ლელა კაკულია, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, „მალე ისე მოხდება, რომ ჩემი ხალხი უცხოეთში კი არ გაიქცევა, პირიქით, აქეთ გამოიქცევა“.
„დაიჯესტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ახალი სიტყვა: მალე ისე მოხდება, რომ ჩემი ხალხი უცხოეთში კი არ გაიქცევა, პირიქით, აქეთ გამოიქცევა
(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 84)
2015 წელი, 10 თებერვალი
რუსეთი უკრაინასთან ომს წააგებს. რუსეთის პრეზიდენტი გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს ევროპასთან მიმართებაში. ის აგიტაცია-პროპაგანდა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, განსაკუთრებით გერმანიის წინააღმდეგ, მეტად საყურადღებო იქნება ამერიკა-ევროპისათვის, ვინაიდან ეს ჰგავს რუსეთის მხრივ მუქარის ასრულებას, ბერლინის კედელს კვლავ ავაშენებთო. ეს იქნება დიდი გამოწვევა. აი აქ გაწყდება მოთმინების ძაფი და გასაგები გახდება, რომ სწრაფი რეაგირებაა საჭირო. რუსეთის მთავრობის განცხადებები პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი მზადაა ომი დაიწყოს ევროპასთან და ამას პოლიტიკური ანალიზი არც კი სჭირდება. ამ კონტექსტში ჩანს, რომ მთელი ძალების მობილიზაცია უნდა მოხდეს სწორედ უკრაინაში. უკრაინის გამარჯვება ჰაერივით სჭირდება ევროპას და ამიტომ დღეს რაზედაც თავს იკავებს, ხვალ ხმამაღლა განაცხადებს, იტყვის, რომ რუსეთი — ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, წარსულის გამეორება. ასეა, თუ ძალა არ დაანახე მტერს, ვერ შეაჩერებ, არ არსებობს.
დღეს რუსეთის პრეზიდენტი ხალხისთვის გმირია, იმიტომ, რომ „მან დაიბრუნა ყირიმი, რუსეთის ტერიტორია“, რასაც წინ უძღოდა საქართველოს მიწების — აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიტაცება 1990-იან წლებში. კრემლი ახლა ცდილობს უკრაინის გახლეჩასა და უკრაინული მიწების ანექსიას. მათ ასევე აქვთ უამრავი სხვა გეგმაც მომავალში, რაც არ აუსრულდებათ.
ვიმეორებ: რუსეთი, მისი პრეზიდენტის წყალობით, მსოფლიო პოლიტიკას წააგებს. მშიერი ხალხი, ვხედავ, გარეთ გამოვარდება, მთელი რუსეთი ცეცხლის ალში გაეხვევა, გაიმართება დიდი მიტინგები და ხალხი მთავრობის გადაყენებას მოითხოვს!!! მესმის, როგორ ყვირიან ისინი: „ძირს პრეზიდენტი!“ ამას კრემლის ბინადარნი ვერც კი წარმოიდგენდნენ. თუმცა იმ სანქციებისგან, რაც რუსეთს დაუწესეს, სხვას რას ელოდა რუსეთის პრეზიდენტი? ლენინგრადის ბლოკადა ლენინგრადელებმა გადაიტანეს და არა მთელმა რუსეთმა.
ვხედავ, ევროპა უკან არ დაიხევს. ვხედავ, ამერიკა ომებისთვის მზადაა. და ეს ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტის დამსახურებაა. პოლიტიკას პრეზიდენტი არ შეცვლის. ასე რომ, ფრთხილად!!! რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მზადაა დაარტყას ევროპას, პირველ რიგში კი ბალტიის ქვეყნებს. მოლაპარაკებები, ადამიანებო, რუსეთის პრეზიდენტთან არავითარ ნაყოფს არ გამოიღებს. პირიქით, ის ომებისთვის ემზადება. გაიგეთ, იგი გაბოროტებული, ამბიციური და არასანდო ადამიანია, რომელიც თავისი ქმედებებით რუსეთის იმიჯს ნულის ქვემოთ სწევს და ასე რომ ვთქვათ, მთელ მსოფლიოს იპირისპირებს. მალე ის ქვეყნებიც, ვინც ვითომდა რუსეთის პოლიტიკას იზიარებენ, ზურგს შეაქცევენ რუსეთის პრეზიდენტს. ასეა, მალე ეს ქვეყნებიც მიხვდებიან, რომ რუსეთის ლიდერის პოლიტიკა ძალზე საშიშია. ვხედავ, არავის სურს აიკრას ფაშისტის იარლიყი. დიახ, ჰიტლერს მეტი კი არაფერი გაუკეთებია?! ფრთხილად რუსეთი წააგებს ამ ომს, ვხედავ.
