Digest Logo

მე და მაიკოს თავისუფლად შეგვიძლია, საღამო ერთად გავატაროთ - ლევან ლაზარიშვილი

1608300478
მაიკო კაჭკაჭიშვილი და ლევან ლაზარიშვილი

მუსიკოსი ლევან ლაზარიშვილი რამდენიმე წლით ყაზახეთში იმყოფებოდა. ახლა ის სამშობლოში დაბრუნდა და ყოფილ ცოლთან, კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილთან ურთიერთობა აღადგინა. როგორც ლევანი „თბილისელებთან“ ჰყვება, მათ ძალიან კარგი ურთოიერთობა აქვთ და არც შერიგებაა გამორიცხული.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ „თბილისელებში“ გამოქვეყნდა:

– გამორჩეული სიყვარულის ამბავი გაქვთ.

– მაიკო მეგობრებთან ერთად მოვიდა სტუდიაში, სადაც უთხრეს, რომ ხმის რეჟისორი ლევან ლაზარიშვილი იყო. მაგრამ ერთმანეთი რომ გავიცანით, თავიდან ვერ მიცნო. ხუჭუჭა ბავშვს ელოდებოდა და 27 წლის, სათვალეებიანი ლევანი ეუცხოვა (იცინის). ძალიან მომეწონა მუსიკისადმი მისი დამოკიდებულება და ხედვა. დავმეგობრდით, მინდოდა, ერთად გვემუშავა ამ სფეროში. თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ცოლ-ქმარი გავხდებოდით.

– მაგრამ მაიკოს უკვე ჰქონდა თქვენდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება.

– მაიკო ამბობდა, რომ ბავშვობიდან ვუყვარდი, მაგრამ როგორც მომავალი მეუღლე, ვერ ვეყვარებოდი. უბრალოდ, იმ წლებში ბევრი ბავშვი არ იყო, ვისაც საკუთარი ალბომი ჰქონდა გამოშვებული და საბჭოთა კავშირის მასშტაბით აჩვენებდნენ ტელევიზიით. ამიტომ, არაფერი იყო იმაში გასაკვირი, რომ მაიკოსაც სცოდნოდა ჩემს შესახებ. თუმცა ბავშვობა წარსული იყო, რომელიც მაშინ ჩემთვის უკვე აღარ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ მაშინდელი რეალობა და სურვილი იმისა, რომ თანამედროვე მუსიკა გვეკეთებინა. ამ მოცმულობაში უპირატესობა არავის გვქონდა, ყველა დამწყებები ვიყავით. ასე რომ, მე და მაიკო, თავიდან პროფესიულად დავახლოვდით და შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სხვაგვარად განვითარდა. ოჯახი შევქმენით და ტყუპები შეგვეძინა.

– თუმცა, მალევე დასრულდა თქვენი ურთიერთობა.

– დიდი ხანი ვიყავით ძალიან კარგად. არც მერე გაჩენილა ჩვენს ურთიერთობაში კონკრეტული პრობლემა. უბრალოდ, ცხოვრება ისე აეწყო, რომ მე ყაზახეთში გადავედი საცხოვრებლად და აქ ზაფხულობით ჩამოვდიოდი. დროისა და მანძილის გამო ბუნებრივად დავშორდით ერთმანეთს. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლა შორს ვართ ერთმანეთისგან. ჩვეულებრივად ვურთიერთობთ, მეც მივდივარ მასთან, ისიც მოდის ჩემთან. ერთ სახლში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

– მაიკო თვითონაც წერდა, ამდენი წლის შემდეგ ვრიგდებითო.

– კი, ასეა.

დაშორების შემდეგ ოჯახი არც შენ შეგიქმნია და არც მას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შორის გრძნობა არ განელებულა?

– რომ განელდა, ალბათ, ამიტომაც მოხდა ასე. ვერ ვიტყვი, რომ მე ვარ ისეთი კარგი და მაიკო ამიტომ არ თხოვდება. შეიძლება, გინდოდეს, რომ კარგი თქვა საკუთარ თავზე, მაგრამ სინდისიც ხომ არსებობს?! ამიტომ ზედმეტს ვერ მივიწერ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემგან წასული ადამიანი, რომელიც უკვე ჩემი მეუღლე არ არის, მე შემომნატრის და ამიტომ არ თხოვდება, ეს თავხედობა იქნება. ჩვენი ურთიერთობა თავისუფალია, ერთმანეთის მიმართ მოთხოვნები არ გვაქვს.