
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. მიღებული ქულების სიხარულს აბიტურიენტები აქტიურად აზიარებენ სოციალურ ქსელებში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, დები აიდან და ლემან ასკეროვები, მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით მოხვდნენ წარმატებულ აბიტურიენტთა შორის.
ორივე მათგანი ერთდროულად შევიდა პირველ კლასში და სკოლის დამთავრებამდე საერთო სასწავლო გზას გადიოდა. აბიტურიენტობის პერიოდშიც საერთო მიზანი ჰქონდათ – გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სამართლის ფაკულტეტზე სწავლა.
ლემან ასკეროვამ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 59 ქულა 60-დან, ხოლო ინგლისურ ენაში 51 ქულა 70-დან დააგროვა. აიდან ასკეროვამ ქართულში 57/60, ინგლისურში კი 58/70 ქულა მიიღო.
„ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, როდესაც შედეგები გავხსენი დასთან და დედასთან ერთად. ორივე დები ვაბარებდით და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მოლოდინი იყო ოჯახში. მთელი წელი დაუღალავად ვშრომობდი და მიხარია, რომ ასეთი შედეგები ავიღე. თითქმის ერთნაირი ქულები გვაქვს მე და ჩემს დას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა პედაგოგს, სკოლას და განსაკუთრებით დედას, რომელიც მუდამ გვაძლევდა ძალას. მომავალში სამართლის მიმართულებით გვინდა სწავლა გავაგრძელოთ და ორივე ადვოკატობას ვაპირებთ“, – ამბობს აიდან ასკეროვა.
„შეუდარებელი და უტკბილესი გრძნობა იყო ქულების ნახვა. გამიხარდა, რომ უშედეგოდ არ ჩაიარა შრომამ და უძილო ღამეებმა. ამ პერიოდში ვისწავლე, რომ წარმატებისთვის ბრძოლა რთულია, მაგრამ ყოველთვის გამოიღებს შედეგს. მადლობა მშობლებს, განსაკუთრებით დედას და დას, რადგან ერთმანეთს გვერდში ვედექით. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პედაგოგებს – ნიკა ბურძენიძეს (ქართული ენა და ლიტერატურა) და ქეთევან გაბაშვილს (ინგლისური ენა) – მათი მხარდაჭერა შეუფასებელია“, - ამბობს ლემანი.
ერთიანი ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა სია ამ ეტაპზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე დახვეწილი, შარმიანი“ - სალომე ღვინიაშვილის მოგზაურობა საბერძნეთში გრძელდება
⭕„ტემპერატურა კვლავ დაბალ ნიშნულზე დარჩება...“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე
⭕„მაგრად უნდა მყავდე და ძალიან დიდხანს, შენებური ამბებით…“ - გიორგი ჭოხონელიძე იუბილარია
წყარო: www.marneulifm.ge