დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.
ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება, მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება 3 130 348 ამომრჩეველს. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა პირველად ექნება 47 000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი, საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მიმართა.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია, რომელთა რიგითობა საარჩევნო ბიულეტენში ასეთია:
1. „მამული, ენა, სარწმუნოება“;
3. „კონსერვატორები საქართველოსთვის“;
5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
7. „თავისუფალი საქართველო“;
8. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
9. „ძლიერი საქართველო – ლელო“;
11. „საქართველო“;
12. „მწვანეთა პარტია“;
14. „სახალხო ხელისუფლება“;
25. „გახარია საქართველოსთვის“,
36. „გირჩი“;
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
ამასთან, თბილისში რეგისტრირებულია მერობის ცხრა კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ვე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია ოთხი კანდიდატი.
რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი – 160 კანდიდატი.
საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნების მიმდინარეობას გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.