Digest Logo

„16 წლის დაოჯახდა, დედამთილმა ქმრის ფეთქებადი ხასიათის შესახებ გააფრთხილა... ქმარმა თეონას დანა 15–ჯერ ჩაარტყა“ - გაუხმაურებელი ამბავი

1628342457
პოლიციის ლენტი

2017 წლის 10 აპრილს, თბილისიდან 220 კმ–ში ასპინძის რაიონში 35 წლის მანუჩარ ზაზაძემ 27 წლის მეუღლეს, თეონა ბერიძეს, დანა 15–ჯერ ჩაარტყა მუცლის არეში.

ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა ღამის 1 საათზე მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.

მათ ორ შვილს მაგ პერიოდში ეძინა.

მკვლელობის მთავარი მოწმე მსხვერპლის და, თეა ბერიძე არის.

თეონას თავისი დისთვის მანამდე უთქვამს: „ამაღამ ჩემი ქმარი შინ არ იქნება, მარტო დარჩენის მეშინია და ღამე ჩემთან გაათენეო.“

ზაზაძე ბორჯომიდან შუაღამისას მაინც დაბრუნდა. მთვრალი იყო. ცოლს უთხრა, „წამოდი სამზარეულოში, ლუდი დავლიოთო“.

თეონა გაჰყვა, მან კი კარი ჩაკეტა.

თავიდან ხმადაბალა საუბრობდნენ, მაგრამ მალე ჩხუბის ხმა გამოვიდა.

თეას დის დახმარება უნდოდა, მაგრამ ვერ შეეძლო.

როდესაც ცოლი მოკლა, ზაზაძემ თეას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავისა და სხეულის არეში და გაიქცა.

„მეზობელთან წავედი სასწრაფო დახმარებისა და პოლიციისთვის რომ დამერეკა, მალე მოვიდნენ, მაგრამ ჩემი და უკვე გარდაცვლილი იყო“, - ამბობს თეა.

ზაზაძე სხვა კაცის გამო ეჭვიანობდა.

როდესაც ცოლი მოკლა, ნაჯახს დაავლო ხელი და ვისზეც ეჭვიანობდა იმის მოსაკლავად წავიდა.

კაცი შინ არ დახვდა და ნაჯახით მისი მამა დაჭრა.

ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც შინ ბრუნდებოდა, ირგვლივ პოლიცია დაინახა, ჩაბარდა და დანაშაული აღიარა.

საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 11–108 და 117–ე მუხლებით იძიებდნენ (განზრახ მკვლელობა ოჯახური ძალადობის ნიადაგითა და მძიმე დაზიანება).

ზაზაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„საშნელი კაცი იყო, ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, – ამბობდა მეზობელი მარიამ მექოშვილი, – სულ ეჩხუბებოდა და ხშირად სცემდა ცოლს“.

„თეონას არაფრის შეცვლა არ შეეძლო. მისი ქმარი ყველაზე ეჭვიანობდა, ყოველგვარი ფაქტისა და მიზეზის გარეშე. მისი მეთვალყურეობის გარეშე, ამ ქალს არსად წასვლა არ შეეძლო. როდესაც ბავშვები ბაღში მიჰყავდა, მაშინაც კი აედევნებოდა ცოლს, იმალებოდა და უთვალთვალებდა“.

„ყველანი ვეუბნებოდით თეონას, წამოდი, თავი დაანებე შენს ქმარს“, მაგრამ ხშირად გვიმეორებდა, სადაც არ უნდა წავიდე, მომაგნებს და მომკლავს. ახლა რა ხდება – ამ ორ მცირეწლოვან ბავშვს თავზე დაექცა მთელი ცხოვრება.“

თეონა თავისი შვილის ფეთქებადი ხასიათის შესახებ დედამთილმაც გააფრთხილა. ეს მაშინ მოხდა, როცა დაქორწინებას აპირებდნენ.

თეონა 16 წლის იყო, მისი ქმარი – 24 წლის.

ჯერ კიდევ ახლად შეუღლებულები იყვნენ, როცა ზაზაძემ ოჯახური კონფლიქტები დაიწყო. მას თავად უნდა გადაეწყვიტა, რას ჩაიცვამდა თეონა, რომელ მეგობარს შეხვდებოდა და რომელს არა, როგორ ფოტოებს გადაიღებდა. სამსახურის შოვნასაც უკრძალავდა.

თეონამ იცოდა იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ქალთა უფლებებს იცავენ, მაგრამ ეშინოდა, რადგან არ იცოდა, ქმარს როგორი რეაქცია ექნებოდა.

თეონას დის თქმით, ზაზაძის მამაც ალკოჰოლდამოკიდებულია. ცოლს ისიც სცემდა.

ბერიძის თქმით, ზაზაძე ქურდობისთვის, თავდასხმისა და მარიხუანას მოხმარებისთვის ყოფილა დაჭერილი. თუმცა, ამ დანაშაულების გამო მას მხოლოდ ჯარიმას აკისრებდნენ.

ზაზაძემ რამდენჯერმე სცადა ალკოჰოლისთვის თავის დანებება, მაგრამ ამაოდ.

როდესაც ფხიზელი იყო ჩვეულებრივ ადამიანს ჰგავდა, მაგრამ როცა სვამდა, ყველას ემუქრებოდა. შეიძლება გონიც დაეკარგა. ბორჯომში შენობების რეაბილიტაციაზე მუშაობდა. რამდენჯერმე სცადა ძმასთან ერთად გაეყო სამუშაო, მაგრამ იჩხუბეს.

ბერიძე იხსენებს, რომ ზაზაძემ ერთხელ ცოლს უთხრა: „მალე მოკვდები, იცოდე. წადი, მამაშენს უთხარი, კუბო უკვე მოგიმზადოსო“.

ბერიძის თქმით, პოლიციაში დარეკეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

ერთხელ უფროსმა ბიჭმა დეიდას უთხრა: „როცა გავიზრდები, მამას მოვკლავო.“

„ძალიან მეცოდება ჩემი და და ყველა ის ქალი, რომლებიც ასე უსამართლოდ შეეწირნენ, არავის აქვს სიცოცხლის წართმევის უფლება. მკვლელები მკაცრად უნდა დაისაჯონ, რათა დასრულდეს ქალთა მიმართ ძალადობა“ - ამბობსა თეა ბერიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„დავჭერი ნატალია, ცეცხლი წავუკიდე და ვკლავ, იწვება...“ ქმარმა 29 წლის ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე ნაჯახით მოკლა - გაუხმაურებელი ამბავი

47 წლის კაცი მარტოხელა გოგოებს „ტროსტით“ სცემდა და შემდეგ ახრჩობდა - შემზარავი დანაშაული, რომელმაც 58 ქალის სიცოცხლე შეიწირა

„13 წლის გათხოვდა, სიყვარულმა დააბრმავა...“ 20 წლის ასაკში 2 შვილის დედას ქმარმა ყელი გამოჭრა - გაუხმაურებელი ამბავი