Digest Logo

„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“... 44 წლის ასაკში დაოჯახება, ხიდან ჩამოვარდნა და ტრაგიკული გარდაცვალება - ჰამლეტ გონაშვილის ამბავი სიყვარულისა

1627031068
ჰამლეტ გონაშვილი

როგორია, იყო ისეთი ადამიანის მეორე ნახევარი, როგორიც ჰამლეტ გონაშვილი იყო, ვერ გეტყვით. ვერც იმას გეტყვით, ასეთი დიადი ადამიანების ყურადღება როგორ უნდა მიიქციოთ, თუმცა ფაქტია, რომ შენც რაღაც დიდი ნიჭის პატრონი და იღბლიანი უნდა იყო, რათა ასეთი ადამიანის სიყვარული გხვდეს წილად.

სწორედ, ასეთი იყო ლამარა ცინცაბაძე, რომელიც ჰამლეტის რჩეული გახდა...

მათი ისტორია კი ასე დაიწყო:

ლამპის შუქზე ჩასახული სიყვარული

„ჰამლეტის დეიდაშვილი ჩემი თანამშრომელი იყო. ამ გოგომ დაბადების დღეზე დამპატიჟა, სადაც ჰამლეტიც იყო და სუფრაზე გავიცანით ერთმანეთი. მაშინ იშვიათად ქრებოდა შუქი. იმ საღამოს ჰამლეტი ჩემ წინ იჯდა. შუქი რომ ჩაქრა, ლამპები შემოიტანეს და ახლოს დამიდგეს. ლამპის შუქმა არ შეგაწუხოსო – ხელსახოცი ამოჭრა და შუშაზე ჩამოაცვა, დამიჩრდილა.

რასაკვირველია, სუფრასთან იმღერა. მაშინვე გაჩნდა ჩვენ შორის სიმპათიები.

მერე ქობულეთში ვიყავი დასასვენებლად და რადიოში მოვისმინე მისი სიმღერა. იმდენად იმოქმედა ჩემზე, ოთახში ვერ გავჩერდი და ზღვის ნაპირზე გავედი, რომ მისი ხმით გამოწვეული ემოციები გადამეხარშა.

იქიდან რომ ჩამოვედი და შევხვდი, უკვე სხვა დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ. ასე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ბოლოს გადავწყვიტეთ, დავოჯახებულიყავით. ის 44 წლის იყო, მე – 39-ის.

ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებოდით: მე ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვიყავი, ჩაის სპეციალისტი, ჰამლეტი კი – მომღერალი. სამაგიეროდ, პოეზიის სიყვარული გვაკავშირებდა.

ჰამლეტი ძალიან თბილი ადამიანი იყო და ერთადერთი ნაკლი ჰქონდა - დაგვიანება იცოდა. ამას ვერაფრით მოერია, დანარჩენად... ორივენი დიდხანს ველოდით სიყვარულს და ერთმანეთი ვიპოვეთ.

საღამოობოთ, შინ რომ ბრუნდებოდა და ვახშამს გამოვუტანდი, მთელი დღის გადახდენილ ამბებს მოვყვებოდით და მერე ვეუბნებოდი, შენზე წერილი დაიწერა ამა და ამ გაზეთში და გინდა - მოგიყვები, გინდა - წაგიკითხავ-მეთქი (ჭამას რომ არ მოსცდენოდა). ასე შემოვრჩებოდით ღამის 2-3 საათამდე...

მახსოვს, ანზორ ერქომაიშვილი მეუბნებოდა ხოლმე, - ლამარა, რა თილისმას ატარებ ისეთს, რომ ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?

იცით, არასდროს მიეჭვიანია მასზე, აზრადაც არ მომსვლია... კონცერტიდან რომ ბრუნდებოდა, არასდროს იტყოდა, კარგად ჩაიარა კონცერტმაო, მაგრამ მაშინვე პიჯაკს გადასწევდა, შიდა ჯიბიდან ერთ ცალ ვარდს ან მიხაკს ამოიღებდა და მომაწვდიდა: ეს იმ ყვავილებიდან, მე რომ მომართვესო...“ - იხსენებდა ლამარა ცინცაბაძე.

საუკეთესო მამა

გონაშვილს 2 ვაჟი ჰყავდა გიორგი და დიმიტრი.

მამა რომ გარდაცვლილა, გიორგი 10 წლის ყოფილა, დიმიტრი კი - 12-ის.

„მე რომ დავიბადე, ის უკვე ლეგენდა იყო. მაშინ ამას ვერაფრით გავიგებდი. ჩემთვის ისევე საუკეთესო იყო მამაჩემი, როგორც ნებისმიერი ბავშვისთვის, და არა იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული ხმის ტემბრი ჰქონდა. ის - ლეგენდა კი მოგვიანებით აღმოვაჩინე, როცა გავიზარდე და საკუთარი სამეგობრო გამიჩნდა; როცა "მართვეში" ვმღეროდი და სიმღერა შემიყვარდა; როცა მამას ნამღერი მოვისმინე და უცებ მისი სილამაზე დავინახე“,- იხსენებდა გიორგი.

„გაფრინდი შავო მერცხალო...“

„გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ფილარმონიაში კონცერტი ჰქონდა. რეპეტიციების დროს რკინის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოვარდა და მის ცხვირწინ დაეცა. ლამარა, როგორ გადავრჩი, არ გიკვირსო? – აღშფოთებული მეუბნებოდა.

მაინც ვერ ასცდა რკინის სოლს – ორ წელიწადში დაიღუპა. მანამდე უმცროსი ძმა გარდამეცვალა. ამის შემდეგ ჰამლეტი სხვანაირი გახდა, უფრო მობილიზებული და ყურადღებიანი.

