Digest Logo

„დიდი მადლობა ჩემს მერსა და გამგეობას ქირას რომ მიხდიან“ - რას უყვება მოქალაქე „დაიჯესტს“, რომელიც ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობს

1752763328
თბილისის მერია

14 ივლისს, თბილისში, სადგურის მოედანზე ავარიული კორპუსის ფასადის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი ცხედარი მაშველებმა გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოიყვანეს. კლინიკაში ამ დრომდე რჩება ერთი დაშავებული მოქალაქე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ძებნა-შველის ოპერაცია დასრულდა, თუმცა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. შენობაში ექსპერტები მუშაობენ, ტერიტორია კი ყვითელი ლენტითა და რკინის ჯებირებით არის შემოსაზღვრული. უსაფრთხოების გამო მოქალაქეებს შენობასთან მიახლოება ეკრძალებათ.

ადგილობრივების თქმით, ავარიული მდგომარეობის შესახებ იცოდნენ და განგაშიც არაერთხელ ჰქონდათ გამოთქმული. მათი მტკიცებით, გამგეობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი მიუხედავად საფრთხისა, მერიის ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობაზე უარს აცხადებდა.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ „დაიჯესტს“ დაუკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც წარსულში მსგავს პირობებში ცხოვრობდა. იგი ამჟამად მერიის ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობს:

„ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, დამაბინავეს - გადმომიყვანეს სასწრაფოდ. მერიიდან ყოველთვიურად 1 000 ლარს მიხდიან ქირისთვის. არიან სხვებიც, ვინც ჯერ კიდევ არ გადმოსულა, თუმცა სამხარაულის ბიუროს შეფასებით, ჩვენი კორპუსი მე-4 კატეგორიისა - სრულად ავარიულია.

დღეს რომ ქირით ვცხოვრობ, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს მერსა და გამგეობას - მე და ჩემი ორი შვილი ნანგრევებში ვცხოვრობდით და ყოველი დღე ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო.

საზოგადოების ნაწილი, ვინც ჯერ კიდევ არ ტოვებს ამ სახიფათო კორპუსებს, ვერ აცნობიერებს ჩანაცვლების პროგრამის მნიშვნელობას - გაუგებარია, როგორ შეიძლება კვადრატული მეტრების გამო საკუთარი და შვილების სიცოცხლე გარისკო. გონება გაუნათოს ღმერთმა ამ ბრბოს“, - უთხრა მან „დაიჯესტს“.

თბილისის მერიამ არაერთგზის მოუწოდა მოსახლეობას, დატოვონ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი კორპუსები, თუმცა როგორც ირკვევა ბევრი მათგანი ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.