Digest Logo

„კიდევ ერთი ჯოჯოხეთი ბავშვების ცხოვრებაში. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, რადგან თუ ხმას ამოიღებ, მერე უზარმაზარი შიში მოდის“ – მაია ცირამუა

1625858700
ჩვილი და დედა

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დღენაკლული ბავშვების და მათ დედების შესახებ წერს. 

როგორც ფსიქოლოგი წერს, ამაზე საუბარი დღეს უჭირთ და ექიმებსაც დედების მიმართ აქვს უხეში დამოკიდებულება.

„ჩემთვის სრულიად შოკის მომგვრელი იყო იმის გაგება და განცდაც, თუ რა დღეში არიან საქართველოში ე. წ. დღენაკლული ბავშვები ანუ ბავშვები, რომლებიც ადრე მოევლინენ სამყაროს, მაგალითად, მე-7 ან მე-8 თვეზე … სრულიად ახალ და სასტიკ სინამდვილეს შევეჩეხე.

მოკლედ რა ხდება – დღენაკლული ბავშვები გადაჰყავთ ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც ისინი სრულიად მოკლებულნი არიან დედასთან ურთიერთობის შესაძლებლობას. დღეისათვის საქართველოში არსებული პრაქტიკა გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირი იყოს შენარჩუნებული.

დედას, თუ ბავშვი დღენაკლულობის გამო კლინიკაში რჩება, მხოლოდ კვირაში ერთხელ აქვს ჩვილის მონახულების, მასთან შეხების შესაძლებლობა. ვინც მიჯაჭვულობის ფენომენს იცნობს კარგად იცის, რომ ბავშვი მშობლებს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან „იცნობს”, დაბადება ერთ-ერთი სერიოზული ტკივილია ადამიანისთვის, ის ტოვებს ყველაზე უფრო თბილ და კომფორტულ გარემოს და მისი სიცოცხლისუნარიანობისათვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მისი უსაფრთხოების ბაზისსთან – მშობლებთან ახლოს ყოფნას (შეხება, მათი ხმის გაგონება …) ეს ისევე მნიშვნელოვანია (შეიძლება მეტადაც) ჩვილისთვის, როგორც სამედიცინო მკურნალობა, რომელსაც ის კლინიკაში გადის.

რაც შეეხება დედას, ზოგადად მშობელს, მიუხედავად იმისა, რომ შვილის შეძენა უზარმაზარ სიხარულთანაა დაკავშირებული – სტრესულიცაა. ასეთ მგრძნობიარე პერიოდში ქალი რჩება შვილის გარეშე, მას ხშირად მასთან მიახლოების, შეხების, როგორც ირკვევა მისი მოკითხვის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგების შესაძლებლობაც კი არ აქვს.

უხეში დამოკიდებულება ექიმებისგან, მუდმივი აქცენტირება იმაზე, რომ „თავი ხელში აიყვანო”… რა არის იმაზე უფრო ბუნებრივი, რაც მშობლებს ამ დროს სჭირთ, ისინი საკმაოდ მძიმე სტრესულ მდგომარეობაში არიან და მათი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, როგორც მშობლების, ასევე ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

მოკლედ, კიდევ ერთი ჯოჯოხეთი ბავშვების ცხოვრებაში. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, რადგან თუ ხმას ამოიღებ მერე უზარმაზარი შიში მოდის – “ჩემი შვილის სიცოცხლე მათ ხელშია”.

მოკლედ, ყველა დეტალს ალბათ ამ სტატუსში ვერ მოვყვები და დარწმუნებული ვარ ეს რომ იცოდეს წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭომ, აუცილებლად მიანიჭებდა მედიკოსების მხრიდან ჩვილისა და მისი მშობლების მიმართ ამდაგვარ დამოკიდებულებას – არაჰუმანური მოპყრობის კვალიფიკაციას.“ – წერს მაია ცირამუა.