ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა.
ნახევარფინალში პეტრიაშვილი 20 წლის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა და პირველ პერიოდში 0:3 დამარცხდა. თუმცა, მეორე პერიოდში ქართველმა ფალავანმა დიდებულად იჭიდავა, ზედიზედ 6 ქულა მოიპოვა და მეტოქეს 6:3 სძლია, რის შედეგადაც ფინალში გავიდა. ამრიგად, მან მედალი უკვე გაინაღდა და საქართველოს ყულაბასაც მე-8 მედალი შეემატა.
ფინალი ხვალ 6 აგვისტოს გაიმართება.
ფინალამდე ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში ჩინელი ჟივეი დენგი დაამარცხა. პირველივე პერიოდში გენომ 4 ქულა მოიპოვა და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, გამოცდილ მეტოქეს 5:2 აჯობა. მანამდე, მერვედფინალში ეგვიპტელი ქამალ აბდელმოტალები აშკარა უპირატესობით 11:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში ვერ გავიდა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი თურქი ტაჰა აკგული, რომელმაც მეოთხედფინალში ამერიკელ დენ სტივესონთან უშანსოდ, 0:8 წააგო და მხოლოდ ბრინჯაოს მედლის მოპოვების იმედად დარჩა.
6 აგვისტოს ასპარეზობაში ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ჩაერთვება, რომელიც ჭიდაობაში მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ბოლო წარმომადგენელი იქნება.