თქვენი ძალა იქ მიმართოთ, სადაც რეალურად ქმნით საკუთარ მომავალს.