Digest Logo

„კარმული დღე, წარსული თავს შეგვახსენებს...“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1792312304
ასტროლოგია

18 ოქტომბერი - კარმული დღე: წარსული თავს შეგვახსენებს

დღეს, 18 ოქტომბერს მთვარე თხის რქის ნიშანში იმოძრავებს და ჩვენს ყურადღებას პრაქტიკულ საკითხებზე, პასუხისმგებლობებსა და პრობლემების გადაჭრისკენ მიმართავს. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის გასაანალიზებლად, შეცდომების აღმოსაჩენად და რთული საკითხების მოსაგვარებლად.

მთვარის ჰარმონიული ასპექტი მერკურთან საღამომდე ხელს უწყობს აზროვნების სიცხადესა და მოვლენების არსში გარკვევას. კარგი დროა დოკუმენტებთან მუშაობისთვის, ფინანსური და ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად, გეგმების შესადგენად და დაუსრულებელი საქმეების დასასრულებლად. ყურადღებით გააანალიზეთ ის პრობლემები, რომლებიც დიდი ხანია მეორდება - დღეს მათი მიზეზების დანახვა და გამოსავლის პოვნა გაგიადვილდებათ.

თუმცა, მთელი დღის განმავლობაში მთვარე მზესთან დაძაბულ ასპექტში იქნება, რაც პირად სურვილებსა და სხვების მოლოდინებს შორის უთანხმოებას გამოიწვევს. თქვენ დასვენება და სიმშვიდე გსურდეთ, ოჯახის წევრები კი დახმარებასა და გარკვეული საქმეების შესრულებას მოითხოვდნენ. პირად თუ საქმიან საკითხებში განსხვავებული შეხედულებები ურთიერთობის დაძაბვის მიზეზადაც იქცევა. მთავარია, უთანხმოება ძალის დემონსტრირებად არ აქციოთ და არ დაიწყოთ ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, თუ ვინ არის მართალი. ზოგჯერ ურთიერთობის შენარჩუნება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კამათში გამარჯვება.

საღამოსკენ ემოციური დაძაბულობა მოიმატებს. მზის, მთვარისა და ქირონის მონაწილეობით ჩამოყალიბებული დაძაბული კონფიგურაცია ძველ წყენას, მტკივნეულ მოგონებებსა და უსამართლობის განცდას გაამძაფრებს. წარსულში განცდილი ტკივილი კვლავ შეგახსენებთ თავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახლობლისგან უყურადღებობას ან დაუფასებლობას იგრძნობთ. უმნიშვნელო შენიშვნაც კი პირად შეურაცხყოფად აღიქმება, პარტნიორის უთანხმოება კი თქვენი აზრის უგულებელყოფად მოგეჩვენებათ. საუბარში ძველი კონფლიქტებიც დაბრუნდება და ის საკითხები წამოიჭრება, რომელთა დავიწყებასაც დიდი ხანია ცდილობთ. შესაძლოა სულაც არ განვითარდეს დაძაბული სცენარი, უბრალოდ გაგახსენდეთ წარსულიდან მტკივნეული მომენტები და გაგიახლდეთ ემოციური დაძაბულობა, რაც ასევე მოითხოვს გააზრებას და ემოციურ დამოკიდებულებებთან მუშაობას.

ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკუთარი ემოციების გაცნობიერებას. ხშირად დღევანდელ მოვლენაზე ჩვენი რეაქცია წარსულში მიღებული ტკივილით არის განპირობებული. ახლობელი ადამინის სიტყვა ან საქციელი ძველ ჭრილობას ეხება და რეაქცია იმაზე მძაფრია, ვიდრე კონკრეტული სიტუაცია მოითხოვს. თუ ერთი და იგივე კონფლიქტი კვლავ მეორდება, დაფიქრდით მის ნამდვილ მიზეზზე. შესაძლოა, ურთიერთობაში არსებობს პრობლემა, რომელსაც ორივე მხარე თავს არიდებს, თუმცა მისი მოგვარების გარეშე უთანხმოება ისევ და ისევ დაბრუნდება.

მნიშვნელოვანი ოჯახური, პირადი და საქმიანი საკითხების განხილვა დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ, როდესაც მთვარის ჰარმონიული ასპექტი მერკურთან მშვიდ საუბარსა და გონივრული არგუმენტების მოძებნაში დაგეხმარებათ. საღამოს მოერიდეთ მწვავე დაპირისპირებებს. თუ უსიამოვნო საუბარი მაინც დაიწყება, პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ. მცირე პაუზა დაგეხმარებათ, ემოცია გააკონტროლოთ და ნათქვამს უფრო მშვიდად შეხედოთ. ყოველთვის ნუ ჩათვლით, რომ სხვისი სიტყვების უკან თქვენი წყენინების განზრახვა დგას.

