„გვინდა გაცნობოთ სამწუხარო ინფორმაცია. ფოთის №15 საარჩევნო უბნის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე გახდა ცუდად, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალა. საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს“, - ამის შესახებ ცესკოს წარმომადგენელმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს და განმარტავენ, რომ ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია, ცესკოს ცნობით, არის მანიპულაციური და ემსახურება კენჭისყრის პროცესის დაზიანებას.
„საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ, გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს. ამიტომ კვლავ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და ხელი შევუწყოთ მათი ნების გამოვლენას მშვიდ გარემოში.
გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. ამიტომ გვინდა მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ, რომელიც დაფიქსირდა ამ დრომდე. სულ მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი. თუმცა ამ უბნებზე პროცესი არ შეჩერებულა და კენჭისყრა სხვა აპარატებით გრძელდება.
ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური და ემსახურება კენჭისყრის პროცესის დაზიანებას.
ვრცელდება ცრუ ინფორმაცია მარკირების სითხესთან დაკავშირებითაც. დაინტერესებული მხარეები ირწმუნებიან, რომ მარკირების სითხის ნაცვლად ამომრჩეველს წყალს ასხამენ. მე ახლა თან მაქვს მარკირების სითხე და მისი შესამოწმებელი ფანარი და ბრიფინგის დასრულების შემდგომ შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.
13:00 საათის მდგომარეობით საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 50 განცხადება/საჩივარი. რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა; უბნის გარეთ მომხდარი ფაქტი; აგიტაცია; უბნიდან გაძევება და დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა.
ცესკოში, ასევე, გამოეხმაურნენ ფოთის №15 საარჩევნო უბნის წევრის ნიკოლოზ ლომინაძის გარდაცვალების ფაქტს:
„გვინდა გაცნობოთ სამწუხარო ინფორმაცია. ფოთის №15 საარჩევნო უბნის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე გახდა ცუდად, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალა. საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს“, - აღნიშნეს ცესკოს ბრიფინგზე.