მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა უკვე დაასრულა. საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველად მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში, ორი პროგრამის ჯამში, 221,75 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრებიდან დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ოლიმპიადაზე მეცამეტე ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. ანასტასია გუბანოვამ ასპარეზობა მეცხრე ადგილზე დაასრულა, ეს კი საქართველოს მიერ ქალთა კატეგორიაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
ნიკა ეგაძემ მამაკაცთა კატეგორიაში ოლიმპიადაზე საქართველოს საუკეთესო შედეგი გაიმეორა და ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა. ხოლო ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
სამთო-სათხილამურო სპორტში საქართველოს ღირსებას ნინო წიკლაური და ლუკა ბუჩუკური იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 22 თებერვალს ვერონაში დაიხურება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ ვამტყუნებ ჩემს თაყვანისმცემლებს...“ - რა დააკარგვინა ნინი ბადურაშვილს ცნობადობამ?