შობის მარხვა 2025 წელს 28 ნოემბერს დაიწყო და მორწმუნე მრევლი მას 6 იანვრის ჩათვლით ინახავს.
მარხვის მნიშვნელობაზე გაზეთი „ზმნა“-ს მკითხველს დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი ესაუბრა.
„ძველად ღირსებად ითვლებოდა, რომ სუფრასთან არ გაძღებოდი და არ დათვრებოდი. თრობა სირცხვილი იყო. კარგ მსმელად ითვლებოდა ის, ვინც ზედმეტი ბარბაცის და აყალმაყალის გარეშე ადგებოდა სუფრიდან და საცივში არ ჩაყოფდა თავს.
ორგანიზმი რომ ღირსეულ მდგომარეობაში დააბრუნო, მას თავშეკავებული ცხოვრება რომ შეეძლოს და არა მსუნაგობა, ამას მთლიანად თვისებების შეცვლა სჭირდება.
სწორად შეარჩიეთ, რას მიირთმევთ და იმაშიც ზომიერება დაიცავით. მაგალითად, მამა გაბრიელი მარხვაში ლობიოს არ ჭამდა. ამ დროს მშვენიერი სამარხვო საჭმელია და გვიყვარს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ძალიან უყვარდა ლობიო. მარხვაში თავისი თავისთვის თავისუფლება რომ არ მიეცა და სხეულის აღვირი მოჭიმული ჰქონოდა, ამიტომ არ იღებდა ლობიოს.
აი, ასეთი მიდგომა უნდა მარხვას. თავი უნდა შევიკავოთ. თუ ჭამის მოყვარე ვიქენი და ცოდვა - ნაყროვანება არ შევიჩერე, ეს მარხვა არ არის.
ნაყროვანებაა რომ არ გინდა, მაგრამ კიდევ ჭამ, მაინც ჭამ, რადგან ჭამის პროცესი გსიამოვნებს.
გემოთმოყვარეობაა - გემრიელია და იმიტომ ჭამ. ჭამის პროცესი განიჭებს სიამოვნებას.
ძველი ქართველი ამბობდა, „მუცელს თუ აღორებ - ღორია, თუ აქორებ - ქორიაო“. ბუნებაში როგორაა, მტაცებელმა შეიძლება დღეების მანძილზე არ მიიღოს საკვები, მაგრამ კი არ კვდება. ჩვენც ასე ვართ. უფალმა ნათლობის შემდეგ ფიზიკური სხეულით 40 დღე იმარხულა. შეგვახედა, რომ სხეულს აქვს ამის უნარი. უფალი იყო, მაგრამ ადამიანური ბუნებით იმარხულა. წმინდა მამები იგივეს აკეთებდნენ. დიდ მარხვაში საჭმელს არ იღებდნენ. ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით. ჩვენ შეგვიძლია ზომიერება დავიცვათ და ნაყროვანება ავირიდოთ“.