რა ხდება მაშინ, როდესაც გულწრფელად ცდილობ რაღაცის „დამტკიცებას“, მაგრამ გარშემო არავინ გიჭერს მხარს? პირიქით ჯიუტად საპირისპიროში გარწმუნებენ, მსხვერპლის როლში გაყენებენ და გიქმნიან ტოქსიკურ ილუზიას, თითქოს პრობლემა მხოლოდ შენშია და ყველაფერს უბრალოდ „იგონებ“?
წარმოიდგინე სიტუაცია: შინაგანი ხმა, ინტუიცია და სხეული გკარნახობს, რომ პარტნიორი გღალატობს. შენ ამას გრძნობ, მაგრამ ხელთ ხელშესახები მტკიცებულებები არ გაქვს. როდესაც სიმართლის პოვნას და ამაზე საუბარს ცდილობ, საპასუხოდ იღებ მანიპულაციას, თავდასხმას და ემოციურ ბულინგს. გაბრალებენ პარანოიას, ისტერიას, არაადეკვატურობას.
ნელ-ნელა გიჩნდება საშინელი განცდა: „იქნებ მართლა მე ვგიჟდები?“ კარგავ საკუთარი რეალობის საყრდენს, რადგან გარემოცვაც კი ამ ილუზიას უჭერს მხარს.
მაგრამ გადის დრო, თუნდაც ერთი წელი. შენი ფსიქიკა იფიტება მუდმივი ბრძოლით და თავდაცვით, ამიტომ ერთ დღესაც, გადარჩენის ინსტინქტით, ამ სიტუაციას უბრალოდ უშვებ. საერთოდ აღარ გადარდებს, აღარც გაინტერესებს და აღარც ეძებ და ზუსტად ამ დროს, როცა ეს ყველაფერი სულაც აღარ გჭირდება, სიმართლე თავისით გპოულობს. ის მოდის შენამდე, სრულიად მოულოდნელად და იგებ, რომ მთელი ეს დრო მართალი იყავი.
რატომ მუშაობს ფსიქიკა და ცხოვრება ამ უცნაური, ხშირად მტკივნეული კანონზომიერებით?
როგორც ფსიქოლოგი, ამ დინამიკას რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპად დავყოფდი:
პირველ ეტაპზე, როდესაც პარტნიორი გულწრფელი დიალოგის ნაცვლად თავდასხმაზე გადმოდის და აგრესიით ცდილობს შენი ეჭვების გაუფასურებას, ჩვენ საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურ ტერორთან, რასაც მეცნიერულად გაზლაითინგი ჰქვია. მანიპულატორის მიზანია, ეჭვმიტანილიდან ბრალმდებლად იქცეს. ის გაიძულებს, ეჭვი შეიტანო საკუთარ საღ აზრში. როდესაც ამას ახლობლების მხარდაჭერის არარსებობაც ემატება, ადამიანი სრულ იზოლაციაში ექცევა. სხეული და ინტუიცია ყვირის, რომ გარემო უსაფრთხო არ არის, მაგრამ გონება პარალიზებულია, რადგან რეალობის გადამოწმების წყარო არ გაგაჩნია.
რატომ წყვეტს ადამიანი მტკიცებას და რატომ მოდის სიმართლე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ?
იმიტომ, რომ ფსიქიკის რესურსი ამოუწურავი არ არის. მუდმივ სტრესში ყოფნას ადრე თუ გვიან ენერგიის სრული გამოფიტვა მოსდევს.
შენ იღებ გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებას, რომ აღარ დახარჯო სიცოცხლე იქ, სადაც კედელს ეჯახები.
აქ ირთვება საინტერესო ფსიქოლოგიური და ენერგეტიკული კანონზომიერება - სანამ რაღაცას სასოწარკვეთილი ებღაუჭები, იქ ქმნი უზარმაზარ დაძაბულობას და წინააღმდეგობას.
როგორც კი ემოციურად დისტანცირდები, სივრცე თავისუფლდება. საიდუმლოებებს კი აქვთ ბუნებრივი თვისება, დროთა განმავლობაში ისინი ყოველთვის ამოდიან ზედაპირზე.