ნუ ტირი ამდენს, ის ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადავიდა, ფიზიკურად აღარ არის, თორემ, შენს გულში, ჩემს გულში და ყველა ჩვენგანის გულში ხომ არისო, – მამხნევებდა.

თურმე, მეორე ტკივილისთვის შემამზადა, რომ კიდევ ერთი უბედურება გადამეტანა. ლენინგრადში მიდიოდნენ გასტროლებზე. გადაწყვიტა, მე და ბავშვებიც წავეყვანეთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გამოსათხოვარი პერიოდი.

იქიდან რომ ჩამოვიდოდით, მერე იტალიაში უნდა წასულიყვნენ, მაგრამ, ლენინგრადში ყოფნის დროს რაღაც ცვლილებები მოხდა და იტალიის გასტროლები ჩაიშალა. 10 ივლისს ჩამოვედით. კონცერტები კახეთში დაგეგმეს. მაგ დროს ჰამლეტს ბრმა ნაწლავი ასტკივდა.

„ლეჩკომბინატში“ მივედით, სადაც აღრიცხვაზე იყო. არ გაიკეთა ოპერაცია – კონცერტებია დაგეგმილი და, როგორ შეიძლება, კახეთში „რუსთავი“ უჩემოდ წავიდესო.

ქირურგი ჩვენი ახლობელი კაცი იყო და მითხრა: ლამარა, გაუშვი ეს კაცი, წავიდეს, თელავი ახლოსაა. თუ შეტევა მოუვა, აგერ არ ვარ? უცებ ჩავალ და ყველაფერს გავუკეთებ, ამის გამო ნუ ხარ წინააღმდეგიო.

ღამით კი ასეთი რამ მოხდა: ტელეფონმა დარეკა, ავიღე ყურმილი და მესმის ჩემი გარდაცვლილი ძმის ხმა – ლამარა, რას შვრებიო, – და, გაითიშა.

ჰამლეტს სადილზე და ვახშამზე წესად ჰქონდა ერთი-ორი ჭიქა ღვინის დალევა, ერთმანეთს ვუყვებოდით, დღემ როგორ ჩაიარა, ბავშვები როგორ სწავლობენ. ერთხელ, მთხოვა, შენც დალიეო. ღვინო არა, მაგრამ, შამპანურს კი ნამდვილად დავლევდი-მეთქი.

ეჰ, ეს რა ცხოვრებაა, ცოლს შამპანური უნდა და სახლში არ მაქვსო. წავიდა კახეთში. მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო, ველოდებოდი. თვითონ ვიყიდე შამპანური, მაცივარში შევდგი გასაცივებლად და კარგი სადილიც მოვამზადე.

მოსაღამოვდა. რამდენი მანქანა გაჩერდება, აივნიდან გადავხედავ, ჰამლეტი ხომ არ მოვიდა-მეთქი. რომ დააგვიანდა, ანსამბლის ერთ-ერთ წევრთან, ტარიელ ონაშვილთან დავრეკე.

თელავიდან პირდაპირ ანაგაში (დედულეთში ) წავიდა, სტუმრები ჰყავდაო, – მითხრა. ცოტა ხანში ტელეფონი რეკავს – გონაშვილის ბინააო? დიახ-მეთქი.

ჰამლეტი ცუდად გახდა და დაიბარა, მეუღლე ჩამოვიდესო. მაშინვე ვიფიქრე, ალბათ, ბრმა ნაწლავის შეტევა მოუვიდა-მეთქი. მე და რამდენიმე ადამიანი ჩავსხედით მანქანაში და მივდივართ. წეღან ხომ გიყვებოდით, სადმე ჭრელ ფოთოლს რომ ნახავდა, ჩემთან მოჰქონდა-მეთქი და, უცებ, თავში გამიელვა.

გზაში ჩემს მულს ვკითხე, ახლა ანაგაში რა ხილია, ჰამლეტი ხეზე ხომ არ ავიდა და ჩამოვარდა-მეთქი?

ვიფიქრე, ალბათ, ჩემთვის კრეფდა ხილს და ნამდვილად რაღაც დაემართა-მეთქი. ზუსტად ასე მომხდარა. მათ იცოდნენ, რომ აღარ არის და გაოცდნენ – რას ამბობსო.

ვხედავ, ჭიშკარი ღიაა და უამრავი ხალხია თავშეყრილი. მაინც არ დავუშვი, რომ აღარ იყო. ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ცუდად არის და ამიტომ იყო ამდენი ხალხი.

მეზობელს ხე უჩრდილავდა და უთხოვია, ტოტები მოეჭრა. ძირში ძველისძველი ხის კუნძი იდგა, რომელზეც საქონლის დასაბმელი სოლი იყო ჩარჭობილი. წინა დღეებში ჩემს დედამთილს უცდია მისი ამოღება – ბავშვები რომ ჩამოდიან, ამაზე რამე არ იტკინონო. ამოღება რომ დაუწყია, მეზობელი მისულა რაღაც საქმეზე, ამასობაში შებინდებულა კიდეც და თავი მიუნებებია. ეტყობა, ჰამლეტს ტოტზე ფეხი დაუცურდა და ზედ ჩამოეგო.

ის თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. შემდეგ კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს“,- იხსენებდა გონაშვილის მეუღლე.

⭕აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵გაჭირვება, დაცინვა, 2-ღმერთიანობა, ტანჯვა და აუხდენელი ოცნებები - ყანჩელის პორტრეტი

🔵ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან

🔵„ღალატი“, 2 ქორწინება, ეჭვიანობა და აგარაკზე გარდაცვლილი მეუღლე - გურამ საღარაძის პორტრეტი