Digest Logo

ეიფელის კოშკში მომხდარი სკანდალის შემდეგ დირექტორმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა - იგი პოსტს წლის ბოლოს დატოვებს

1791040800
ეიფელის კოშკი

პარიზის ეიფელის კოშკის მმართველი კომპანიის, SETE-ის გენერალურმა დირექტორმა პატრიკ ბრანკო რუივომ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს.

რუვიო SETE-ს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი გადადგომის გადაწყვეტილება ეიფელის კოშკში სექტემბრის დასაწყისში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც ინდუისტური რელიგიური ჯგუფის, BAPS-ის დელეგაციის ვიზიტის დროს ქალი თანამშრომლები სტუმრებთან კონტაქტისგან ჩამოაშორეს.

SETE-ის განცხადებით, შიდა გამოძიებამ ვიზიტის ორგანიზებაში „არაერთი ხარვეზი და ნაკლი“ გამოავლინა, რასაც ქალ თანამშრომელთა ჩამოშორება მოჰყვა. კომპანიამ მომხდარს „მიუღებელი სიტუაცია“ უწოდა.

ინციდენტს თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა და 7 სექტემბერს ეიფელის კოშკი მთელი დღის განმავლობაში დაიხურა. თანამშრომლების განცხადებით, ზოგიერთ ქალს სამუშაო ადგილის დატოვება და ცალკე ოთახებში გადასვლა სთხოვეს, ზოგიერთ პოზიციაზე კი ისინი კაცმა კოლეგებმა ჩაანაცვლეს.

SETE-მ მოგვიანებით დაადასტურა, რომ BAPS-ის დელეგაციის მხრიდან ვიზიტის დროს ქალებთან ურთიერთობის შეზღუდვის მოთხოვნა არსებობდა, თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ მსგავსი პირობები არ უნდა მიეღო.

თავად BAPS-მა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ვიზიტის ორგანიზება ლოჯისტიკურ საკითხებს უკავშირდებოდა და ქალების გამორიცხვას მიზნად არ ისახავდა. ორგანიზაციის თქმით, არავის აუკრძალავს ეიფელის კოშკში შესვლა.

ინციდენტის შემდეგ პარიზის მერიამ ორი გამოძიება დაიწყო. SETE-ში ასევე განაცხადეს, რომ დაინერგება ახალი ზომები და ტრენინგები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით.

ეიფელის კოშკს, რომელიც პარიზის ქალაქის საკუთრებაა და SETE მართავს, ყოველწლიურად დაახლოებით 6,7 მილიონი ადამიანი სტუმრობს. კომპანიაში 402 ადამიანი მუშაობს.

✕