როდესაც სიმართლეს იგებ მაშინ, როცა ის უკვე აღარ გჭირდება პარტნიორთან ურთიერთობის გადასარჩენად, რეაქცია იშვიათადაა ხოლმე ხმამაღალი ტრიუმფი ან ბრაზი. ყველაზე ხშირად ეს არის ღრმა, მშვიდი სევდა და... გათავისუფლება.
ეს გვიანი სიმართლე შენთვის უკვე აღარ არის იარაღი სხვასთან საბრძოლველად, რადგან შენმა ფსიქიკამ ეს ტრავმა პარტნიორის აღიარების გარეშეც გადაამუშავა. თუმცა, ეს მომენტი არის უდიდესი ფსიქოლოგიური კომპენსაცია საკუთარ თავთან დასაბრუნებლად. ეს არის დასტური, რომ შენი შინაგანი კომპასი, შენი ინტუიცია და აღქმა მთელი ამ დროის განმავლობაში უშეცდომოდ მუშაობდა. შენ არ გიჟდებოდი შენ უბრალოდ არასწორ ადამიანს უმტკიცებდი შენს სიმართლეს.
ეს გამოცდილება გვასწავლის უმთავრესს: ყველაზე დიდი გამარჯვება არის არა ტოქსიკური პარტნიორის მხილება, არამედ საკუთარი თავის მხარდაჭერა მაშინ, როცა მთელი სამყარო საპირისპიროში გარწმუნებს. სიმართლე ადრე თუ გვიან მაინც მოვა, მაგრამ მთავარია, მის მოსვლამდე შენ უკვე ფლობდე საკუთარ თავს.
როდესაც ადამიანი ასეთი მძიმე ემოციური ტერორისა და ტყუილის შემდეგ სიმართლეს იგებს, ისედაც განადგურებულია. ამ დროს გარშემომყოფების მხრიდან გამოთქმულმა „კეთილმოსურნე“ ფრაზებმა შესაძლოა, ხელახალი ტრავმა მიაყენოს მას.
1. „ხომ იცოდი/ხომ გრძნობდი, რაღატომ ტყუვდებოდი?“
ეს ფრაზა პირდაპირ ადანაშაულებს მსხვერპლს იმაში, რომ ის დიდხანს დარჩა ურთიერთობაში. რეალურად, მას კი არ „უნდოდა მოტყუება“, არამედ მასზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, სიყვარულის გაშვება უჭირდა, რის გამოც საკუთარ ინტუიციას ებრძოდა. ეს კითხვა ადამიანს უჩენს სირცხვილისა და დანაშაულის განცდას.
2. „აქამდე სად იყავი, თავიდანვე რატომ არ წამოხვედი?“
ეს ფრაზა აუფასურებს იმ ფსიქოლოგიურ ხაფანგს, რომელშიც მსხვერპლი იმყოფებოდა. როცა ადამიანს სისტემატურად უმტკიცებენ, რომ ის „გიჟია“ და ყველაფერს იგონებს, მას ფიზიკურად აღარ აქვს ძალა და საყრდენი, რომ ადგეს და წავიდეს.
3. „ეგ ხომ ისედაც ყველამ იცოდა, შენ როგორ ვერ ხვდებოდი?“
ყველაზე დამაზიანებელი ფრაზაა. ის ადამიანს უქმნის განცდას, რომ მთელი სამყარო მის ზურგს უკან იცინოდა, რაც მყისიერად ანგრევს სოციალურ ნდობას. ადამიანი კარგავს რწმენას არა მხოლოდ ყოფილი პარტნიორის, არამედ საერთოდ ადამიანების მიმართ.
თუ მსგავსს პერიოდს გადიხარ, გახსოვდეს, რომ : შენი ბრალი არ არის, რომ ენდობოდი მას, ვინც შენს ნდობას სულაც არ იმსახურებდა.
მსხვერპლს ამ დროს სჭირდება არა ჭკუის სწავლება ან წარსულის ანალიზი, არამედ მისი ტკივილის აღიარება, უსაფრთხო გარემო და იმის დასტური, რომ ის ახლა მარტო არ არის.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჯემალ ღაღანიძის მეუღლე ლენა ღაღანიძე-გერმესაშვილი გარდაიცვალა - რას წერს შვილიშვილი
⭕ია დუდაშვილმა იმიჯი შეიცვალა? - „გიხდებათ, მაგრამ ახლა არა, ეს უფრო 55+ სტილია“