2021-2022 სასწავლო წლის დისტანციურ ფორმატში დაწყებას არ გამორიცხავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნუნუ მიცკევიჩი, თუმცა მისთვის ვაქცინაციის ტემპი, სწავლის აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში განახლების იმედს იძლევა.
როგორც მიცკევიჩი განმარტავს, სამინისტრო ხელს უწყობს ვაქცინაციის პროცესს, თუმცა უწყება, ვერ დაავალდებულებს მოქალაქეებს აცრას.
„ამ ეტაპზე ვაქცინაციის დღიურ მაჩვენებლებს, შესაბამისი უწყების სტატისტიკურ მაჩენებლებზე დაყრდნობით, იმედით ვუყურებთ. ვინც ვერ ახერხებს დარეგისტრირებას, არის ცალკე სიები შემდგარი, თუკი ისინი მოგვმართავენ, ჩვენ ვეხმარებით. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ვაქცინაციის პროცესს, რომ ეს იყოს გამართული და დღეს მაჩვენებლებით, ქვეყნის შიგნით, რასაკვირველია ეს გახლავთ განათლების სეგმენტის ბენეფიციარებიც, რომლებიც იცრებიან. იმედი გვაქვს, რომ სასწავლო წლის დასაწყისში იქნებიან ვაქცინირებულები – სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სხვადასხვა პროცენტია, ამის ზუსტი მაჩვენებლების დასახელება გაგვიჭირდება. თუმცა ტემპი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არის, სადაც (კიდევ ერთხელ ვადასტურებ) ჩართული არიან, მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, იმის იმედს გვაძლევს, განვიხილავთ, რომ სასწავლო წელი დაიწყოს (შენობებში)”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2”-ის ეთერში.
კითხვას, შესაძლებელია, თუ არა, რომ საჭირო გახდეს დისტანციური სწავლება, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:
„რასაკვირველია, არ გამორიცხავთ, აბსოლიტურად დამოკიდებულები ვართ ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებლებზე ქვეყნის შიგნით, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და იცით, რომ ყველანაირი ელექტრონული რესურსი მომზადებულია, „ტელესკოლა“ გამართულია”.