ჩეხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - Česká televize ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანა 2027 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად საბიუჯეტო შეზღუდვები და ფინანსური ოპტიმიზაცია დასახელდა.
ტელეკომპანიის განცხადებით, „ევროვიზიაში“ მონაწილეობა დიდ ფინანსურ, საპროდიუსერო და ორგანიზაციულ რესურსებს მოითხოვს. მიმდინარე ბიუჯეტის შემცირებისა და მოსალოდნელი რეფორმების ფონზე, მაუწყებელმა იძულებითი ნაბიჯი გადადგა.
გარდა ამისა, ČT არც კონკურსის ტრანსლირების ლიცენზიის შეძენას გეგმავს.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა - EBU მწუხარება გამოთქვა ჩეხეთის გადაწყვეტილების გამო და იმედოვნებენ, რომ ქვეყანა კონკურსს მომავალში დაუბრუნდება.
ჩეხეთმა „ევროვიზიაზე“ დებიუტი 2007 წელს დაიწყო და მას შემდეგ კონკურსში 14-ჯერ მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო შედეგს 2018 წელს მიაღწია, როდესაც მიკოლას იოზეფმა მე-6 ადგილი დაიკავა.