ხათუნა ხოფერია, რომელიც წარსულში, ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, შევარდნაძის მხარდამჭერი და ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი იყო, 1995 წლიდან პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან ერთად, „მოქალაქეთა კავშირს“ წარმოადგენდა.
ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სააკაშვილთან ერთად 1998 წელს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„თემურ ალასანიას გაწბილებული სიბერე ანუ სილაში ვარდი!…. ამ სათაურით ვაპირებდი მოანალიტიკურო-მომელოდრამულო პოსტის დაწერას. გეგმა ასეთი იყო:
1. როგორ შექმნა საბჭოთა სპეცსამსახურების ჩინოსანმა საკუთარი დისშვილისგან მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა ანუ პროექტი N-12.
2. რა ბიზნესინტერესები იდგა დისშვილის პრეზიდენტის სავარძელს მიღმა.
3. როგორ იცილებდა საკუთარ ბიზნესკონკურენტებსა და დისწულის პოლიტიკურ კონკურენტებს სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარებით „ბიძა- ლიკვიდატორი“.
4. სააკაშვილის უმადურობა თუ მისივე გარემოცვის გაძლიერება მსოფლიო კორპორაციებში. ვინ ჩაანაცვლა თემურ ალასანია? იმედგაცრუება N1.
5. მარცხი, რომელმაც „პრომეთე“ ისევ ბიძას მიაჯაჭვა.
6. „მიშა მაგარია“-ს უკრაინული ვერსია ანუ პროექტი N-2 : ა) მაიდანი. ბ) ოდესა. გ) ციხე. დ) უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.
იმედგაცრუება N2. ხელისუფლებასმოწყურებული “გმირი” თუ მოტყუებული პატიმარი?! სად არის თემურ ალასანია? მასაც ხომ არ მობეზრდა მისივე შექმნილი პროდუქტის შეფუთვა და შემდგომ სარფიანად გაყიდვა? მოხუცმა ბიძამაც ხომ არ გაიმეტა იგი ციხისთვის? დაიღალა?… ალბათ…
P.S. მეგობარს ჩავუგდე ჩატში ამ არდაწერილი პოსტის სათაური - სიბერეგაწბილებული თემურ ალასანია ანუ სილაში ვარდი. პასუხი მივიღე ასეთი: ალასანია კი არის ვარდივით და ეს საცოდავი ქე არის სილაში ყელამდეო…
P.P.S. ამას რომ ვწერდი, სულ მედგა თვალწინ ერთი აწოწილი, დიდი ნაბიჯებით მოსიარულე, მუდამ მოღიმარი, მაგრამ ღიმილის მიღმა ჩაფიქრებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ყველას ესალმებოდა, ყველას რაღაც ახლობლურ, მოიუმორისტო რეპლიკებს ესროდა. თვალებით სულ ტელეკამერებს ეძებდა, რათა მუდმივად ყოფილიყო ყურადღების ცენტრში. მას უყვარდა ტელევიზორი და ახალგაზრდები… მას ყველაზე მეტად ეშინოდა ტელევიზორის და ახალგაზრდული გაერთიანებების… მოკლედ, მე ამ პოსტს არ დავწერ………………… აღმოჩნდა, რომ რთულია წერო მსხვერპლზე… მილიარდიანი პროექტების მთავარ გმირზე, რომელიც საკუთარ თავში დაიკარგა… ჰო! აი, ბიძას რაც შეეხება… ნუუუ, მაგას უკვე არც არაფერი არ შეეხება“, - წერს ხოფერია.