აშშ-ის მიჩიგანის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ციკლოსპორიაზის შემთხვევებს შორის ორი პაციენტი გარდაიცვალა. უწყების განმარტებით, ორივე გარდაცვლილს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ხოლო პარაზიტულმა ინფექციამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
ციკლოსპორიაზი ნაწლავური ინფექციაა, რომელსაც პარაზიტი Cyclospora cayetanensis იწვევს. დაავადება უმეტესად დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღების შედეგად ვრცელდება და ხშირად უკავშირდება ცუდად გარეცხილ ხილსა და ბოსტნეულს.
ინფექციის ძირითადი სიმპტომებია ხანგრძლივი დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, მადის დაკარგვა, წონის კლება და ძლიერი სისუსტე.
დაავადება განსაკუთრებით მძიმე ფორმით შეიძლება განვითარდეს ხანდაზმულებში, იმუნოდეფიციტისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.
მიჩიგანის ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საკვების ჰიგიენას, კარგად გარეცხონ ხილი და ბოსტნეული, გამოიყენონ უსაფრთხო სასმელი წყალი და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფექციის წყაროს დადგენა და ეპიდემიოლოგიური გამოძიება.