დავით დუდუ დადიანი, რობერტ დადიანისა და გურანდა ტყავაძის ვაჟი, ისტორიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ნიკო დადიანის შთამომავალი პოპულარული კალათბურთელი გახლდათ.
დუდუ დადინის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა.
ის 2002 წლის იანვარში, დღისით, თბილისში სპორტის დეპარტამენტის შენობაში მოკლეს. ამ ბოროტმოქმედებას რამდენიმე თვითმხილველი შეესწრო, მაგრამ მკვლელი მიიმალა და ვინაობა დღემდე დაუდგენელია.
აზარტული თამაშები, უიღბლო სიყვარული და 3 ტყვია - დუდუ დადიანის პორტრეტი
რა კავშირია დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლეობას შორის
ეს ორი, სხვადასხვა დროს მომხდარი მკვლელობა პროკურატურაში ერთ საქმედ გააერთიანეს. დუდუ დადიანის საქმეში მაკა ასათიანი დაკითხული არ არის.
კონფიდენციალური ინფორმაციით, გამოძიებას ამის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ასათიანი დაკითხვაზე არ გამოცხადდა.
თვითმხილველები დადიანის მკვლელობას, ფაქტობრივად, არ ჰყავს. თუ დადიანის მკვლელობამდე ჩუმად ავრცელებდნენ ჭორებს მისი და მაკა ასათიანის მეგობრობის შესაახებ, მკვლელობის შემდეგ ამ თემაზე ხმამაღალი საუბრები დაიწყო, რასაც მაკა ასათიანის მხრიდან არცთუ სასიამოვნო რეაქციები მოჰყვა.
ამბობდნენ, რომ ასათიანი დადიანის სიკვდილის პერიოდში ფსიქოლოგების რეგულარული სტუმარი იყო. მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია ამ თემასთანაც დააკავშირეს, თუმცა იყო მეორე ვერსიაც: ამბობდნენ, რომ დადიანს ციხიდან კრიმინალი ემუქრებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ვერსიებმაც იკლო. შემდეგ, როგორც „წესი“, მტკიცებულებების არქონის გამო, საქმე „დროებით“ შეჩერდა.
დღესდღეობით, დადიანისა და ასათიანის მკვლელობების საქმეები პროკურატურამ გააერთიანა. გაბრიჩიძის ბრძანებით, დადიანის საქმე ქალაქის პროკურატურიდან გენერალურ პროკურატურაში გაითხოვეს.
ამ ფაქტზე, დადიანის ერთ-ერთმა ახლობელმა ასეთი რამ გვითხრა: „რომ არა კახი ასათიანის მკვლელობა, დუდუს საქმეს გენპროკურატურაში არავინ წაიღებდა.“ თუმცა, მთლად ასეც არ არის საქმე, დუდუ დადიანს, გარდა იმისა, რომ ფიზიკური სილამაზით გამოირჩეოდა სხვებისგან, დიდი გავლენის მქონე მეგობრებიც ჰყავდა.
დუდუ დადიანის სიკვდილის შემდეგ დაიკითხა უამრავი ადამიანი, თუმცა, როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, გამოძიებას მაკა ასათიანი, კახი ასათიანი და მერაბ ჟორდანია არ დაუკითხავს.
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა, აკაკი ბუდაღაშვილმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ბოდიში მოგვიხადა და აღნიშნა, საქმეში არანაირი სიახლე არ არისო.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც დუდუ დადიანის მკვლელობის გამომძიებელი ლორდი ლებანიძე საუბრობს.
ბატონო ლორდი, მაკა ასათიანი რატომ არ დაკითხეთ?
- მაკა ასათიანი ჯერ ადგილზე არ იყო. შემდეგ ავადმყოფობდა, ბოლოს გვითხრა: ეს ჩემი პირადი საქმეაო და ჩვენების მიცემაზე სასტიკი უარი განაცხადა.
კახი ასათიანი დაიკითხა?
- არა, კახი ასათიანი არ დაგვიკითხავს და აქ არც იყო.
დუდუ დადიანის მკვლელობის თვითმხილველები თუ არსებობენ?
- არა, თვითმხილველები არ არსებობენ. ჩვენ ყველა დავკითხეთ: მეგობრები, ყოფილი თუ ახლანდელი სპორტსმენები, მასწავლებლები.
რა კატეგორიის ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა დადიანს? თუ იყვნენ მის სამეგობრო წრეში ე. წ. „შავები“?
- ზოგი „შავი“ იყო, ზოგი ყვითელი და ზოგი - თეთრი.
დუდუ დადიანმა სიკვდილამდე რამდენიმე ხნის წინ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პიროვნება დაჭრა. ჩვენი ინფორმაციით, იგი ამ მიზეზით გარკვეული პერიოდი ამერიკაში იმყოფებოდა. ამის თაობაზე, თუ გაქვთ ინფორმაცია?
- დიახ, ფიგურირებს საქმეში. ჩვენ ყველა ვერსიაზე ვიმუშავეთ, მაგრამ ეს ფაქტი ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის.