
რუბრიკა „სხვა კითხვების“ სტუმრები არიან მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე და ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა. წყვილი, რომელიც გამოირჩევა სილაღით, გულწრფელობით და საინტერესო საუბრით.
პროფესიულად ორივე ძალიან აქტიურები ხართ, რამდენად ხშირად ახერხებთ ერთად შეკრებას? და ასეთ დრო სახლში ამჯობინებთ ყოფნას თუ გარეთ?
(სალომე): მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული გრაფიკი გვაქვს, რაც დღეს, ზოგადად, ჩვეულებრივი ამბავია, არ გვეპატიება ამის გამო ერთად არყოფნა. დროის ერთად გატარება აუცილებელია არა მხოლოდ ურთიერთობისთვის, არამედ ჩვენი პროფესიული წარმატებისთვისაც, ეს ერთგვარი საკვანძო თემაა ჩვენთვის.
(გიორგი): ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება, რათა ენერგეტიკულად სულიერი საზრდო მიიღო. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება.
(სალომე): დილაობით ადრე, მზე რომ ახალი ამოსულია, პარკში სასეირნოდ ერთად წასვლა ეს დღის იდეალური დასაწყისია.
თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?
(გიორგი): თავისუფალ დროს ყველაზე მეტად მიყვარს ფილმების ყურება სალომესა და ნენესთან ერთად. ასევე, ჭამა და კულინარია ძალიან გვიყვარს სამივეს. ბოლო დროს კი ახალი გატაცება მაქვს – თევზაობა. რა თქმა უნდა, დაჭერილ თევზს ისევ ვუშვებთ.
(სალომე): მეც ძალიან მიყვარს ფილმებისა და სერიალების ყურება, სეირნობა და ჭამა, ყველაფერი ეს გვიყვარს ნენესთან ერთად.
როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ჯანსაღ ურთიერთობას?
(სალომე): იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი და გიორგის ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია, ჩვენს ურთიერთობაში მთავარი არის ნდობა.
(გიორგი): ვეთანხმები სალომეს, ნდობა მნიშვნელოვანია, ასევე, საუბარი ერთმანეთთან ყველაფერზე და ურთიერთობაში მრავალფეროვნების შემოტანა. არ უნდა გადაიზარდოს რუტინაში, უნდა შეეცადო, რომ ყოველდღე სიახლე შესთავაზო პარტნიორს.
რა მთავარი ღირებულებები გინდათ თქვენს შვილს ასწავლოთ?
(სალომე): თავისუფლება. მინდა, რომ იყოს თავისუფალი, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. ვფიქრობ, ამ მთავარ ღირებულებას ჩვენ ნენეს გადავცემთ, თუ ხელს შევუწყობთ მის განათლებას. განათლება მგონია ყველაფრის საწყისი, მათ შორის პრობლემების მოგვარების საუკეთესო ალტერნატივა.
(გიორგი): ვეთანხმები სალომეს, თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე, მინდა კეთილი ადამიანი იყოს, თუმცა ნენე უკვე არის ძალზე კეთილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბეგიმ კბილებიც გაიხეხა, პირიც დაიბანა და ტანიც“ - რა კადრებს აქვეყნებს თბილისის ზოოპარკი
⭕დაგეგმილი მატჩის პერიოდში, ავტობუსების ნაწილი, პიკურ დროში, განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს
წყარო: okmagazine.ge