Digest Logo

„archevani-ში ნაყიდი 179 ლარიანი ფეხსაცმელი 1 საათში დამეხა, გამოცვლა შემომთავზეს და კონსულტანტს ხელშივე გაუფუჭდა „ბასანოჩკი“

1627567126
არჩევანი

ხარისხის კონტროლი და მომხმარებლების უფლებების დაცვა საქართველოში არსებული პრობლემებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ვადაგასული საკვები, მომწამვლელი სამშენებლო მასალა, ტყვიის შემცველი საბავშვო სათამაშოები, უხარისხო ტანსაცმელი, თუ ფეხსაცმელი  ის მცირედი ჩამონათვალია, რომელიც მოქალაქეებს აზარალებს, როგორც ფინანსურად, ისე ემოციურად.

ქვეყანაში არ არსებობს ხარისხის ეფექტიანი კონტროლი. მომხმარებლის უფლებების დაცვაზე კი ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ ისღა დარჩენიათ, მოქალაქეებმა ერთმანეთი გააფრთხილონ იმ ადგილების შესახებ, სადაც დაბალი ხარისხის საქონელია და ამით დაიცვან საკუთარი თავი.

ახლახან ჟურნალისტმა - მანო ტოგონიძემ მაღაზია „არჩევანში“ შეძენილი ფეხსაცმლის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. როგორც პოსტიდან ირკვევა, საკმაოდ ძვირად ღირებული ნივთი რამდენიმე საათში დაუზიანდა, კომპანიის მხრიდან კი ბოდიშის ნაცვლად, აბსოლუტური გულგრილობა მიიღო.

„მეგობრებო, მინდა ჩემი და მაღაზია archevani.ge -ს ამბავი გიამბოთ. მოკლედ, ერთ დღესაც მომეწონა მათი „ბასანოჩკები“ და გადავწყვიტე შეძენა. მივწერე, დამირეკეს, ზომაც გადამიდეს და აი, აქ იწყება ამბავი, მივედი, მოვირგე, მომეწონა, გადავიხადე 179 ლარი და წამოვედი. ზუსტად 1 საათში წავედი შეხვედრაზე და ჩავიცვი ეს ფეხსაცმელი (მატრაკვეცა რომ იქნები). მივედი ადგილზე და აშკარად ვგრძნობ, რომ რაღაც რიგზე ვერაა, დავიხედე ფეხზე და სადაა შესაკრავები, ზუსტად ნახევარ საათში, ორივე ფეხსაცმელი აწყვეტილ-დაწყვეტილია. დავრეკე, მოიტანე შეგიცვლითო, ძალიან შეწუხდნენ, მეთქი, ვის არ მოსვლია. სახლამდე როგორ მივედი იმ წვიმაში, ეგ ცალკე ამბავია. მივედი მეორე დღეს, მივიტანე ფეხსაცმელი და მთავაზობენ გაცვლას და მტკიცებას, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და თავს დებენ ხარისხზე. მოაქვთ ცოტა განსხვავებული მოდელი, ხსნის კონსულტანტი შესაკრავს, მაწვდის და ჰოპ, სადაა შესაკრავი, ხელში შემოეშალა. მეთქი, არ მინდა თქვენი არაფერი, ფული დამიბრუნეთ. თანხა კი დამიბრუნეს, მაგრამ ვინმე პასუხისმგებელი პირი მაინც რომ მოსულიყო და ბოდიში ეთქვა, სულ მინიმუმ, მე მგონი, არ იქნებოდა ურიგო. ჰოდა, რისი თქმა მინდა, რა ვიცი, მაინც კარგად დაფიქრდით, ვიდრე მაგათთან რამეს იყიდით. აგერ ფოტოებსაც დავდებ, როგორ იშლება 1 საათში მათი ფეხსაცმელი“, - წერს ტოგონიძე.