Digest Logo

„ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხეული დანაყრებულია, თუმცა გონება საკვებზე ობსესიურ ფიქრს მაინც აგრძელებს“ - ნატა გაგუა „კვებით ხმაურზე“

1781000015
ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს, სადაც „კვებითი ხმაურის“ შესახებ საუბრობს.

თუ გქონიათ შეგრძნება,  თქვენი გონება საჭმელზე ფიქრს არასდროს წყვეტს, მაშინ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ:

„გქონიათ შეგრძნება, რომ თქვენი გონება საჭმელზე ფიქრს არასდროს წყვეტს? ახალი ნასადილევი ხართ, მაგრამ ტვინი უკვე მომდევნო კვებას გეგმავს, კალორიებს ითვლის ან ტკბილეულის დაუძლეველ სურვილს ებრძვის. ამ დამღლელ, უხილავ შინაგან ბრძოლას თავისი სახელი აქვს — ეს „კვებითი ხმაურია“.

ტერმინი „კვებითი ხმაური“ (Food noise) აღწერს საჭმლის შესახებ მუდმივ და აკვიატებულ ფიქრებს, რომლებიც საერთოდ არ არის დაკავშირებული ორგანიზმის ფიზიკურ შიმშილთან. მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურ ფსიქიატრიულ დიაგნოზს არ წარმოადგენს, თანამედროვე მეცნიერება მას კლინიკურად მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ კონსტრუქტად განიხილავს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხეული დანაყრებულია, თუმცა გონება საკვებზე ობსესიურ ფიქრს მაინც აგრძელებს. ეს მუდმივი კოგნიტიური ტვირთი ადამიანს ყოველდღიურობას საგრძნობლად ურთულებს.

რა იწვევს ამ შეუჩერებელ ფიქრებს?

მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს ნებისყოფის არქონა ან პიროვნული სისუსტე სულაც არ არის. კვებითი ხმაურის მექანიზმი ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნეირობიოლოგიის დონეზე იქმნება. თანამედროვე კვლევების თანახმად, ეს ფენომენი არის ტვინის ჯილდოს სისტემის ჰიპერრეაქტიულობის შედეგი საკვებ სიგნალებზე.
უფრო კონკრეტულად კი, ნეირობიოლოგიურ დონეზე ირღვევა კომუნიკაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ტვინს შორის. ნორმაში, კვების შემდეგ გამოყოფილი საინფორმაციო მოლეკულები — როგორიცაა ინკრეტინი GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) და მაძღრობის ჰორმონი ლეპტინი — ტვინს დანაყრების სიგნალს აწვდიან. თუმცა, ულტრა-დამუშავებული საკვების მუდმივი მოხმარებისა და ქრონიკული დისტრესის ფონზე, ორგანიზმში ყალიბდება ჰორმონალური დისრეგულაცია (მათ შორის ლეპტინორეზისტენტობა), რის გამოც ტვინი ვეღარ „ხედავს“ მაძღრობის სიგნალებს.

სამაგიეროდ, ის ბრმად ეყრდნობა დოფამინურ ტალღებს, რომლებიც ზედმეტად აქტიურდება მაცდუნებელი საკვების დანახვისას, სურნელის შეგრძნებისას ან მასზე გაფიქრებისას. ტვინი მუდმივად ითხოვს ამ ჯილდოს, რაც ქმნის იმ ობსესიურ რუმინაციას, რომელსაც პაციენტები „ხმაურს“ უწოდებენ.

როგორ აისახება ეს ქცევაზე?

ფიქრების ასეთი აკვიატებული ციკლი მხოლოდ შინაგან დისკომფორტს არ იწვევს; ის პირდაპირ აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ფიზიკურ ქცევაზე. ინტენსიური კვებითი ხმაური უშუალოდ უკავშირდება არაადაპტაციურ კვებით ჩვევებს. ის ხშირად ხდება მთავარი მამოძრავებელი ძალა ისეთი პათოლოგიური კვებითი „პატერნების“ უკან, როგორიცაა ემოციური ჭამა, კომპულსიური გადაჭარბებული კვება (Binge eating) და მუდმივი წახემსება.

უფრო მეტიც, როდესაც ადამიანი იწყებს მკაცრ დიეტას წონის კლების მიზნით, ორგანიზმი კალორიების დეფიციტს საფრთხედ აღიქვამს. კალორიული დეფიციტის ფონზე ჰორმონალური ბალანსი მკვეთრად იცვლება: იზრდება შიმშილის ჰორმონი (გრელინი) და მცირდება მაძღრობის სიგნალები. სხეული, გადარჩენის ევოლუციური მიზნით, კვებით ხმაურს კიდევ უფრო აძლიერებს. სწორედ ეს ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური წნეხი ხდება ხშირად დიეტის დარღვევისა და დაკლებული კილოგრამების უკან დაბრუნების მთავარი მიზეზი.

„კვებითი ხმაური“ არის რეალური, კომპლექსური ნეირობიოლოგიური და ჰორმონალური ფენომენი. მისი გაცნობიერება უმნიშვნელოვანესია, რადგან ის გვეხმარება გავთავისუფლდეთ დანაშაულის განცდისგან — მივხვდეთ, რომ ეს ორგანიზმის არასწორი ბიოლოგიური რეაქციაა და არა პიროვნული სისუსტე.

თუ ტვინი თავად გვიბიძგებს მუდმივი კვებისკენ, იქნებ დროა, ბრძოლის სტრატეგია შევცვალოთ და ნებისყოფის ნაცვლად, ფოკუსი ნეირობიოლოგიური სიგნალების დარეგულირებაზე გადავიტანოთ?“, - წერს ნატა გაგუა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„თქვენი დროა, ვარსკვლავური პერიოდი გაქვთ, ამიტომ იაქტიურეთ!“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„არავის ენდოთ საკუთარი სულის და ჭეშმარიტი ღმერთის გარდა, ყველა სულიერი მასწავლებელი ჩვეულებრივი მოკვდავია...“ - რას წერს რუსუდან კვირიკაშვილი

„თეატრს მასზე უზომოდ შეყვარებული და ერთგული კაცი გამოაკლდა“ - მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე გარდაიცვალა