„მათი პარტიის წევრები კარგად ატყობენ, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების ნულოვანი შანსი აქვს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან განაცხადა და გამოეხმაურა რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის და „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ პარტიების დატოვებას.
მაჭავარიანის თქმით, ზოგი ტოვებს ამ პარტიას იქიდან გამომდინარე, რომ სინდისი და ნამუსი აქვს, ზოგს კი უბრალოდ ეშინია, რომ იმავე ქვაბში არ აღმოჩნდეს.
„მათი პარტიის წევრები კარგად ატყობენ, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების ნულოვანი შანსი აქვს. ისინი კარგად აანალიზებენ, რომ „ედისონ რისერჩის“ დახატული და გაფერადებული დასკვნები მათივე პარტიის ლიდერების მხრიდან ხორციელდება. ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოაქვთ, თუ რა იგეგმება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და ცოტა შეშფოთებულებიც არიან და შეშინებულებიც, ვინაიდან პირდაპირ გვეუბნებიან, რომ იგეგმება პარტიის წევრებზეც კონკრეტული ტიპის თავდასხმები, აგრესია იმისათვის, რომ რევოლუციური მუხტი უფრო აიწიოს. ზოგი ტოვებს ამ პარტიას იქიდან გამომდინარე, რომ სინდისი და ნამუსი გააჩნია, ზოგს უბრალოდ ეშინია, რომ იმავე ქვაბში არ აღმოჩნდეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ინფორმაციისთვის, რუსთავში ოპოზიციური პარტიების წევრები პარტიებს ტოვებენ. გაერთიანებული ოპოზიციისა და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები პარტიის დატოვების მიზეზად ყოფილი თანამოაზრეების და ლიდერების მხრიდან გაცემულ ცრუ დაპირებებს ასახელებენ.