Digest Logo

„ნუ ეთამაშებით სიკვდილს! გთხოვთ, აიცერით! “ - ნანა გეგეჭკორი მოქალაქეებს მიმართავს

1629375757
ექიმი ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, საქართველოში რთული ეპიდსიტუაციაა, რისი გამოსწორებაც მხოლოდ ვაქცინაციითაა შესაძლებელი.

„წერილებიდან ჩანს, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი კოვიდინფიცირებული, მძიმე ჰიპოქსიით, ვერ იღებს საჭირო დახმარებას იმის გამო რომ ჰოსპიტლებში ადგილები შეზღუდულია.

ნუ ეთამაშებით სიკვდილს. გთხოვთ აიცერით! უსამართლობაა კოვიდით სიკვდილი იმ პირობებში როცა პრევენციის საშუალება არსებობს.

კოვიდის ვაქცინა ნამდვილად იცავს სიკვდილისგან. კოვიდის ვაქცინის ფუნქცია არ არის ინფიცირებისგან სრულად დაცვა, მან სიკვდილის და ჰოსპიტალიზაციისგან უნდა დაგიცვათ.

ნუ უგდებთ ყურს უსინდისო ტროლ-ბოტებს, რომლებიც კედელ-კედელ ავრცელებენ თითქოს საქართველოში უამრავი ვაქცინირებულია გარდაცვლილი. საბედნიეროდ, ორჯერადად აცრილი გარდაცვლილები არ გვყავს და ეს თვალნათლივ აჩვენებს, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოში გამოიყენება, ყველა უკლებლივ, იცავს სიკვდილისგან.

არ არის კოვიდ ვაქცინა მასონების მოგონილი, არც დასაჩიპად გამოიყენება, არც ემბრიონულ მასალას არ შეიცავს, არ იწვევს სიკვდილს, ნამდვილად არ იწვევს უშვილობას, არ ვნებს ჩვილს ძუძუთი კვებისას, არ ვნებს ნაყოფს მუცლადყოფნისას, არ ვნებს ადამიანებს მძიმე ქრონიკული დაავადებებით… გამოგონილი, ბოროტი მითებია ეს ყველაფერი.

მე ავიცერი, ჩემი ოჯახის წევრების, ახლობლების უდიდესი ნაწილი აცრილია, ნაწილს კოვიდი აქვს გადატანილი და თავის რიგს ელოდება როგორც კი ანტისხეულები ვეღარ დაიცავს იმწუთასვე აიცრას. ახალგაზრდა ბიძაშვილები ავცერი, რომ სიკვდილისგან ვიხსნა და ზუსტად ვიცი, როცა მათ ცხოვრებაში ამის დრო დადგება ჯანმრთელი შვილები ეყოლებათ. კოვიდ ვაქცინა მათ მხოლოდ დაიცავს, რომ ცოცხლები და ჯანმრთელები დაელოდონ სიყვარულს.

აიცერით, გადარჩებით სიკვდილს და გადაარჩენთ სხვებსაც… უგუნურობაა ისეთი დაავადებისგან დაიღუპოთ, რომლის პრევენციაც ვაქცინითაა შესაძლებელი. თუ პრინციპულად არ ან ვერ იცრებით, დაიცავით პრევენციით წესები, გთხოვთ! ნუ გაავრცელებთ სიკვდილს“,- წერს ნანა გეგეჭკორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„მომღერლებო, გთხოვთ, იქნებ დაინდოთ ახალგაზრდები და გადაარჩინოთ სიკვდილს" - ნანა გეგეჭკორი

🔵„მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, დაგვიანდა ყველაფერი, დაგვიანდა ვაქცინაცია" - ექიმი ლევან გოგუაძე

🔵„ბოდიში, ვერ დაგეთანხმებით... კოვიდით ავადდება აცრილიც და აუცრელიც“ - რატომ უპირისპირდება იუნა შაფათავა ამირან გამყრელიძეს