2015 წელი, 9 მარტი
გაზსადენი „თურქეთის ნაკადი“ გამორიცხულია, რომ განხორციელდეს. ვხედავ საქართველოზე გამავალ პროექტებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რუსულს. ამას აშშ, ნატო არ დაუშვებენ. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და მას ამერიკა კარნახობს პოლიტიკას.
***
მინდა ყურადღება კვლავ გავამახვილო რუსეთის ტერიტორიებზე, რომლებსაც ქვეყანა კარგავს კრემლის უგუნური პოლიტიკის გამო. მე ჯერ კიდევ 80-იან წლებში ვთქვი, ხოლო შემდეგ, 90-იან წლებში დოკუმენტურად დავაფიქსირე, რომ რუსეთს მომავალში საკუთარი მიწები გაუხდებოდა დასაცავი. რუსები გადაეკიდნენ თავიანთ სამხრეთ მხარეს, კავკასიას, რომელიც მათი არასდროს გახდება, და ამ დროს ფაქტობრივად კარგავენ ციმბირს, რომელიც აურაცხელ სიმდიდრეს ფლობს. აბა, იქ იქნება სახალხო გამოსვლები, თუ იქნება, ჩვენ რუსები არ ვართ და უნდა გამოვეყოთ რუსეთს, დამოუკიდებლობა გვსურსო. რეალურად არც არიან ციმბირელები რუსები. ერთი ჩეჩნები და ინგუშები არიან რუსები და მეორე კიდევ ციმბირში მცხოვრები სხვადასხვა ხალხები.
კიდევ ერთი ტერიტორიული პრობლემა, იაპონიაზე აღარაფერს ვამბობ, რუსეთს ჩინეთისგანაც ელის. რამდენიმე წლის წინ მე ვიწინასწარმეტყველე რუსეთ-ჩინეთის ომი. ეს იქნება ტერიტორიული ომი და ის ისე გაღრმავდება, რომ კოსმოსიც ვერ შეაჩერებს მას.
ასევე წლები წინ ვიწინასწარმეტყველე და აღვწერე ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება ბალტიისპირეთში. აშშ-ს, ნატო-ს უახლესი სამხედრო ტექნიკა ჰყავს შეყვანილი ბალტიისპირეთში და დაკავებული აქვთ სტრატეგიული წეტილები — ტერიტორიას აკონტროლებენ ჰაერიდანაც, ზღვიდანაც და მიწიდანაც. მოკლედ, რუსის ჯარს არც კი გაანძრევენ.
ასეთი გადაწყვეტილებები, შემტევი პოლიტიკა, აირჩია არა აშშ-ის პრეზიდენტმა (რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია, თორემ უკვე პრაქტიკულად, აღარაფერს ეკითხებიან), არამედ რესპუბლიკელებმა, რომლებმაც უკვე იგდეს ხელთ ყველა ბერკეტი და მართვის სადავე, რასაც მე დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ.
ვხედავ, ამერიკა იარაღით მოამარაგებს უკრაინასაც. და ეს ის იარაღი იქნება, რომელიც, ვხედავ, რუსეთს ბრძოლის გაგრძელების ხასიათს დაუკარგავს. ეს იქნება უახლესი სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება. აშშ ამას გააკეთებს ასი პროცენტით. და მომავალში გახდება კიდეც უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ნატო-ს წევრი ქვეყანა. აქ ოლანდს, საფრანგეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, არავინ არაფერს ეკითხება. ოლანდმა, უბრალოდ, ბევრი იფიქრა ამ საკითხზე, იმდენი იფიქრა, რომ ბოლოს გადაწყვიტა, რაღაც ეთქვა და თქვა, ნატო-ში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს ამ ეტაპზე უარი უნდა ვუთხრათო. და მერე რა? მიუხედავად იმისა, რომ ოლანდს ამ თემაზე თანამოაზრეებიც ჰყავს ევროპის ქვეყნებში, ისინი ისეთი ძლიერები და ცნობილები არ არიან, რომ მათ სიტყვას რაიმე ფასი ჰქონდეს. შესაბამისად, არც ფრანსუა ოლანდის განცხადება იყო რამენაირად წონადი. მას არც აშშ დაუდგებს ყურს და არც თავად ევროპა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ შეეშვა ორმაგ თამაშს ბოლომდე.
