ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 18 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე, მზე ნიშანს იცვლის და თევზების ზოდიაქოში გადადის.
მისი თქმით, ეს არის ბოლო ფაზა დასრულების, გაშვების და თავდაპირველ წყაროსთან დაბრუნების, რათა ახალი ციკლი დაიწყოს:
„☀️♓️ 18 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე, მზე ნიშანს იცვლის და თევზების ზოდიაქოში გადადის.
თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია — სივრცე, სადაც თითქოს ყველა წინა თორმეტი ნიშნის გამოცდილება იკრიბება და ერთ მთლიანობად გარდაიქმნება.
ეს არის ბოლო ფაზა: დასრულების, გაშვების და თავდაპირველ წყაროსთან დაბრუნების, რათა ახალი ციკლი დაიწყოს. თევზები ხშირად ზოდიაქოს ყველაზე კეთილშობილ ნიშნად მიიჩნევა. მათ უყვართ და თანაუგრძნობენ ყველაფერს, რაც ცოცხალია: ადამიანებს, ცხოველებს, ბუნებას. ეს ენერგია ღრმად ემოციური, ემპათიური და დიდსულოვანია. წყლის სტიქია ნიშანს სულიერ და ემოციურ სიღრმეს ანიჭებს, მუტაბელურობა კი — მოქნილობასა და ცვალებადობას. სწორედ ამიტომ, თევზების ენერგია არასოდეს არის სტატიკური: ის შეიძლება იყოს მშვიდი და გამჭვირვალე, მაგრამ ასევე ქაოსური და ბურუსით მოცული, როგორც ოკეანე.
ეს ნიშანი მელანქოლიურიცაა და სენტიმენტალურიც, ფილოსოფიური და მისტიკური, ხშირად ქაოსური, ინტუიციის განცდა აქ უმაღლეს დონეს აღწევს. თევზები ატარებენ ოკეანის სიმბოლიკას — უსასრულობის, საზღვრების მოშლის და სიღრმეების, სადაც რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო მეტ ბურუსში ეხვევი. ამიტომაც რთულია თევზების ბოლომდე გაგება - ნიშნის ორმაგი ბუნებაც სწორედ აქ ვლინდება — მათ შეუძლიათ ერთდროულად იყვნენ ძალიან ახლოს და ძალიან შორს, თითქოს ყველგან, გარდა „აქ და ახლა“-ს. შესაბამისად, თევზებს ნეპტუნი მართავს — პლანეტა, რომელიც ილუზიებს, სიზმრებს, სულიერ სივრცეებს და საზღვრების წაშლას უკავშირდება.
თევზების ნიშანი რწმენის, თავგანწირვისა და მსხვერპლის არქეტიპს ატარებს. საკუთარი თავის სხვებისთვის დათმობა, სხვისი ტკივილის საკუთარ თავზე აღება და საზღვრების შლა „უფრო დიდი სიკეთისთვის“. ეს ყოველთვის მარტივი ან ჯანმრთელი არ არის, მაგრამ თევზებში ეს ღრმა შინაგანი იმპულსია. მათ ხშირად უჭირთ საკუთარი „მე“-ს მკაფიო განცდა და ადვილად ირგებენ სხვის როლს, ემოციას და მდგომარეობას. ეს თვისება განსაკუთრებით კარგად ჩანს მსახიობებში, მუსიკოსებში, მკურნალებსა და სულიერ მსახურებში — იქ, სადაც საჭიროა საკუთარი ეგოს გვერდზე გადადება და სხვის სამყაროში შესვლა. ამავე წყაროდან მოდის ისკეიპიზმიც — რეალობიდან გაქცევის სურვილი. ყოველდღიურობისგან, მიწიერისა და სტანდარტულისგან თავის დაღწევა, სურვილი იყო „სხვაგან“, უფრო ამაღლებულ, მაგიურ და სულიერ სივრცეში.
ეს შეიძლება გამოვლინდეს ხელოვნებაში, მუსიკაში, სიზმრებში, მედიტაციაში, რწმენაში, მაგრამ ასევე არაჯანსაღ გაქცევაში, როცა რეალობას აღარ ვუყურებთ თვალებში. ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერდება ემპათიის განცდა, ილუზიასა და რეალობას შორის გარჩევის საჭიროება, შემოქმედებითი და ინტუიციური ხედვა. სწორედ სულიერ სიღრმეებში იბადება ჭეშმარიტი სიბრძნე. მზე თევზებში გვახსენებს, რომ ყოველი დასასრული მხოლოდ ახალი დასაწყისის წინასიტყვაობაა“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედნიერი ვალენტინობა...“ - თამო ვაშალომიძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან~
🎥 „სილამაზესა და ნიჭიერებაში დედას ჰგავს...“ - ქრისტინე იმედაძე შვილის ვიდეოს გვიზიარებს