ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაჩერებლად, სპეციალისტები სახელმწიფოს დამატებითი რეგულაციების შემოღების რეკომენდაციას აძლევენ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ 10 კაცზე მეტის შეკრება კანონით დასჯადი უნდა გახდეს.
„სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ უნდა დააწესოს თამაშის წესები, მაშინ ჩვენ თვითორგანიზებული ერი ვიქნებოდით, ყველა რომ პირბადეს ატარებდეს. მე ვფიქრობ, პირბადის ტარების ვალდებულება უნდა გამოცხადდეს, ეს არის აუცილებელი პირობა. თუ ჩვენი აუღებელი ციხე-სიმაგრეა ქორწილების გადახდა, მინიმუმ ათ კაცზე მეტის შეკრება კანონით დასჯადი უნდა გახდეს, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ძალიან გვიჭირს. რეკომენდაცია, რომ არ ჩაატარო ქორწილი, არავისზე გავლენას აღარ ახდენს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, არასაჭირო, არაესენციალური შეკრებები, კონცერტები, სადაც მასობრივად იყრიან თავს. არ აქვს მნიშვნელობა, დედაქალაქია, პერიფერიაა, საკურორტო ზონაა, ეს კატეგორიულად უნდა აიკრძალოს. ომში ვართ, ყოველდღე 40-მდე ადამიანი გვეღუპება, სიკვდილიანობა კიდევ გაიზრდება და ვიღაცას ეკონცერტება, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი და დაუჯერებელია“, - აღნიშნა „დღის კურიერში“ კულუმბეგოვმა.