მსახიობი ზურა ყიფშიძე ოლგა ბაბლუანის გადაცემას „რა დროს ძილიას“ სტუმრობდა, სადაც ოჯახში ძალადობის თემას განიხილავდნენ. მსახიობმა აღნიშნა, რომ არცთუ ისე იშვიათად, ძალადობის გამომწვევი მიზეზები ქალებს შორის უნდა ვეძებოთ.
ზურა ყიფშიძე:
„გამომწვევი მიზეზი? რომ გააღიზიანო, გააგიჟო? ამას არ ვთვლით, მაპატიეთ?!. ხომ არ არის ყველა მანიაკი… ხომ არის, კაცი უბრალოდ გაბრაზდება და ამ გაბრაზების მიზეზი და ასე ვთქვათ, „ამგდები“ მოდის ქალისგან. ძალიან მიყვარხართ ყველანი და მაპატიეთ, მაგრამ ასეა. ძალიან ხშირად იმპულსი, რომ კაცი გადაირიოს, გაგიჟდეს და რაღაც საშინელება ქნას, ხშირად, სამწუხაროდ, ქალებისგან მოდის“, - განაცხადა ყიფშძემ.
დაახლოებით, ასეთივე მოსაზრება რამდენიმე თვის წინ მსახიობმა გიორგი გურგულიამაც გამოთქვა. როდესაც მას ცოლმა ოჯახურ ძალადობაში დასდო ბრალი, გირგილიამ განაცხადა, რომ საქართველოში კაცების უფლებები ირღვევა და მას არცერთი ორგანიზაცია არ იცავს.
„არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კაცების უფლებებს იცავს. მე პირდაპირ ვიძახი, რომ ამ ორგანიზაციას ჩავუდგები სათავეში. კაცის უფლებები ამ ქვეყანაში უნდა დაიცვან. ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული ქართული ოჯახების დასანგრევად და გასაუბედურებლად და ამას წინ ყველანაირად აღვუდგები“, - განაცხადა გიორგი გურგულიამ.