Digest Logo

„კაბინეტში შემობრუნდა და თავს მახსენებს: „ექიმო მე სამ ასოზე რომ გამიშვი ის ვარო“ - სახალისო ისტორიები, რომლებიც ექიმს გადახდათ

1638874938
სმაილიკი განწყობისთვის

ექიმი სოციალურ ქსელში სასაცილო ისტორიებზე წერს, რომელიც მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადახდა თავს. სახალისო ისტორიების ჩანაწერს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„მაშინ რამდენიმეს დავწერ, ექიმი ვარ და კურიოზი ხშირია:

✌ მიმღებში პაციენტი შემოვიდა „უცნობმა" კატამ დამკბინაო. მე ჩამოუთვალე კატები: ტომი, გარფილდი, ლეოპოლდი (არ უკბენდა მსოფლმხედველობიდან გამომდინარე მაგრამ მაინც) და Hello Kitty. არცერთი არ ეცნო სამწუხაროდ. იუმორზე აცრილი იყო. ცოფზე ჩვენ ავცერით.

✌ შემოდის კაბინეტში ორი შუახნის მამაკაცი, როგორც ჩანს ერთ-ერთი მეგობარია და ექიმთან წამოყვა. კარები მოხურეს. შემდეგ ერთ-ერთი ჩემთან ახლოს მოვიდა და ხმადაბლა მითხრა: „ექიმო! ერთი ერთში მინდა დაგელაპარაკოთ!" სასწაული!!!

✌ კაცი მეუბნება გვირილის ნაყინით ვიბან ხოლმეო, მერე არ გცივა -მეთქი? ან სად შოულობთ?

✌ 78 წლის ბებია მეუბნება, რომ დავრბივარ თირკმელები მტკივაო. დამცინის?

✌ კაბინეტის ღია კარებში კაცი ჩადგა, ამოიღო ტელეფონი და ვიღაცას ურეკავს. ცოტა ხნის შემდეგ ჩემზე ეკითხება: დიმა ჯუღელი ეს არისო? იმან კიდევ კი ეგააო.

✌ პაციენტმა შემოაღო კარები და მეუბნება: მოვბრძანდიო. ეს იმიტომ, რომ გუშინ ვუთხარი ხვალ მობრძანდით თუ შეიძლება ანალიზებით მეთქი.

✌ ეს მკლავს კიდევ: რა ტაბლეტს სვამდა თვეობით ვერ იხსენებს და გიხსნის შემდეგნაირად. მარჯვენა ხელის ნეკს და მიმდებარე 2 თითს გაფშიკავს, ხოლო ცერს და საჩვენებელს ისე მოღუნავს, რომ ტაბლეტის დიამეტრს დაემთხვეს და გაჩვენებს, აი ასეთი პატარა კოკრებია - თეთრი.

✌ პაციენტი გავაგზავნე ანალიზის ჩასაბარებლად: „პროსტატა სპეციფიკური ანტიგენი" შემოკლებით PSA. ფურცელზე დავუწერე ლათინური აბრევიატურა და გავუშვი. რა თქმა უნდა დაკარგა ეს ფურცელი. გარკვეული დროის შემდეგ კაბინეტში შემობრუნდა და თავს მახსენებს: „ექიმო მე სამ ასოზე რომ გამიშვი ის ვარო“.

✌ პაციენტს ვეკითხები ანტიბიოტიკზე: რამდენ ტაბლეტს სვამთ? პასუხი: ბლომად!

✌ კაცი სტიქია- პაციენტის თქმით, ანალიზების ნაწილი წყალში დაუსველდა, ხოლო დანარჩენი ცეცხლში დაეწვა. ზვავს და მეწყერს არ შემოიყოლებდეს კაბინეტში და ანალიზებს დავეძებ?

✌ ეტყობა ამდენი ცუდი ამბით გავლენის ქვეშ მყოფმა შუა ხნის მამაკაცმა კარები შემოაღო და რიხიანად იკითხა, ნეკროლოგი მინდაო! მე, მე, მე რა უნდა მეპასუხა? ენის დაბმას დუმილი ვარჩიე და ცოტა დრო მივეცი. (თან გულში ვფიქრობ ნეტა ვინმე გარდაცვლილის ფორმა 100 უნდა? უნდა მე მოვკლა და მერე ნეკროლოგი დავწერო? თუ ცოცხლად უნდა წინასწარ მივცე მისი ბიოგრაფიისა და დამსახურებების მიხედვით?) თვალებიდან მცვივა კითხვები ვერ ვერკვევი მეო და აქ წერია რაც მინდაო და ქაღალდის ნაგლეჯი გამომიწოდა. გადავრჩით! ნეფროლოგი უნდოდა.

✌ დანიშნულება ხომ არ წამოგიღიათ? - ვეკითხები მოხუცი პაციენტის შვილს. არა ექიმო - დაგვრჩა. რა წამალს ასმევდით? - პაუზა. სახელი? დიახ. სახელი არ მახსოვს. მაშინ გვარი მითხარით - გავეხუმრე მე. გეწაძე!

✌მოხუცი ქალბატონი მეუბნება: „ღვინის დალევა მიყვარს, მაგრამ ეს იმიტომ რომ ჰოროსკოპში მიწერია ასეო".

✌ პაციენტი მიხსნის, რომ შარდის შეუკავებლობა მაქვსო. ვიყავი თქვენთან და წამალი დამინიშნეთ, რომელიც მომიხდაო. მერეო ვაკვირდებიო. ფეხზე თუ შემცივდა ისევ შეუკავებლობა მაქვსო და თუ ჩავიცვამ თბილად წინდებს გამივლისო. თბილი წინდების გამოსაწერად მოვიდა.

✌ კორიდორში ასე 80 წლის ბებია ეუბნება დაახლოებით მის თანატოლ ბაბუას: „ბიძაჩემო! თქვენ აქ ელოდებით?“.

✌ ორშაბათი მძიმე დღეა! ბოლო პაციენტი ზრდასრული ორმეტრიანი მამაკაცი მიმტკიცებს, რომ თანდაყოლილი ერთი თირკმელი მაქვს, ბევრჯერ ვარ გამოკვლეული, დაწეულია და შარდის ბუშტის ქვეშ არისო“.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„სექსი დასაშვებია, ოღონდ უკონტაქტო... ბოდიში, აბა მხოლოდ მორგებში უნდა იყოს ანშლაგი?“ - ლალი მოროშკინა

„ჩემო ნაც-ტროლებო, ბოტებო... მიდით, აიშალეთ ფაფარი, გაფარჩაკებულებო “ - ვის მიმართავს დათო ოქიტაშვილი

ქუთაისში 3 თვის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

VIDEO: „რა ხელისუფლების ამოტრიალებაზე საუბრობთ, საკუთარ ლოგინში ვერ ამოტრიალებულხართ“ - მწვავე დაპირისკირება პირდაპი ეთერში