ანა ჯაბაური მეუღლის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ უსამართლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის წინაშეც, მისი თქმით, ცოტნე გამსახურდია დღეს დგას.
როგორც ანა ჯაბაური აღნიშნავს, უკვე შვიდი წელია, რაც ცოტნე გამსახურდია სიცოცხლისთვის, რეაბილიტაციისა და ღირსებისთვის იბრძვის, ამავდროულად კი საკუთარი სახლიდან დევნილობაში იმყოფება.
„ცოტნეს ნახევარსაუკუნოვანი სევდიანი იუბილე… 7 წელი ყოველდღიური ბრძოლა სიცოცხლისთვის, რეაბილიტაციისთვის, ღირსებისთვის.
7 წელი საკუთარი სახლიდან დევნილობისა და ხიზნობის.
რაოდენ მტკივნეული უსამართლობაა, რომ დღეს, საკუთარი მამის მიერ ცოტნესთვის დატოვებულ სახლში თვითნებურად ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ერთადერთ ანდერძში ერთი სიტყვითაც კი არ არის მოხსენიებული; ადამიანი, რომელსაც, სწორედ ზვიადის ნებით, კოლხურ კოშკში ერთი კვადრატული მეტრიც არ ეკუთვნის; ადამიანი, რომელზეც ცოტნე საჯაროდ წერდა, რომ მასზე დიდი მტერი არ ჰყავდა… და მაინც, იქ ცხოვრობს და სახლის მეპატრონეს არ უშვებს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი უმწეოა და საკუთარი უფლებების დაცვას თავად ვერ ახერხებს.
ყველაზე ადვილია უმწეო ადამიანს ისე მოექცე, თითქოს ის აღარ არსებობს. მაგრამ ცოტნე არსებობს. ცოცხალია. და მისი მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შინ დაბრუნება, თითოეული მისი მკურნალი პროფესორის კატეგორიული რეკომენდაციით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი ორი ადამიანი...
50-ე დაბადების დღეს გილოცავ, ცოტნე. ერთი რამ ხომ ზუსტად იცი - მე შენთან ვარ დღეს და ყოველთვის“, - წერს ანა ჯაბაური.