ანტივაქსერული შეთქმულების თეორიები სოციალური ქსელებში აღარავის უკვირს. თუმცა „დევაქცინაციის“ მოტივით გავრცელებული ახალი ამბები უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. შესაძლებელია თუ არა ადამიანების „გამოცრა“ და რა საფრთხეს უქმნის სხვადასხვა ნივთიერებით „დევაქცინაციის“ მცდელობა ადამიანების სიცოცხლეს? ამ შეკითხვებზე პასუხები Businessinsider- მა მოიძია.
ცნობილ პლატფორმა Bitchute-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კაცი ელექტროდების, ძლიერი მაგნიტისა და „55%-იანი მონტანას ვისკის“ მეშვეობით ცდილობს, აშშ-ს სამხედრო ვეტერანის ორგანიზმიდან COVID-19-ის ვაქცინა გამოდევნოს.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, „გამოცრის“ ეს უჩვეულო მცდელობა გამონაკლისი არ არის. არსებობს სხვა ვიდეო, რომელშიც ინექციის ადგილზე კაცი სამართებლით დამატებით ჭრილობებს იყენებს, რათა ვაქცინასთან ერთად სისხლის მნიშვნელოვანი რაოდენობაც გარეთ გამოვიდეს.
აშკარა და ნათელია, რომ ვერცერთი ასეთი მეთოდი ეფექტიანი ვერ იქნება, რადგან აცრილი ადამიანის „დევაქცინაცია“ შეუძლებელია. აცრის შედეგად ორგანიზმი სწავლობს, თუ როგორ ებრძოლოს ინფექციას. შესაბამისად, ვაქცინირებულ სხეულში არ არის რამე ტიპის ნივთიერება, რომელიც შეიძლება ავიღოთ, გარეთ გამოვიტანოთ და სურვილისამებრ, გავანადგუროთ კიდეც.
როგორ შეიძლება ორგანიზმის „გამოცრა“?
„დევაქცინაციის" ზოგიერთი მომხრე აცხადებს, რომ აცრის შედეგად იმპლანტირებული გრაფენის ოქსიდისგან ორგანიზმის გაწმენდა შეუძლია. „გამოცრის“ ყველაზე უვნებელი შეთავაზებაა ცილოვანი დანამატები და ფიჭვის ექსტრაქტის კაფსულები. თუმცა ისინი საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა. აი, სხვა შეთავაზებები კი პოტენციურად ნამდვილად საშიშია.
რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, შეთქმულების ზოგიერთმა თეორეტიკოსმა ტოქსიკური მათეთრებელი, ქლორის დიოქსიდი ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო და ამავდროულად, „გამოცრის“ უებარ საშუალებად მიიჩნია. როგორც Insider-ს აქტივისტმა ფიონა ო'ლირიმ განუცხადა, „დევაქცინაციის“ შესაძლებლობის შესახებ შეთქმულების თეორიები თვეების განმავლობაში მზადდებოდა. ეს უკანასკნელი აქტიურად ადევნებდა თვალს დეზინფორმაციას, რომელიც ქლორის დიოქსიდთან დაკავშირებით ვრცელდებოდა.
ქლორის დიოქსიდი არის ერთგვარი მათეთრებელი საშუალება და ის ქაღალდის პროდუქტების წარმოებაში გამოიყენება. მისმა დიდი დოზით გამოყენებამ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს. სწორედ ქლორის დიოქსიდის, როგორც „სასწაულებრივი სამკურნალო საშუალების“ გამოყენებას უკავშირდება პანდემიის დროს გარდაცვალების არაერთი ფაქტი.
ქლორის დიოქსიდის გამოყენების წამყვანი აგიტატორის, ანდრეას კალკერის წინააღმდეგ არგენტინაში საქმეა აღძრული. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხველის სამკურნალოდ ტოქსიკური მათეთრებლის მიღების გამო ბავშვი გარდაიცვალა. კალკერი Bitchute-ზე გავრცელებულ ვიდეოებში კოვიდ-ვაქცინაში გრაფენის ოქსიდის შემცველობის შესახებ არსებულ შეთქმულების თეორიებს პროპაგანდას უწევს. ის აცხადებს, რომ ამ ნივთიერებისგან ორგანიზმის გაწმენდა სწორედ ქლორის დიოქსიდს შეუძლია. კალკერის ახალმა წიგნმა მისი უსაფუძვლო რწმენა მათეთრებლის "დევაქცინაციის" ძალაზე კიდევ უფრო გააფართოვა. აღნიშნული გამოცემა Amazon-ზეც იყიდებოდა, თუმცა მიუწვდომელია მას შემდეგ, რაც Insider-მა კომპანიას მიმართა. ამერიკული ფინანსური და ბიზნეს ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში კალკერმა სცადა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში გრაფენის ოქსიდის შემცველობის შესახებ თავისი მოსაზრება დაეცვა და საკუთარი ვარაუდი სადავო ესპანურ კვლევაზე დაყრდნობით გაემყარებინა. თუმცა მან Insider-ის დარწმუნება, რა თქმა უნდა, ვერ შეძლო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„აღარ გვყავს... გული გაჩერდა“ - გიგა ბოკერიას მამა გარდაეცვალა
🔵მიხეილ ცაგარელის 7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
🔵ლარს ვადა გასდის - ბანკნოტის გადაცვლა მოგიწევთ
წყარო: imedinews.ge