სხვათა შორის, ვხედავ, რომ აშშ ფრიად კმაყოფილია იმით, რასაც დღეს რუსეთი ევროპას უკეთებს; კმაყოფილია იმიტომ, რომ ფიქრობს, სწორედ კრემლის თავხედი პოლიტიკა აიძულებს ევროპას თვალი გაახილოს და დაინახოს რუსეთის რეალური სახე ბოლომდე.
დიახ, კრემლი თავხედურ პოლიტიკას ეწევა და ამის დასტურია თუნდაც ის ხანძარი, რომელიც რუსეთში აშშ-ს საელჩოში გაჩნდა. ეს ხანძარი რუსების მოწყობილია. არავითარი მოკლე ჩართვა და რაღაც სხვა სახის გაუმართაობა! ეს გამორიცხულია. ამერიკელებს რუსები კიდევ სხვა სიურპრიზებსაც მოუწყობენ, მაგრამ ამერიკელები არც დაშინდებიან და არც უკან დაიხევენ. ბოლოს რუსები მიხვდებიან, რომ ამ პროვოკაციებში ძალიან გადააჭარბეს და შეწყვეტენ უშედეგო ქმედებებს. პირიქით, დათმობებზე წავლენ, იძულებულნი გახდებიან. სხვა გზა არ იარსებებს.
რაც შეეხება საქართველოს, კვლავ გავიმეორებ, რომ ეს ხელისუფლება და მთავრობა, ასე ვთქვათ, გარდამავალი რგოლია და კოსმოსში ისინი დიდ ყურადღებას არ იმსახურებენ. ვითომ რაღაც ახალ სამსახურებს ქმნიან, რომ ხალხისთვის მიცემული დაპირებები შეასრულონ, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ, მაგალითად, ახლად შექმნილი დეპარტამენტის შემთხვევაში, რომელიც სამართლიანობის აღდგენაზე უნდა იყოს ორიენტირებული. კი, ასეთი დეპარტამენტი ნამდვილად საჭიროა რომ არსებობდეს, მაგრამ მათი შრომის ნაყოფს არ ვხედავ.
2015 წელი, 22 მარტი
ვხედავ მომავალში რუსეთის პრეზიდენტს აუცილებლად გაასამართლებენ. ზუსტად ამ საკითხზე მუშაობენ ერთობლივად ამერიკა და ევროპა, და აუცილებლად მიაღწევენ კიდეც მიზანს. უკრაინის, 55 მილიონიანი ქვეყნის ანექსიას, ნამდვილად არ შეარჩენენ რუსეთის პრეზიდენტს. იმ მცდელობებიდან, რომ უკრაინა რუსეთია, რომ ხალხი გაათავისუფლა (და ამაზე უკვე ფილმებს იღებენ, ეწევიან ფართომასშტაბიან აგიტაციას მთელ რუსეთში და ხალხის დაჯერებას ცდილობენ, ამახინჯებენ ისტორიასაც), არაფერი გამოვა. ამით რუსები იმის გადაფარვას ცდილობენ, რაც სინამდვილეში ჩაიფიქრა რუსეთის მთავრობამ – არა მარტო საბჭოთა კავშირის აღდგენა, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მთლიანად დაპყრობა და რუსეთის ტერიტორიად გამოცხადება. იწყებენ იმის მტკიცებას, რომ ევროპა – ეს რუსეთია, რომ ისტორიულად იქ სლავები, ანუ რუსები ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში და ა.შ. და ა.შ. ზუსტად აქედან იწყება რუსეთის დასასრული, მათ პოლიტიკას ასრულება არ აწერია. პირიქით, ასეთი პოლიტიკის გატარება დიდ დარტყმას მოუტანს რუსეთს, ყველაფერი უარყოფითად მიუბრუნდება რუსეთის პრეზიდენტს. ვხედავ ნატოს ჯარები ევროპას არ დატოვებენ. სამხედრო ბაზები ისევე დარჩება, როგორც განალაგეს. ეს კი რუსეთის პრეზიდენტის „დამსახურებაა“. მალე ამოტივტივდება სიმართლე რუსეთის მხრიდან დაშვებული შეცდომების შესახებ. დიახ, შეცდომებისა, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტი ვეღარ გამოასწორებს. რუსი ხალხი ძალიან მალე მოეგება გონს. პრეზიდენტის მიერ სხვა სახელმწიფოების ანექსია რუსეთს წყევლად გადაექცევა. ეს ადგილები მათ საფლავებად იქცევა და ამას მთელი მსოფლიო იხილავს.
