ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში მოძრაობა „სირცხვილიას“ თანადამფუძნებლისა და სამოქალაქო აქტივისტის შოთა დიღმელაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის მიზანია ხელისუფლებასთან ომი მინიმალური მსხვერპლით მოიგოს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ განცხადებას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.
„1. „მსხვერპლი“ და „მსხვერპლშეწირვა“ აკერიათ ენაზე, დაწყებული სანიკიძის ინტერვიუდან დღემდე.
2. ესაა, „მაიდანი“ და მსხვერპლი, ზოგიერთი ტელევიზიის ზონდერ მენეჯერების და ზონდერ ტოპ-ჟურნალისტების ბარიკადებზე ასვლის მიზანი. მკვდრებიც და ცოცხლებიც ღრუბლებზე ახატიათ. ამ გამოსვლით დაამტკიცეთ, რომ 5 ივლისის ორივე მხარე, ჟურნალისტებზე მოძალადეებიც და "მაიდნის" და მსხვერპლის გამჟღერებლებიც, ერთი სცენარის ნაწილი ხართ.
3. მინიმალურ მსხვერპლში რამდენ ადამიანს გულისხმობთ? თვლა თქვენგან დაიწყეთ.
4. იანუკოვიჩის და უკრაინის მაგალითი ბოდვაა საქართველოსთან მიმართებით:
ა) საქართველოს კონსტიტუციაში აქვს გაწერილი ევროატლანტიკური კურსი. უკრაინას კი ჰქონდა უბლოკო სტატუსი;
ბ) იანუკოვიჩი ევროპას სთხოვდა დახმარებას. დაჰპირდნენ 3 მლრდ და არ აძლევდნენ კორუფციის და სხვა მიზეზების გამო. ამ დროს პუტინმა გამოუყო 15 მლრდ, საიდანაც 3 მლრდ მყისიერად გადაურიცხა. იანუკოვიჩმაც სცადა კურსის შეცვლა, რასაც მოჰყვა მაიდანი, მსხვერპლი, რითაც ისარგებლა რუსეთმა და მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასის ნაწილის ოკუპაცია;
გ) საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას 2014-ში მოაწერა ხელი. ეს მაშინ, როცა წინა ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ პრორუსული მთავრობა მოვიდა. მერე იყო უვიზო რეჟიმი, შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით და უამრავი სხვა რამ. ამ "პრორუსულმა" ხელისუფლებამ, ევროპასთან დაახლოების მიმართულებით, გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე წინა "პროდასავლურმა". შეგიძლიათ გადაამოწმოთ;
დ) არც დახმარების მიღების პრობლემა გვქონია ევროპასთან, არც ეკონომიკა ჩამოშლილა, როგორც იანუკოვიჩის დროს და კუჭის გამო, არც დასავლური კურსი დაუყენებია ხელისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ;
ე) შესაბამისად, საქართველოსთან იანუკოვიჩის მოყვანა ბრბოზეა გათვლილი.
5. როგორც ჩანს, გუშინდელი აქციის მომხრეები ემხრობიან "მაიდანს, მინიმალური მსხვერპლით"?! აქამდე არავინ გამიჯვნია.
6. როგორც გუშინ დავწერე, საზოგადოების აქტიურ სუბიექტებს მოგიწევთ პოზიციის დაფიქსირება, ან ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მხარეს ხართ, ან ძალადობრივი დაპირისპირების და "მინიმალური მსხვერპლის."
7. ეს ქვეყანა ჩალით არაა დახურული. ვერც "მაიდანს" მოაწყობთ და ვერც ხელისუფლებაში დაბრუნდებით. როგორც წინა პოსტებში დავწერე, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება, რადგან მისი მთავარი მიზანი პოლარიზაციის შემცირება იყო. ამიტომ არ აწერს ხელს ამ შეთანხმებას ნაცმოძრაობა. პრინციპში, რაზეც ხელი არ მოუწერია, როგორ დაარღვევდა?! ამიტომ, ხელმომწერები უნდა ჩამოყალიბდეთ და გააკეთოთ შეფასებები..
8. მგონი დროა წინა ხელისუფლებას აქტიურად შევახსენოთ სად გადის წითელი ზღვარი საზოგადოებასა და მათ შორის. დასავლელ პარტნიორებს, ვისაც დღემდე ვერ გაუგია, ავუხსნათ რატომაა წინა ხელისუფლება მიუღებელი მოსახლეობისთვის, ხოლო მათ მიერ მართული მედია თუ სხვა ორგანიზაციები უავტორიტეტო. ახალი საინფორმაციო კამპანიაა დასაწყები, რათა ერთი მხრივ მეხსიერება აღვუდგინოთ ზოგიერთებს, ხოლო მათ მიერ დაბოლილ ადამიანებს ავუხსნათ სადაა ჭეშმარიტი ღირებულებები.
9. ბოლოს, ამ გამოსვლას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასებები. თუ კანონში გარღვევაა, ის სასწრაფოდ უნდა ამოიქოლოს. ასეთი ძალადობრივი მოწოდებების გაკეთება, ან ძალადობრივი აქციების მომზადება, მკაცრად დასჯადი უნდა იყოს. ჩვენ არ გვაქვს ქვეყნის ქაოსში ჩათრევის და უკან დახევის უფლება.
🔴დავაზუსტებ გუშინდელ ფრაზას. დღეიდან, ვინც გუშინ ტრიბუნაზე იდექით, ჟურნალისტებად არ გთვლით. უკვე გადაბარგებული ხართ პოლიტიკაში, რისი სრული უფლება გაქვთ. თქვენი მიკროფონები გადაეცით სხვებს“, - წერს ამირან სალუქვაძე.