მომღერალი აჩიკო მეფარიძე, რომელიც პროფესიით ექიმია, წლების წინ ციხის საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა. როგორც ის ახლა ყვება, გეგა კობახიძე დახვრეტამდე ნახა:
„ეს ამბავი არასოდეს გამიჟღერებია. ერთ-ერთი ჩემი მორიგეობის დროს, გამთენიისას, მოჰყავთ პაციენტი, რომელიც ყელის არეშია ტყვიით დაჭრილი.. მოყვება ძალიან ბევრი თანამშრომელი - უშიშროება და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სოსო წერეთელი.
მოიყვანეს აეროპორტიდან „თვითმფრინავის ხალხი“ - გეგა კობახიძე, ზუსტად იმ მოვლენების შემდეგ, როცა მოხდა გატაცება. მე მახსოვს, რომ გეგა ფეხშიშველი იყო, ფეხსაცმლის გარეშე. მას არაფერი ჰქონდა დაზიანებული.
შემდეგ შემოიყვანეს უფროსი ივერიელი, რომელიც გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, მას დასჭირდა ოპერაცია. ჩემი განყოფილების უფროსი მოვიდა და გავუკეთეთ ოპერაცია, გადავარჩინეთ. თუმცა, წერეთლის შემთხვევაში არ მოგვცეს ტრაქეოსტომიის ჩატარების უფლება, რადგან ის საუბრობდა, ჩვეულებრივად იყო, ტყვია კი ჰქონდა გაჩხერილი ხერხემალთან.
გეგა კობახიძე პირდაპირ გადაიყვანეს ციხეში, შემდეგ წერეთელი გადაიყვანეს, კახა ივერიელს გავუკეთეთ ოპერაცია და ისიც წაიყვანეს ციხეში. სხვას არავის აკარებდნენ, მარტო მე და ჩემი განყოფილების გამგეს გვქონდა ამ პაციენტების მონახულების, გადახვევის და ა.შ უფლება.
ეს ამბავი არც ჩემი განყოფილების გამგემ არ იცის: მე მქონდა პაციენტის ისტორია, რომელიც იდო ფაილში. შევდიოდი ციხის კამერაში თვითმფრინავის გამტაცებელთან და ვიცოდი, რომ არის მიკროფონები, მისმენენ, ვერც თვალით, ვერც ხელით ვერაფერს მანიშნებ... მაგრამ, ბავშვი ვიყავი მაინც, 21 წლის, ამ „პაპკაზე“ დავწერე უკნიდან: არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები! და ეს დავანახე... მოსაყოლად იოლია, მაგრამ ამის შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა და რითიც დასრულდა... ძალიან რთულია, როცა ამდენი რამით ცხოვრობ ადამიანი...“ - თქვა აჩი მეფარიძემ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“.