2015 წელი, 24 მაისი
…ვხედავ, გაჭირვების გამო საზღვარგარეთ წასული ქართველების უმეტესობა, ვინც იქ მუშაობს, ყველა ოცნებობს, საქართველოში დაბრუნებაზე და მალე ისე მოხდება, რომ ჩვენი ხალხი იქით კი არ გაიქცევა, პირიქით, აქეთ გამოიქცევა – ყველანი, ადრე, წინა წლებში წასულებიც. არ დაგავიწყდეთ ჩემი ადრინდელი წინასწარმეტყველება, რომ სოფლები ისევ გაივსება ხალხით, რომ გლეხი ისევ დაუბრუნდება მიწას, არ მიატოვებს მამა-პაპათა სამკვიდროებს. ჩვენ არც სხვა სამშობლო გაგვაჩნია და არც სხვისთვის დასათმობი მიწა. ამიტომ კბილებით დავიცავთ საქართველოს.
პუტინის გეგმა — საქართველოს დაშლა-განადგურება აუსრულებელია. აი რუსეთის დაშლა და განადგურება კი დაწყებულია…
***
ახლა ყველა მნიშვნელოვან საკითხს ამერიკა წყევეტს, მათ შორის ისეთებსაც, თავად ევროპას რომ ეხება. ერთი არ ყოფილიყო ამერიკა და იმასაც ვნახავდი, რა მდგომარეობაში და სად იქნებოდა ევროპული სახელმწიფოების საზღვრები. და კიდევ, მერკელის ფრაზა არაფერს რომ არ ნიშნავს, თავად რუსებიც კარგად ხვდებიან. სულ ტყუილად ბაქიბუქობს ლავროვი, „დიდი რვიანი“ (საიდანაც რუსეთი გარიცხეს 2014 წლის მარტში, — რედ.) ჩვენთვის არაფერს ნიშნავსო. არადა, ეს ჯგუფი არის უდიდესი ძალა, ეს არის ძლიერთა ამა ქვეყნისა კავშირი, ეს არის ბირთვი, რომელიც დედამიწას ამოძრავებს მთელი თავისი პოლიტიკით, აწესებს კანონებს მსოფლიო მასშტაბით, დირიჟორობს უმნიშვნელოვანეს მსოფლიო პროცესებს — ომებია ეს თუ ხელოვნური ეკონომიკური კრიზისები. ზუსტად მისი მითითებით ჩაღდება და ქრება ომები. ეს ძალიან კარგად იციან რუსებმა. კრემლი რეალურადა შეშფოთებულია იმით, რაც რუსეთის თავს ხდება და თუ არ ეშინია, მაშინ აბა სცადოს და უფრო მძლავრად შეუტიოს უკრაინას, იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე უტევდა, და რასაც მიიღებს პასუხად, იმასაც ნახავს.
ვხედავ, დღეს ვაჭრობა მიდის ამერიკასა და რუსეთს შორის საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების თაობაზე, ანუ ვაჭრობენ იმაზე, თუ როგორ გადანაწილდეს მსოფლიო.
ცოტა ხანში დასალევი არაყი და საჭმელი რომ შემოაკლდებათ, ვნახავთ, რასაც იზამენ ეს ურაპატრიოტი რუსები. ლამაზ ფერებში რომ ეწევიან აგიტაცია-პროპაგანდას, ამით ხალხი, უკაცრავად გამოთქმისთვის, მაგრამ ვერ გაძღება. ეს საკმარისი არ არის.
