თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ზუგდიდში მომხდარ ფაქტს, სადაც პოლიციელმა იძალადა ქალბატონზე, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება პროკურატურის მხრიდან და დამნაშავე დააკავეს.
როგორც ბოჟაძე წერს, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციელებს მოქალაქეებზე ძალადობის გამო ღირსების ორდენით აჯილდოებდა, პრემიას უხდიდა და თანამდებობრივად აწინაურებდა, მოქმედი ხელისუფლება სწრაფად იძიებს მსგავს ფაქტებს და ყველა დამნაშევეს აგებინებს პასუხს კანონის ფარგლებში.
„კიდევ ერთი მოძალადე პოლიციელი დაკავებულია! „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მოძალადე სისტემა პოლიციელებს მოქალაქეებზე ძალადობის, ცემის, წამების და არაადამიანური მოქცევის გამო ღირსების მედლებით და ორდენებით აჯილდოებდა, პრემიას უხდიდა, თანამდებობრივად აწინაურებდა, დაზარალებულის და მსხვერპლის ჩამორთმეულ ბინებს 1 ლარად ჩუქნიდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწრაფად და ეფექტიანად იძიებს ასეთ ფაქტებს და კანონის ფარგლებში პასუხს აგებებს ყველა ვისთვისაც ადამიანი არ არის უმთავრესი ღირებულება. სწორედ ეს არის განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ამას ყველა ნათლად ხედავს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.