
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალისა“და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული მ.ა, 1997 წელს დაბადებული მ.ა, 1985 წელს დაბადებული ა.თ. და 1984 წელს დაბადებული ბ.გ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ ცდილობდნენ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.