კერი რომ ჩავიდა მოსკოვში, რუსებმა ზარზეიმით აღნიშნეს, ერთი ამბავი ატეხეს, ამერიკა საკუთარი ფეხით გვეახლა დიპლომატიური ურთიერთობების დასაწყობადო. მე კიდევ ვხედავ და მესმის, რაც მოხდა სინამდვილეში. მაშინ ამერიკელებმა რუსეთს პირდაპირ განუცხადეს, თქვენი გაწელილი ავანტიურები საქართველოსა თუ ევროპის მიმართ უკვე მოგვებეზრდა და დროზე თუ არ შეცვლით პოლიტიკას, მაგ კრემლის კედლებში ჩაგმარხავთო. დიახ, ზუსტად ასე დაემუქრნენ. ამერიკა არაფერს არასდროს არ დაუთმობს რუსეთს-მეთქი, ამას მრავალი წელია ვწინასწარმეტყველებ.
ძალიან დიდი გულუბრყვილობაა იფიქრო, რომ ამერიკელი რესპუბლიკელები რუსებს რამეს შეარჩენენ. ეს გამორიცხულია. აგერ ჯარი განალაგეს ბალტიისპირეთში, ტექნიკა შეიყვანეს დიდი რაოდენობით – იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ხმამაღლა ითქვა, ჩინეთის კედელივით ჩადგა ნატო რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის, შავ ზღვაზე კი არ შემოცურეს, შემოცვივდნენ ამერიკული ხომალდები… და ამ დროს რაზეა ლაპარაკი, რომ ეს რუსეთი უყენებს ულტიმატუმს ამერიკას?!
ვხედავ და ვიმეორებ მრავალჯერ ნაწინასწარმეტყველებს: რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო, თავი დაანებოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, თორემ ეს საკითხი წყევლასავით ადევს მთელ რუსეთს და ამ წყევლის დასტური იქნება ისიც, რომ დიდი ცეცხლი კვლავ აბობოქრდება რუსეთის ტრამალებში, იქნება დიდი სიცხეები, გვალვები, თითქოს ისეთი პერიოდი დგება, რომ რუსულ მიწაზე სიცოცხლე ჩაკვდა. ბევრი სოფელი გადაიწვება და მიწები ხრიოკებად, უდაბნოდ იქცევა.
საინტერესო რამეს ვხედავ ახლა: აზერბაიჯანს ეშინია ამერიკისა. დიახ, ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ თუ ერთი და იგივე მმართველი რვა წელზე მეტ ხანს რჩება ქვეყნის სათავეში, ის დიქტატორია. ალიევმა კი უკვე გადააჭარბა ამ ვადას და ახლა სრულიად შეგნებულად არიდებს თავს ამერიკელებთან შეხვედრას. ისევ ვხედავ, რომ ალიევი ორმაგ თამაშს ვერ ითამაშებს — ესეც ნაწინასწარმეტყველები მაქვს ბევრი წლის წინ. ასე რომ, მისი დროც მოდის.
ვხედავ, ალიევმა შეგნებულად აარიდა თავი რიგის სამიტზე წასვლას. ისე გამოჩნდა, რომ თითქოს ამით რუსეთს გაუგორა კოჭი, მაგრამ ასე უბრალოდ გამოჩნდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ეს სულაც არ ჰქონია მიზნად. რაც ყველაზე საინტერესოა, ალიევისდა უნებურად ისე მოხდა, რომ ამ არწასვლით მან რაღაცა გზა მოიტოვა. დიახ, ასეც ხდება ხოლმე: ადამიანი ხანდახან ქვეცნობიერად რამეს გააკეთებს და მერეღა ხვდება, რომ ამ გაუცნობიერებელ ნაბიჯში იყო მისი საშველი. ზუსტად ასე დაემართა ალიევსაც. თუმცა, ვიმეორებ, რომ ალიევი ამერიკას უფრო საშიშად მიიჩნევს თავისთვის, ვიდრე რუსეთს, ვინაიდან კრემლი ხანგრძლივად მმართველობის გამო პასუხს არ მოსთხოვს და არადემოკრატობაში არ დაადანაშაულებს — თვითონ კრემლში სხედან ლამის სიკვდილამდე თანამდებობებზე. ეს თავად ქვეყნისთვის სასარგებლო რომ არაა, ამაზე არ ფიქრობენ. პოლიტიკოსები ასეთები არიან, ყველაფერზე მიდიან, ოღონდ პოზიცია შეინარჩუნონ.
