სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო დარსაველიძე კორონავირუსის ახალი შტამის საშიშროებაზე „ფეისბუკზე“ პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინის წინააღმდეგ გამოდიან გონიერების გამოჩენასა და ვაქცინის გაკეთებას სთხოვს.
„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამე უფრო აპოკალიფსური, ვიდრე ქიმიურ კომაში შეყვანილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ბავშვი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის და მარცხდება? მე არა. იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი რამ. ევოლუციამ იზრუნა, რომ მაგაზე მეტი უბედურება ვერ წარმოგვედგინა და თუ ვინმეს შეუძლია ამაზე უარესის წარმოდგენა, ბუნების შეცდომაა მისი გონება. და აი ისიც. როცა უკვე აღარაფრის ძალა აღარ გვაქვს ზრდასრულებს, იმიტომ რომ ძალიან მაგრად დავიღალეთ, 2020-ში, იმიტომ რომ 2020-ში ხანდაზმულები უნდა გადაგვერჩინა, 2021-მა ახალი კარტი გახსნა და ამოცანა გართულდა. გაჩნდა კოვიდის შტამი, რომელიც არ ინდობს ბავშვებს. ზრდასრულებს გვაქვს მცირედი არსენალი, რომ ეს ბავშვები დავიცვათ: პირბადე, დისტანცია და აცრა. ეს უკანასკნელი ბავშვებისთვის არაა ხელმისაწვდომი, სამაგიეროდ ხელმისაწვდომია თქვენთვის. აქ ვეღარ იტყვი, რომ ვისაც უნდა-აიცრას. ვეღარ იპოვით ნუგეშს ვერც გარდაცვლილის ასაკსა და ქრონიკულ დაავადებებში, არ არსებობს ნუგეში, როცა ბავშვი კვდება. მორწმუნეებო, თქვენ ვისაც დღეს გიყვებიან, რომ აცრა ანტიქრსიტემ მოავლინა თქვენს დასამონებლად და ამის გჯერათ, ისიც დაუშვით, რომ ცრუ მესიაა თქვენს თვალწინ და ანტიქრისტე გელაპარაკებათ მისი პირით. წერია ეს სახარებაში, თუ წაიკითხავთ. ვინც გეუბნებათ, რომ აცრას თუ გაიკეთებთ, 3 წელიწადში მოკვდებით, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარის გაწირვა რომ შეგეძლოთ, არ გაწირავთ? თუ მაინც და მაინც იქამდე უნდა მიხვიდეთ, რომ ეს სიტყვები ფორთხვით იმეოროთ, როცა უკვე აზრი აღარ იქნება, იმიტომ, რომ შეგეძლოთ, მაგრამ ხატია სიჭინავას და მამა შალვას დაუჯერეთ?“ - წერს ნინო დარსაველიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„გვიანი იყო, დამირეკა პატარა ბიჭმა, მორჩა ფანტაზია აღარ მაქვს, როგორ ვიცხოვროო“ - ნათია ფანჯიკიძე
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი რეგიონების მიხედვით