Digest Logo

„რა უნდოდა ირინა ენუქიძეს, ან მალხაზ მაჩალიკაშვილი რისთვის იბრძვის?! განა მათ არ იციან, რომ მკვდარ შვილს ვეღარაფერი გაუცოცხლებთ“... - მაია ცირამუა

1637754192
მაია ცირამუა

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ვარდების რევოლუციიდან გასულ 18 წელს აჯამებს და წერს, თუ რა სიკეთე მოუტანა ქვეყანას რევოლუციის შემდეგ მოსულმა მთავრობამ, ამასთან ცირამუა ხაზგასმით აღნიშნავს, რამდენად დააზარალა ამავე მთავრობამ უამრავი ადამიანი  და როგორი გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვეს მათ.

ფსიქოლოგი მმართველი გუნდის საქმიანობასაც მიმოიხილავს, ახლანდელ და ყოფილ ხელისუფლებას შორის პარალელებს ავლებს და წერს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სინანულს დაშავებული ადამიანისთვის და რამდენად მძიმე მისაღწევია ეს გრძნობა მოძალადისთვის.

„ვარდების რევოლუციაზე“ მეც ვიტყვი, გუშინ არ დავწერე, რადგან აქ საზეიმო განწყობა იყო და არ მინდოდა სევდიან ამბებზეც მეთქვა. მახსოვს მაშინ როგორი აღფრთოვანებული ვიყავი, ისიც მახსოვს რამხელა შვება იყო, რომ ბოლოს და ბოლოს ხელისუფლება დათმო ადამიანმა, რომელიც ბაღის ასაკიდან მახსოვდა წამყვან თანამდებობებზე და მართლა გამიჩნდა განცდა, რომ სხვა ქვეყანაში ვიწყებდით ცხოვრებას, ხელისუფლებაში ჩემი თაობის პროგრესული ადამიანები მოვიდნენ და მართლაც ბევრი რამ შეცვალეს. ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსა, მაიკლ სქოულის ხატი გაქრა ჩვენი ცნობიერებიდან და სინათლე და იმედი შემოვიდა - აქ მეტწილად გაცხადებულ ევროინტეგრაციის კურსს, ჩვენი ქვეყნით დასავლეთის დაინტერესებას და დემოკრატიული ფასეულობებისკენ სვლას ვგულისხმობ.

ამის პარალელურად ბევრი უსამართლობა მახსოვს. რომლებსაც არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. არცერთი ადამიანი არ დამვიწყებია, რომელსაც ზიანი მიაყენა რეჟიმმა - არც წინა და არც ახლანდელი.
როცა ხელისუფლებიდან მიდიხარ, ალბათ ცხოვრება შანსს გაძლევს გვერდიდან შეხედო საკუთარ თავს, რაღაცები გადააფასო, გაუგო იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობას ებრძვიან. არ ვიცი ეს შანსი როგორ გამოიყენა ნაციონალურმა მოძრაობამ. არ ვიცი როდის მიხვდება „ოცნების“ მთავრობა რას დაამსგავსა ეს ქვეყანა და როგორი გაუსაძლისი გახადა აქ ცხოვრება. ერთადერთი დასკვნა გამომაქვს - ხელისუფლებაში ყოფნა ემპათიის და სამართლიანობის განცდას აკარგვინებს ადამიანებს და თავის გამოგონილ სისულელეებში გადაბარგდებიან ხოლმე, საკუთარ მომხრეებთან ერთად.

ალბათ გავა დრო და მომავალი თაობები ობიექტურად შეაფასებენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ 18 წელს.
აღდგენით მართლმსაჯულებას აქვს ერთი ჯადოსნური ხერხი - მსხვერპლი და მოძალადე ერთმანეთის პირისპირ სხდებიან და ერთმანეთის ტყავში ძვრებიან, ასე იგებენ ზიანს, ტანჯვას, უსამართლობის განცდას, რაც დაზარალებულს მიადგა. მერე იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი, მოძალადეში იღვიძებს სინანული, ეს ის განცდაა, როცა გული გეგლიჯება ტკივილით, თანაგრძნობით და მოდის იმპულსი რაღაც გააკეთო იმისათვის, რომ მსხვერპლს ტკივილი შეუმსუბუქო. და რა უნდა მსხვერპლს? რა უნდოდა ირინა ენუქიძეს ან მალხაზ მაჩალიკაშვილი რისთვის იბრძვის?! განა მათ არ იციან, რომ მკვდარ შვილს ვეღარაფერი გაუცოცხლებთ, ერთი ცრემლიც კი, თანაგრძნობით რომ ჩნდება მოძალადის თვალში, ერთი ცრემლიც კი საკმარისია ზოგჯერ პატიებისთვის. მაგრამ ეს ერთი ცრემლი დიდი პროცესის შედეგია, რომელიც მოაქვს ფიქრს, გადაფასებას, აღიარებას და უბრალოდ შენში ადამიანის გაღვიძებას“, - წერს ცირამუა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩვენს ქვეყანაში პროპორციები, სამწუხაროდ, ბოლო ორი ვარიანტისკენ იხრება“ - კულუმბეგოვი

🔵„დღეს ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება“ - რა გელოდებათ დღიდან?

🔵„ტელეფონი ჩართული დარჩა და მესმოდა როგორ ლოცულობდა ჩემზე, მისივე გამოგონილი სიტყვებით“ - ემიგრანტი შვილის ემოციური წერილი 

🔵24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵გიორგი გასვიანის 8 თვის ორსული ცოლი „პფაიზერით“ აიცრა 

🔵„ჩემი ქმრისთვის ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი“ - რატომ დაშორდა ქეთი ჩხეიძე ქმარს?

🔵„საზოგადოებაში მაინც არსებობს მიდგომა, წადი, სახლში აჭამე ან როცა ძუძუთი კვებავ ქუჩაში, გადააფარე“... - მარიამ ნადირაძე