ვხედავ, ბოლო დროს პრორუსული მიმართულების ორგანიზაციები მომრავლდნენ საქართველოში, მაგრამ რამდენიც უნდა იხმაურონ, არცერთ შემთხვევაში არ გაუმართლებთ, არ არსებობს. ეს არის მცდელობა რუსეთისა, აგიტაცია-პროპაგანდით შეიყვანოს ხალხი შეცდომაში და ქვეყანას უარი ათქმევინოს ევროპულ გზაზე. მაგრამ ვხედავ, ყველა ეს მცდელობა არის წყალში გადაყრილი ენერგია. არაფერი გამოუვათ. მართალია, რუსები ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერზე მიდიან, მაგრამ საქართველო მათ ნებაზე და მათი სურვილის მიხედვით არ იცხოვრებს. ამას არც ამერიკა დაუშვებს — რომელსაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს, და არც ევროპა, რომელსაც იქით ვჭირდებით. მერწმუნეთ, ევრაზიულ კავშირში კიდეც რომ შევიდეს საქართველო ერთ დილას, შუადღეს უკვე გამოსული იქნება. თანაც ეს გაერთიანება, როგორც წარსულში ბევრჯერ ვიწინასწარმეტყველე, არ გაამართლებს, მომავალში საერთოდ არ ვხედავ-მეთქი, ვთქვი.
რაც მთავარია, ამ ევრაზიულ კავშირში შესვლის მოსურნეთა ყვირილი ისევ საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. მათ კი არ სურთ ასე, უნებლიეთ გამოსდით. უნებლიეთ ადამიანებისთვის, თორემ ეს სხვა არაფერია, თუ არა კოსმოსის ნება! სწორედ იმის გამო, რომ ჩვენში ევრაზიულ კავშირს, ერთი შეხედვით, უფრო და უფრო ემატება მომხრეები, რუსეთი თავს იკავებს შემდგომი დარტყმისგან, არ მოდის საქართველოზე ომით იმის იმედად, რომ რაღაც გამოუვა და თავის მიზანს უომრად მიაღწევს. ეს კი არასდროს მოხდება. რუსეთის მიზნები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელდება.
ვხედავ, ნატო, ამერიკა „ღირსეული პარტნიორის” გარდა კიდევ ბევრ სწავლებასა და ღონისძიებას ჩაატარებს საქართველოში. ამერიკა საქართველოს არასდროს მიატოვებს. ბევჯერ ითქვა, ამერიკამ მიგვატოვაო, ვინაიდან თითქოს ასე ჩანდა კიდეც, მაგრამ არ დაიჯეროთ, ეს არასდროს მოხდება.
ვხედავ, ამერიკელები მთელ ტექნიკას, რაც ახლა სწავლებებზე საქართველოში ჩამოიტანეს, ჩვენ დაგვიტოვებენ. საერთოდ, ეს მასშტაბური სწავლებები პირდაპირ რუსეთისთვის იყო გამიზნული იმის სათქმელად, რომ ამერიკა უკვე არის საქართველოში და აქედან წასვლას არ აპირებს, რომ იგი საქართველოს რუსეთს არ დაუთმობს.
გაიხსენეთ, ჩემო ხალხო, სამხედრო პორტების მშენებლობა რომ მაქვს ნაწინასწარმეტყველები საქართველოში, იქ სწორედ ამერიკული სამხედრო გემები ჩამწკრივდებიან და ეს იქნება უდიდესი დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის.
„ღირსეული პარტნიორი“ – ეს დიდი დარტყმა იყო კრემლისთვის და კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება ის, რომ 26 მაისს ამერიკელი ჯარისკაცები ქართველ სამხედროებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ეროვნულ ზეიმში. მოკლედ, პუტინს გული გაუსივდება ბოღმით. ეს ერთობლივად ჩატარებული საზეიმო ღონისძიება არის ნამდვილად პირველი მერცხალი იმისა, რომ ასეთი ღონისძიებები, თანაც უფრო მასშტაბური, მომავალშიც გაიმართება — დიახაც, ზუსტად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ამერიკელი ჯარისკაცები რჩებიან ქართულ მიწაზე, არა ქალაქებში, არამედ საქართველოს საზღვრებზე. ასე ბატონებო, ჩვენ ვიცავთ პატარა ერებს, რომელთა გადარჩენაც ჩვენი ვალიაო, ასე გამოაცხადებენ ამერიკელი რესპუბლიკელები.
