„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე სტატუსს აქვეყნებს და საქართველოში კორონავირუსის სააწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას ეხმაურება.
„17 მილიონი ადამიანიდან, რომელსაც აკვირდებოდნენ, ოცდაათს აღმოაჩნდა ტრომბი. გაირკვა, რომ მათ მიირთვეს მაკარონი. მაკარონი იწვევს ტრომბს?
ზუსტად ასეთივე ფაქტი დაფიქსირდა ასტრა- ზენეკას ვაქცინით აცრილების რაოდენობასა და აცრის შემდეგ გამოვლენილ მსგავს შემთხვევებს შორის.
როგორც ასეულ მილიონობით აცრის შედეგებიდან ირკვევა, ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს ცირკულირებს, აღმოჩნდა უსაფრთხო და ეფექტიანი. ეს ეხება ჩინურსაც და რუსულსაც. რუსული შემთხვევა იმიტომ არის კრიტიკის ობიექტი, რომ მის ხელისუფლებას არ ადარდებს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რადგან სანამ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებზე გამოცდიდნენ, ფაქტობრივად, მილიონობით ადამიანზე გამოსცადეს.
გაუმართლათ. არ მოხდა ცუდი რამ. ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ჩინურასც და რუსულსაც დაარეგისტრირებენ კომპეტენტური და სანდო ორგანიზაციები. ეს არ ნიშნავს, რომ რუსული შემოვიტანოთ. ეს უკვე პოლიტიკაა და არა მედიცინა. რაღაც ეტაპზე ჩინურიც რომ შემოვა, ეჭვიც არ მეპარება. ალბათ გრიპივით ყოველწლიური გახდება კოვიდზე აცრა. ამიტომ, შევეშვათ წუნიობას, რასაც მდიდარი ქვეყნები (ფულიანი არაბებიც კი) არ მიმართავენ და დროულად შემოვიტანოთ რაც ხელში ჩაგვივარდება. ასევე დროულად მივცეთ უფლება კერძო სტრუქტურებს ჩაერთონ ამ პროცესში.
ამ შემთხვევაში დრო სიცოცხლეა. დრო რომ ფულია, ეს კი ვისწავლეთ, მე მგონი“- წერს რომან გოცირიძე.