Digest Logo

ბედნიერება მადლიერებაშია - შალვა კეკელიას ბლიც-ინტერვიუ

1602769989
დეკანოზი შალვა კეკელია

დაიჯესტის“ რუბრიკის ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია დეკანოზი შალვა კეკელია:

საუკეთესო რამ, რაც წელს შენს ცხოვრებაში მოხდა

აღდგომის დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნა.

როდის და სად იყავი ყველაზე ბედნიერი შენი ცხოვრების განმავლობაში?

როდესაც პირველად ვეზიარე.

რა არის შენთვის სრულყოფილი ბედნიერება?

ბედნიერება არის მადლიერება. როდესაც ადამიანი ღვთის წინაშე მადლიერია, ის ბედნიერიცაა.

რომელი სიტყვა გიყვართ ყველაზე ძალიან?

მიყვარხარ.

რისი ხმა გაღიზიანებთ ?

ყვირილი არ მსიამოვნებს, შინაგანად მანგრევს.

რა არის შენი ხასიათის მთავარი შტრიხი?

ძალიან ფიცხი ხასიათი მაქვს. ზოგ შემთხვევაში ეს დადებითიც არის, თუმცა მუდმივად ვებრძვი ამ ხასიათს.

რა არის მეგობრობა?

ჩემთვის მეგობრობა არის, როდესაც ადამიანი შენი სიხარულით ხარობს. იმიტომ, რომ გაჭირვებას შური არ ახლავს. ცუდი მდგომარობა ვერ შეგშურდება, სიხარულმა და წარმატებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს შურის მომენტი. როცა შენი მეგობრის წარმატება პირად კეთილდღეობაზე უფრო მეტად გახარებს, ესაა მეგობრობა.

რისი გშურს?

კონკრეტულად არ ვიცი რისი შემშურებია, მაგრამ შური, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანში, ჩემშცაა.

რა არის თავისუფლება?

პავლე მოციქულს აქვს თავისუფლების საოცარი ახსნა. ის ამბობს - მე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ის რისი გაკეთებაც შემიძლია, ყველაფერი სასარგებლო არ არისო. გავარკვევ ღმერთთან რა არის სასარგებლო და მხოლოდ იმას გავაკეთებო. თავისუფლება შენი აზრების და ფიქრების კონტროლი და იმ საქმის კეთება მგონია, რაც სხვას არ აზიანებს.

რა იწვევს თქვენში აღფრთოვანებას?

ყველაზე მეტად მახარებს და აღფრთოვანებას იწვევს, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანებს ერთმანეთი გულწრფელად უყვართ. როცა ვხედავ, რომ ადამიანები ერთმანეთს არ მტრობენ, ეს ძალიან მახარებს და აღმაფრთოვანებს.

ადამიანებში რა თვისებები მოგწონთ?

ადამიანებში ყველაზე მეტად თავმდაბლობას ვაფასებ. აგრეთვე, როცა ერთ ადამიანს მეორესთვის თავის გაწირვა შეუძლია. მომწონს ადამიანი, რომელიც ცდილობს, ყველა და ყველაფერი უყვარდეს და მომწონს, როცა ადამიანი სულის გადარჩენას ცდილობს.

რა არის სიყვარული?

სიყვარული არის ღმერთი. სიყვარულია ის, რაც გაკეთილშობილებს და რაც შენ ცოდვის ჩადენის საშუალებას არ გაძლევს. ჩემთვის სიყვარულია ის, რასაც სიკეთისკენ მიჰყავხარ და ღმერთთან გაახლოებს.

თუ ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?

არ ვიცი, რა მინდა მითხრას ღმერთმა, მაგრამ მე პირველ რიგში მინდა, რომ მის წინაშე გამართლებული წარვსგდგე და შენდობას ვთხოვდი იმის გამო, რომ ბოლომდე ვერ შევიცანი და სათანადო პატივი ვერ მივაგე.