თავდაცვის სამინისტროში წავა ძალიან დიდი ცვლილებები. მინისტრების ცვლას არ აქვს მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც მთლიანად ამერიკა უდირიჟორებს ქართული ჯარის განვითარებას. ეს პოლიტიკური სცენარი უკვე დაწერილია.
რუსეთი ჯიუტობს, მაგრამ არაფერიც არ გამოუვა. თუ რუსეთი არ დათანხმდა „შვიდიანის“ წინადადებებს, საკუთარი სახელმწიფო, ვგულისხმობ ეკონომიკას, თავზე დაექცევათ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთში შიდაომები იქნება. კრემლის ბინადრებმა აუცილებლად უნდა შეცვალონ პოლიტიკა და არ უნდა გაწირონ რუსი ხალხი. თვითონაც ხვდებიან, რომ რუსეთის პრეზიდენტს თითქოს პირადულში აქვს გადასული ქართულ-რუსული ურთიერთობების თემა. ზუსტად ეს აღიზიანებს მთელ მსოფლიოს.
რუსეთის ერთ-ერთი დიდი პოლიტიკოსი გარდაიცვლება (ვიცი ვინც არის). ეს რუსეთის პრეზიდენტისთვის დიდი დარტყმა იქნება. საერთოდ ისეთი მდგომარეობა შეიქმნება, ისეთი პოლიტიკური სიმძიმე ჩამოწვება, რომ რუსებისთვის ნამდვილად არ ეღირება სამაჩაბლოსა და აფხაზეთისთვის ამხელა რუსეთის გაწირვა. მით უმეტეს, რომ რუსულ პოლიტიკას წყალი აქვს შეყენებული სომხეთშიც. ხდება უკვე ისეთი ინციდენტები, რაზედაც სომეხი ხალხი თვალს ვერ დახუჭავს და დიდი ბრძოლები გაიმართება. გახსოვთ, ალბათ, მთვრალმა ჯარისკაცმა ოჯახი რომ ამოხოცა სომხეთში. აი მაგდაგვარი შემთხვევები — სხვადასხვა კონტექსტში თითქოს — კიდევ გამეორდება.
რუსეთი პოსტსაბჭოთა ხალხს თავის მონებად მიიჩნევს, თითქოს ადამიანებადაც არ თვლის და ფიქრობს, რომ ასე იყო და ასე უნდა გაგრძელდეს. აი აფსუებს ხომ გამუდმებით ვაფრთხილებდი, რუსი გაგანადგურებთ-მეთქი? დიახ, რუსი და არა ქართველი. და ეს დღეს უსრულდებათ.
ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან აწარმოებს, წამგებიანია და ამაზეც უამრავი წინასწარმეტყველება მაქვს ჩაწერილი.
ვხედავ, ჩინეთსა და იაპონიას შორის ძალიან დაიძაბება პოლიტიკური ურთიერთობები. თითქოს ყველაფერი მოულოდნელად ხდება და იწყება ომი. ამ ომს სწრაფად შეაჩერებს ამერიკა. აი მიზეზს კი, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ვერავინ დაასახელებს. უბრალოდ, ვერ ჩასწვდებიან მიზეზს.
ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ანუ ეს ომი, მართვადია. ეს ომი აწყობთ დღევანდელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ბუჩქებიდან ადევნებენ თვალყურს პოლიტიკურ პროცესებს. მათ მარტივად შეუძლიათ ომის შეჩერება, მაგრამ ასე აწყობთ და არ აჩერებენ. მაგალითად, ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს” მართავს ამერიკა და არა რუსეთი. ეს უკანასკნელი უკვე ისედაც იმდენ შარშია გახვეული (მაგ. უკრაინის გამო), რომ ამის თავი უკვე არ აქვს.
საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ურანის გამდიდრებისა და ბირთვული იარაღის შექმნის პროცესში ირანს საგანგებო ვითარება მოუხდება და ირანელები დახმარებას მოსთხოვენ ზუსტად იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქამდე უმტკიცებდნენ, ურანს სამშვიდობო მიზნებით ვამდიდრებთ და არა საომარიო. თუმცა ვხედავ, ირანს „ატომი“ მაინც ექნება მომავალში და მას ბოროტი ზრახვებისთვის არ გამოიყენებს. ყველაფერი ისე შეიცვლება და ისეთ მიმართულებას მიიღებს, რომ ამ იარაღის გამოყენება თავად ირანის დასამარება იქნება.
