საქართველო სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.
გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში გამომწერებს ნიუ-იორკში მომხდარ ისტორიას უზიარებს, რომელიც მას „უბერის“ ტაქსის გამოძახებისას შეემთხვა.
ჭინჭარაულის თქმით, ტაქსი გამოძახებისას აღმოჩნდა, რომ მძღოლი უზბეკეთიდან იყო. ურთიერთობა ინგლისურ ენაზე რთული აღმოჩნდა, რის შემდეგაც გიორგი მას შესთავაზა, რომ რუსულ ენაზეც შეეძლო კომუნიკაცია. თუ როგორ განვითარდა ამის შემდგომ მოვლენები, გიორგის პოსტში წაიკითხავთ:
„ერთი ნიუიორკული ამბის მოყოლა დამავიწყდა ....
ტაქსის გამოძახება მომიწია „უბერის“ აპლიკაციით..
წინა დღეს 12 დოლარამდე გადავიხადე..
გამოვიძახე, აღმოჩნდა რომ იქვე იდგა, ხელით მანიშნა და რომ მივხვდი ეს მანქანა იყო გამოძახებული, წავედი, ჩავჯექი..
სახეზე ეტყობოდა ამერიკელი არ იყო... არც სადმე მეზობელი ქვეყნებიდან....
ინგლისურად გამომელაპარაკა: „როგორ ხარო მკითხა“, მეც მოვიკითხე და სულ ეგ იყო..
სანამ დავიძარით, აპლიკაციას პრობლემა შეექმნა და მისამართს აღარ წერდა, სადაც მივდიოდით..
მოუწია გათიშვა..
ამასობაში დამტვრეული ინგლისურით ახსნა დაიწყო, ვკითხე სადაური ხარ-თქო, უზბეკეთიდან იყო..
რომ ვერ გამარკვია ინგლისურად, მეთქი მოდი ძმა, „ოკუპანტურად“ ვისაუბროთ.... გაუხარდა, რომ მისთვის უკეთესი საკონტაქტო ენა მონახა, ამიხსნა აპლიკაციას გავთიშავო და მაპით წავიდეთ, ბევრს არ გამოგართმევო...
დავიძარით...
მკითხა რას ვაკეთებდი, რატომ ვიყავი, რა სფეროში ვიყავი..
ვუთხარი ჩემი ძმაც აქ მუშაობს და მის სანახავად ჩამოვედი, ისე ექიმი ვარ, ძალოსნებთან ვმუშაობ და უზბეკეთშიც ორჯერ ვარ ნამყოფი-თქო..
ორი ოლიმპიური ჩემპიონის სახელი და გვარი მითხრა, თუ იცნობო, მეთქი ვიცნობ, საერთო ფოტოებიც ვაჩვენე..
აღფრთოვანდა..
ამასობაში გავიარეთ ეს რამდენიმე კმ და მივედით დანიშნულების ადგილას...
რამდენი გადაგიხადო-თქო..
არაფერიო..
მეთქი შანსი არაა..
გაიგიჟა თავი...
ვეძებ საფულეში და 10 დოლარიანი მაქვს, 100 დოლარიანთან ერთად...
ვაწვდი 100 დოლარს მეთქი აიღე რამდენიცაა, არაო, ჩადი და კარგად იყავიო..
ძალს მე და ძალს ის..
ის 10 დოლარიანი ჩავუგდე წინა სავარძელზე...
არ მიდიოდა..
ბოლოს მეძახის, 5 დოლარს დავიტოვებ და 5 წაიღე, არ მინდა ამდენიო...
მაგრამ ხელით დავემშვიდობე და სახლის კიბეებზე ავედი...
ჰო და რისი თქმა მინდოდა ხალხო..
კაცი გადახვეწილი სამუშაოდ, ოჯახს მოშორებული, დღეს და ღამეს ასწორებს, არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა ჩემს წინაშე... მაგრამ მაინც გადაწყვიტა, ის ელემენტარული პატივისცემა გამოეხატა თავისი ქვეყნის სახელით, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლისადმი..
გაუმარჯოს იმ კარგ კაცს!
და ყველა კარგ ადამიანს მისი თამადობით“,- წერს გიორგი ჭინჭარაული.