„ელმალის საქმის" შემდეგ, რომელმაც მთელ თურქეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია, არასრულწლოვნობის პერიოდში განცდილი სექსუალური ძალადობის შესახებ მრავალი ცნობილი სახე საჯაროდ ალაპარაკდა.
განსაკუთებით აქტუალური გახდა 21 წლის მსახიობის, მელისა დონგელის საქმეც და თურქული სერიალების ვარსკვლავმა მრავალი მხარდამჭერი გზავნილი მიიღო.
მელისა დონგელის თქმით, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 17 წლის ასაკში გახდა და მასზე საკუთარი მამა ძალადობდა.
2017 წელს მელისა დონგელის მამა სასამართლოს წინაშე წარდგა. ის დამნაშავედ ცნეს და 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მამაკაცი ბრალს არ აღიარებდა და წელს საქმე უზენაესმა სასამართლომ განიხილა.
21 წლის მელისა დონგელი, გარდა იმისა, რომ მამის დანაშაულის საბოლოო დამტკიცებისთვის იბრძვის, ცდილობს მის უმცროს დაზე მეურვეობაც მოიპოვოს.
თურქულ მედიაში ვრცელდება მელისა დონგელის საქმის მასალები. როგორც მათგან ხდება ცნობილი, მელისა დონგელის მამა ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში ატერორებდა. მელისა ჰყვება, რომ სახლში მუდმივად სკანდალი და ჩხუბი იყო:
„მან ხელი მომტეხა მხოლოდ იმის გამო, რომ მეგობართან ერთად პარკში წავედი," - ამბობს ის.
პირველი, ვისაც სექსუალური ძალადობის შესახებ მელისამ გაუმხილა, დედა იყო, თუმცა მელისა დონგელის თქმით, მშობელმა მას არ დაუჯერა.
„დედამ არ დამიჯერა. მან მითხრა: არ წახვიდე პოლიციაში, ისინი მამაშენს წაიყვანენ, შემდეგ მაინც გამოუშვებენ და მოგკლავს. ამის შემდეგ დედა და მამა ოჯახობანას თამაშს ისევ აგრძელებდნენ," - აღნიშნავს მსახიობი. ის, რომ მას სახლში ცუდად ექცეოდნენ, იცოდა მისმა რამდენიმე მეგობარმა, მელისა დონგელი სუიციდის მცდელობის გამო რამდენჯერმე ჰოსპიტალიზირებულიც იყო.
მელისა დონგელმა მუშაობა მოდელად ადრეული ასაკიდანვე დაიწყო და მისი მამისთვის ფულის წყაროდაც იქცა. მსახიობის თქმით, ის მუდმივად მუშაობდა იმის გამო, რომ ნაკლები დრო გაეტარებინა სახლში, მამასთან.
მელისა დონგელი არასრულწლოვნობისას მიღებულ სტრესზე ჰყვება და ამბობს, რომ განცდილი ძალადობა მის ამჟამინდელ ცხოვრებაზე ისევ მძაფრად მოქმედებს
„მე ბავშვობა არასოდეს მქონია. როდესაც ჩემი მეგობრები პარკში თამაშობდნენ, მე გამუდმებით საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, ვფიქრობდი როგორ დამეღწია თავი ამ ადამიანისგან. ყოველთვის მინდოდა გაქცევა, მაგრამ ჩემ დაზე ვფიქრობდი. როგორ უნდა გავხდე დედა? როგორ დავქორწინდები? გოგო რომ მეყოლოს, როგორ დავტოვო ის მამამისთან სახლში მარტო?"- ამბობს მსახიობი.
საქმეზე მოწმეებიც დაკითხეს, თუმცა მამის ნათესავებმა მელისა ტყუილში დაადანაშაულეს.
ექიმებმა დაადგინეს, რომ მელისა დონგელი ღრმა დეპრესიას და პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას განიცდიდა, მათ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსგავსი მდგომარეობა სექსუალური ძალადობის შემთხვევების შემდეგ შეიძლებოდა წარმოშობილიყო.
მტკიცებულებების განხილვის შემდეგ სასამართლომ მსახიობის მამა დამნაშავედ მიიჩნია და სასამართლოს წინა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა, ძალაში დატოვა. რაც შეეხება მსახიობის დედას, ის წარმოშობით რუსეთიდანაა და მას შემდეგ, რაც მისი ქმარი შვილზე სექსუალური ძალადობის გამო დააკავეს, თურქეთი დატოვა და რუსეთში დაბრუნდა.
მელისა დონგელი თურქული სერიალების ახალგაზრდა ვარსკვლავია, ის ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია სერიალში„ჩემს კარზე დააკაკუნე“ შესრულებული ჯერენის როლით.
წყარო: rustavi2.ge