2015 წელი, 7 ივლისი
რუსეთის პრეზიდენტს მომავალში, ვხედავ, მისი ვითომდა მეგობარი სახელმწიფოებიც აღარ ენდობიან — მთელი მსოფლიოს წამყვანი და არაწამყვანი ქვეყნებიც. პრეზიდენტისთვის უკან დახევა, ან რაიმეს დათმობა, საერთოდ მიუღებელია. იგი თავის თავს დიდ პოლიტიკაში ყველაზე ჭკვიან და დაუმარცხებელ ფიგურად თვლის. ეს ძალიან საშიშია. იგი კარგავს ვითარების რეალურად შეფასების უნარს, ასე რომ, ყველაფერზეა წამსვლელი — ბირთვული ომის დაწყებაზეც კი. ეს ასეა, ნურც ნურავინ იოცნებებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამას არ ჩაიდენს. ვიმეორებ, იგი ყველაფერზეა წამსვლელი, ლაპარაკობს ერთს და აკეთებს მეორეს. მის დაპირებებსა და შეთანხმებებს ფასი არ აქვს. იგი იმ პოლიტიკას ატარებს, რაც მხოლოდ მისთვის არის მისაღები. ამით რუსეთის პრეზიდენტმა ნდობა დაკარგა და მთელი მსოფლიო – მეგობრებიც კი, არ ენდობიან. ეს კი რუსეთის სრული კოლაფსია. ერთი, რაც რუსეთს გადაარჩენს, არის მთავრობის შეცვლა თავის პრეზიდენტთან ერთად და ეს ასეც მოხდება ახლო მომავალში.
იმ გეგმებს, რაც რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს მიმართ აქვს, ასრულება არ აწერია. პირიქით, ყველა შავი ჩანაფიქრი რუსეთს უკან მიუბრუნდება და კოსმოსი საკუთარ სახლში მიაყენებს დარტყმას. ამინ!
2015 წელი, 18 ივლისი
მომავალში ვხედავ, რუსეთის ტერიტორიები წყლის უზარმაზარი მასით დაიფარება, განსაკუთრებით სოჭი.
აფხაზეთის დიდ ნაწილსაც წყალში ვხედავ, სოხუმი თითქმის აღარ მოჩანს. ეს ყოველივე ღვთის რისხვას ჰგავს. მოსახლეობა გარბის, ადამიანები უსაფრთხო ადგილებს ეძებენ, მაგრამ ვერ იპოვიან. დიდია მათი ცოდვები.
ვხედავ, თითქოს კოსმოსი ასუფთავებს ამ ადგილებს, რომლებიც ნამდვილ პატრონებს ელოდებიან. ეს პატრონები კი ქართველები არიან. დიახ, ამ მიწების პატრონები ქართველები არიან. სამაჩაბლო, აფხაზეთი – ქართველთა გარდა ამ ადგილებში ვერცერთი სხვა ეროვნება ფეხს ვერ მოიკიდებს.
და ისევ ვიმეორებ: ის გეგმები, რაც რუსეთის მთავრობას აქვს ჩაფიქრებული საქართველოს მიმართ – ქვეყნის სრული განადგურება – აუხდენელ ოცნებად დარჩება რუსეთს. პირიქით, თვითონ რუსეთის იმპერია იშლება და მომავალში აღარ იარსებებს. დღეს რუსეთის ეკონომიკა – ეს არის სრული კოლაფსი, იგი გარდაცვალება და ვერავინ გააცოცხლებს. მისი მომავალი იმდენად ნეგატიურია, რომ ანალიზს ვერცერთი დიდი ინსტიტუტი ვერ გააკეთებს.
მოსკოვში 90-იან წლებზე უარესი პერიოდი იწყება. ხალხი, ვიმეორებ, ქუჩაში გამოდის. იმ პოლიტიკას, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ატარებს, რუსი ხალხისთვის მომაკვდინებელია. მათი ვითომდა გადარჩენა ერთი კაცის ამბიციებზეა დამოკიდებული, რომელსაც მალე ნიღაბი აეხდება. რუსეთის პრეზიდენტს გარემოცვა აუმხედრდება – ყველაზე ახლობელი ადამიანები. ეს მისი დასასრულია!!!,“ – ვკითხულობთ პოსტში.