საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მწერლის, მხატვრისა და სცენარისტის რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას ეხმაურება.
„არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქებს უდრიან. ადამიანებს, შენობებს, ცხოველებს, მცენარეებს, შესახვევებს, ამ შესახვევებში შეხვეულ ჩურჩულებს, ცრემლებს, სიცილებს. რეზო გაბრიაძე უდრის ქუთაისს. ქუთაისი კიდევ ძალიან დიდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი უდრიდეს, მაგრამ რეზომ შეძლო და დაეტოლა. ეს დატოლება სიტყვაში მის გადათარგმნას გულისხმობს, გადათარგმნას და ასე განსაჯეთ, გაბევრებასაც კი.
შევხვდი რამდენჯერმე. სულ ბოლოს თვითონ მიმიხმო, თეატრში. ლაპარაკობდა ფრაგმენტულად, ფიქრნარევი შეყოვნებით და ზუსტად. ეს სიზუსტე იყო მისი მთავარი იარაღი. ამ სიზუსტით დაგვიმიზნა ასობით ფრაზა. სიტყვის ასეთი „მსროლელი” ცოტაა. აქ კი არა, მსოფლიოშია ცოტა. მერე, ორიოდ თვის წინ, დაბადების დღეზე, საკუთარი წიგნი გამომიგზავნა – შემაშინებლად საოცარი ყურადღების ნიშნად.
ცათმფრენზე ზის ახლა რეზო, ზის ღიმილით და უვალოდ. მიფრინავს და გვიღიმს აქეთ გადაუხდელ ვალში მყოფებს. დროებით, დიდო კაცო“, – წერს კეკელიძე.
ცნობისთვის, გუშინ, 84 წლის ასაკში რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა.