Digest Logo

სად მიდის ცხიმი, როდესაც წონაში ვიკლებთ? - ახალი კვლევა

1790928653
ვარჯიშივარჯიში

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დაკარგული ცხიმის დაახლოებით 84% ორგანიზმიდან ამოსუნთქული ნახშირორჟანგის მეშვეობით გამოიყოფა, ხოლო დარჩენილი 16% წყლის სახით იკარგება.

როდესაც სხეულის წონა მცირდება, ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის ნაწილი ქრება - მაგრამ სად მიდის ეს მასა?

ბირმინგემის უნივერსიტეტის ორი მკვლევარი ჟურნალ The Conversation-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განმარტავს, რომ ცხიმის წვა დაკავშირებულია პროცესთან, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც ორგანიზმს საკვებიდან მიღებულზე მეტი ენერგია სჭირდება და დეფიციტის დასაფარად ცხიმის მარაგების გამოყენებას იწყებს.

საკვებიდან მიღებული ცხიმი შედის საჭმლის მომნელებელ სისტემაში, სადაც ის იშლება ცხიმოვან მჟავებად.

ორგანიზმი ამ ცხიმოვანი მჟავების ნაწილს სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად იყენებს მაგალითად, უჯრედების ასაშენებლად, ჰორმონალური დონის რეგულირებისთვის და შინაგანი ორგანოების დასაცავად და ზედმეტს ტრიგლიცერიდებად გარდაქმნის.

ეს ტრიგლიცერიდები ცხიმოვან უჯრედებში ინახება, რათა მოგვიანებით ენერგიის წყაროდ გამოდგეს.

ორგანიზმში ცხიმი ძირითადად ორი გზით გროვდება: კანქვეშა ცხიმი და ვისცერული ცხიმის, უფრო ღრმად, შინაგანი ორგანოების გარშემო დაგროვების სახით.

როდესაც ორგანიზმი კალორიების დეფიციტში შედის, ჰორმონალური და ნერვული სიგნალები ცხიმოვან უჯრედებს ასტიმულირებს დაგროვილი ცხიმის დაშლისკენ პროცესი, რომელსაც ლიპოლიზი ეწოდება.

ცხიმის ენერგიად გარდაქმნა

ტრიგლიცერიდების დაშლის შემდეგ, ცხიმოვანი მჟავები შედიან უჯრედების მიტოქონდრიაში - სხეულის „ელექტროსადგურებში“ - სადაც ისინი განიცდიან ბეტა-დაჟანგვას.

ამ პროცესის დროს ცხიმოვანი მჟავები იშლება ნაერთებად, რომლებსაც ორგანიზმი ენერგიის გამოსამუშავებლად იყენებს, ხოლო ამ რეაქციების დროს მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტებია ნახშირორჟანგი და წყალი.

და აქ, სტატიის თანახმად, იმალება მოულოდნელი ფაქტი: ცხიმის უმეტესი ნაწილი, რომელსაც სხეული კარგავს, გამოიყოფა არა ოფლით, არამედ ფილტვების მეშვეობით - სუნთქვის პროცესში.

როდესაც ვარჯიშობთ ან ზღუდავთ კალორიების მიღებას, თქვენი სხეულის ენერგიის მოთხოვნილება იზრდება.

თუ საკვებით მოწოდებული ენერგია არ არის საკმარისი ამ ხარჯების დასაფარად, სხეული იწყებს საკუთარი ცხიმის რეზერვების გამოყენებას.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ სუნთქვის გახშირება იწვევს ცხიმის წვას. ამოსუნთქვა უბრალოდ ორგანიზმისთვის ცხიმის დაშლის პროდუქტების გამოდევნის გზაა და არა პროცესი, რომელიც თავად იწვევს ცხიმის წვას. კალორიების დეფიციტის შენარჩუნება დიეტისა და ფიზიკური აქტივობის გზით კვლავ რჩება მთავარ ფაქტორად, რომელიც ორგანიზმს აიძულებს გამოიყენოს შენახული ენერგიის რეზერვები.

✕