
ძლიერი, გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა.
სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის იყო 23 წლის გოგო ივლიტა ჯიბუტი.
გარდაცვლილი გოგოს მამა, სასულიერო პირი, მამა გიორგი (ჯიბუტი) ტრაგედიის ღამეს იხსენებს და ივლიტას გარდაცვალების შემდგომ ცხოვრების სირთულეზე საუბრობს.
„ღმერთმა მაჩუქა ივლიტა, ორი თანაც… როცა დაიბადა ივლიტა, სიხარულის გრძნობა მქონდა რა თქმა უნდა, რომ გრძელდება სიცოცხლე ჩემი შვილის ამ პატარების სახით. მადლობელი ვარ ჩემი შვილების, რომ ეს სახელი დაარქვეს. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ორივეს ჰქვია ივლიტა.
სიხარულის გრძნობაა, მაგრამ ჩემ შვილს ხომ ვერ შეცვლის თავისთავად.
13 ივნისის საღამოს, როცა სახლშიც შემოაღწია წვიმამ, ჩემს შვილს დავურეკე, ორშაბათს გამოცდა ჰქონდა და დავრეკე, რომ ბავშვებს წვიმის არ შეშინებოდათ. ივლიტამ მიპასუხა, რომ დათო სახლშია და მეც დავმშვიდდი. 12-ის ნახევარზე კი უკვე დათომ დარეკა, ჩქარა სახურავზე ვართ და მაშველები გამოიძახეო.
დავრეკეთ. გამოაგზავნეს მაშველები. დაახლოებით, 10-15 წუთში მოვიდნენ. ვეუბნებოდი, ნუ გეშინია, მოვდივართ.
ვეღარ მივუსწარით… ჩემი სიძე დავინახე წყლიდან ამოდიოდა და ყვიროდა.ძნელია, წარმოუდგენელია, მშობელმა შვილი დაკარგოს. მანამდე ხშირად მიფიქრია, რომ ღმერთო, ჩიტსაც ნუ მოუკლავ შვილს, მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება.მე 5 შვილიშვილი მყავს და ყველას თავისი ყურადღება და მოფერება სჭირდება.
ახლა მონატრება უფრო მეტია…“- აცხადებს ივლიტა ჯიბუტის მამა „მთავარ არხთან.“