ჩინეთში ფილმს „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ ბოიკოტს უცხადებენ. საზოგადოების უკმაყოფილება ერთ-ერთმა პერსონაჟმა, ძინ ჩაომ გამოიწვია.
იგი ენ ჰეთეუეის გმირის, ენდი საქსის, ახალი ასისტენტია და ზოგიერთი გულშემატკივრის თქმით, აზიელების შესახებ არსებული სტერეოტიპების კრებით სახეს წარმოადგენს.
რამდენიმე დღის წინ კომპანია 20th Century Studio-მ სოციალურ ქსელებში 38-წამიანი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ჰელენ ჯ. შენის მიერ განსახიერებული პერსონაჟი, ძინ ჩაო იყო წარმოდგენილი. ბევრი აღაშფოთა პერსონაჟის სახელმა, რომელიც ჟღერადობით რასისტულ შეურაცხყოფას ჰგავს და „უკიდურესად მახინჯს“ ან „საშინლად მყრალს“ ნიშნავს.
პუბლიკაციის კომენტარებში ადამიანებმა საკუთარი წყენა შემდეგნაირად გამოხატეს:
„უკვე 2026 წელია, მათ კი ნორმალური ჩინური სახელის მოფიქრებაც კი არ შეუძლიათ“,
„ეს ფილმი პირდაპირ სტერეოტიპულ მიმებს იმეორებს“,
„რასისტული სახელი? არის. იაფფასიანი სტერეოტიპები? არის. და ესაა თქვენი „მადლიერება“ ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვარგარეთული კინობაზრის მიმართ? თქვენ ხელთ ოქროს საბადო - კლასიკის დაბრუნების მოლოდინში მყოფი ფანები გყავდათ. ნაცვლად ამისა, თქვენ ჩვენ სახეში შეგვაფურთხეთ. ეს თქვენი დანაკარგი და ბრალია“,
„ამ ფილმის ნახვას ვგეგმავდი, თუმცა თრეილერის ნახვის შემდეგ ის რასისტულად მივიჩნიე და ყურებაზე უარი ვთქვი“,
„არა! ამქვეყნად ვერაფერი მაიძულებს, რომ ამ ფილმს ვუყურო!“,- წერენ ნაწყენი მაყურებლები.

სახელის გარდა, საზოგადოება ძინ ჩაოს ჩაცმულობამ და საერთო იმიჯმაც დააბნია:
„ამ ჩინელ ქალს ასეთი აბსურდული კაბა რატომ ჩააცვეს?”,
„დღეს ჩინელები ასე არ გამოიყურებიან. მსგავსი გარეგნობა ქალებში 1970-იან წლებამდე იყო პოპულარული“,
„2026 წელია, ისინი კი კვლავ იმ ძველი სტერეოტიპებით მანიპულირებენ, თითქოს, აზიელები მოსაწყენი ადამიანები არიან“,
„თეთრკანიანი ქალების როლებზე ულამაზეს მსახიობებს არჩევთ, აზიელების შემთხვევაში კი - არასდროს. რატომ გეშინიათ იმის, რომ აზიელი ქალი თეთრკანიანზე ლამაზი შეიძლება, აღმოჩნდეს?“,- წერენ კომენტარებში.
20th Century Studio-ს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ საკულტო ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას“ გაგრძელების გადაღების შესახებ ცნობილი 2024 წელს გახდა. ფილმზე ის გუნდი მუშაობდა, რომელმაც პირველი ნაწილი შექმნა. გარდა ამისა, საკულტო როლებს მერილ სტრიპი, ენ ჰეთეუეი და ემილი ბლანტი დაუბრუნდნენ. მეორე ნაწილის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი, ენდი საქსი ჟურნალ „პოდიუმში“ ბრუნდება, რათა ყოფილ უფროსთან, მირანდა პრისტლისთან ერთად გამოცემა გაკოტრებისგან იხსნას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პერსონალური ახალი წელი არის საკუთარი დაბადების დღე“ - ქვეყნის მთავარი ასტროლოგი იუბილარია
⭕„საოცარი გოგო“ - რა კადრებს აქვეყნებს გვანცა დარასელია
წყარო: www.beaumonde.ge