Digest Logo

ნეპალსა და ტიბეტში სამაშველო ოპერაციას ძლიერი წვიმები აფერხებს: „ღამით მაღალ ადგილებში გვიწევს გაქცევა, ხანდაზმულ მშობლებს ხელით ვატარებ“

1788160278
ნეპალინეპალინეპალი

ნეპალსა და ტიბეტში მომხდარი მასშტაბური მეწყრისა და ღვარცოფის შედეგად დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა „ბი-ბი-სი“-ს ცნობით 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. მანამდე „ევრონიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია 750-მდე დაღუპულის შესახებ. მედიის ცნობით, სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს ძლიერი წვიმები და მოსალოდნელი წყალდიდობის საფრთხე. კვირას, 30 აგვისტოს, დილით ნეპალის ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა და სიფხიზლისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ცნობით, ნეპალში მორგები გადავსებულია. ჩიტვანის ოლქის ადმინისტრატორის, განეშ არიალის განცხადებით, ნაპოვნი 233 ცხედრიდან მხოლოდ ოთხის იდენტიფიცირება მოხერხდა. ცხედრებს დაკრძალვამდე დნმ-ის ნიმუშებს აუღებენ, რის შემდეგაც მათ ინდუისტური რიტუალის მიხედვით, მასობრივ საფლავში დაკრძალავენ.

უამინდობისა და მდინარეების დონის მატების გამო შეფერხებულია სამაშველო ოპერაცია ჰიდროელექტროსადგურებში.

საერთო ჯამში, ჰესების 933 მუშა ითვლება დაკარგულად, თუმცა ხელისუფლების ვარაუდით, 100-ზე მეტი მათგანი შესაძლოა ცოცხალი იყოს და გვირაბებში რჩებოდეს ჩარჩენილი.

ძირითადი ძალები ტრიშულის 3A და 3B სადგურებზეა კონცენტრირებული. სამხედრო მაშველებმა ტრიშული 3A-ს ტალახით სავსე გვირაბში სპეციალური აღჭურვილობით ხვრელი გაბურღეს, საიდანაც შიგნით ჰაერის მიწოდება დაიწყეს და ვითარების შესამოწმებლად კამერა დაუშვეს, თუმცა ღამის წვიმამ პროცესი კვლავ შეაფერხა.

განადგურებული ინფრასტრუქტურა და მძიმე ვითარება სტიქიის ზონაში

სტიქიის ზონაში ინფრასტრუქტურა თითქმის სრულად განადგურებულია, წაღებულია როგორც დიდი ბეტონის, ისე მსუბუქი დაკიდებული ხიდები, რის გამოც მდინარის ორ მხარეს დარჩენილ დასახლებებს შორის კომუნიკაცია გაწყვეტილია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც გადარჩენილი სახლები და ბიზნესობიექტები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

რთული ვითარებაა პრიტჰვის გზატკეცილზეც, რომელიც დედაქალაქ კატმანდუს საკვებითა და საწვავით მომარაგების მთავარი არტერიაა. გზის უმეტესი ნაწილი გახსნილია, თუმცა ცალკეული მონაკვეთების შეკეთება კვლავ პრობლემად რჩება.

ადგილობრივი მცხოვრებლების ყოფა ყოველდღიური განგაშსა და ევაკუაციაში:

„ზოგჯერ ამბობენ, რომ ახალი ტალღა მოდის და ისევ უფრო მაღალ ადგილებში გვიწევს გაქცევა, თუნდაც ღამით. ჩემი მშობლები ხანდაზმულები არიან, მათი ტარება მიწევს და ძალიან დაღლილი ვარ“, - უთხრა ადგილობრივმა გოვინდ შრეშტამ მედიას.