მთვარე უკურსო მოძრაობას თბილისის დროით 20:13 საათზე დაიწყებს და ეს პერიოდი 19 ოქტომბრის დილის დაახლოებით 05:40 საათამდე გაგრძელდება. ამიტომ საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან ახალ საქმეებს, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ნუ შეეცდებით ყველა დაგროვილი უთანხმოების ერთბაშად მოგვარებას. უმჯობესია, ყოველდღიურ საქმიანობას, დასვენებასა და განვლილი მოვლენების გააზრებას დაუთმოთ დრო.

სანამ წყენაზე პასუხს გასცემთ ან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაფიქრდით. ზოგჯერ რამდენიმე წუთით შეჩერება საკმარისია იმისთვის, რომ შევაჩეროთ იმპულსური ქმედებები და სიტყვები, რომლებსაც მოგვიანებით ვინანებთ.

მთვარის კალენდრის მიხედვით, თბილისის დროით 14:30 საათამდე მერვე მთვარის დღე გაგრძელდება, რომელიც ტრანსფორმაციასა და შინაგან გარდაქმნას უკავშირდება. ამის შემდეგ მეცხრე მთვარის დღე დაიწყება, რომლის სიმბოლოა ღამურა. ასტროლოგიურ და ეზოტერულ ტრადიციებში ეს დღე რთულ პერიოდად მიიჩნევა, რადგან მას წარსულის გამოცდილების, ძველი პრობლემებისა და დაუსრულებელი თემების გააქტიურებას უკავშირებენ.

მეცხრე მთვარის დღეს წარსული ხშირად თავს გვახსენებს განმეორებადი სიტუაციების, ძველი კონფლიქტებისა და უსიამოვნო გამოცდილებასთან დაკავშირებული ადამიანების სახით. ზოგჯერ მოვლენები ისე ვითარდება, თითქოს უკვე გავლილი გზა თავიდან უნდა გავიაროთ. ეზოტერული შეხედულებით, ამგვარი გამოცდილება კარმულ ენერგიას უკავშირდება - საკითხებს, რომლებიც წარსულში გადაუჭრელი დარჩა და კვლავ ჩვენს ყურადღებას მოითხოვს. ამა დღეს აქტიურდება ვამპირული ენერგიებიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავიცვათ პირადი საზღვრები და არ დავუშვათ, რომ სხვისმა ქცევამ ჩვენი ემოციური წონასწორობა დაარღვიოს.

ამ დღის მთავარი არსი წარსულის შეცდომების გააზრება და ძველი მიდგომების შეცვლაა. თუ ადრე კონფლიქტზე ბრაზით პასუხობდით, ახლა სიმშვიდე შეინარჩუნეთ. თუ უსიამოვნო საკითხს თავს არიდებდით, ამჯერად პრობლემის ნამდვილ მიზეზს ჩაუღრმავდით. თუ ურთიერთობა მუდმივად ერთსა და იმავე ტკივილს გიბრუნებთ, დაფიქრდით, რა უნდა შეიცვალოს თქვენს დამოკიდებულებაში ან ქცევაში. კარმული განკურნების იდეაც სწორედ ამას გულისხმობს - გავაცნობიეროთ წარსულის გამოცდილება, შევცვალოთ ჩვენი რეაქცია და აღარ გავიმეოროთ ის, რაც ტკივილს გვაყენებს. ეს დღე გვახსენებს, რომ ძველი სცენარის გაგრძელება აუცილებელი არ არის: შეგვიძლია სხვა გზა ავირჩიოთ და მოჯადოებული წრიდან გავიდეთ.

18 ოქტომბრის მთავარი ამოცანაა, წარსულის გავლენა გავაცნობიეროთ, ძველი წყენა გავუშვათ და ურთიერთობებში უფრო გონივრულად ვიმოქმედოთ. ნუ მისცემთ მტკივნეულ მოგონებებს უფლებას, კვლავ იგივე შეცდომები გაგამეორებინოთ. დააკვირდით განმეორებად მოვლენებს, გაარკვიეთ კონფლიქტების ნამდვილი მიზეზები და საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ თქვენი მოქმედების გზა. ზოგჯერ სწორედ რთული გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, საბოლოოდ დავასრულოთ ძველი ამბავი, გავთავისუფლდეთ წარსულის ტვირთისგან და ახალი ეტაპი დავიწყოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შემოდგომის ხილი - ბუნების საუკეთესო საჩუქარი ჯანმრთელობისთვის

⭕რატომ ირთულებენ ადამიანები ცხოვრებას მაშინ, როცა ყველაფრის გამარტივება შეუძლიათ - ახალი „ტრენდი“, რომელიც ბევრს დააფიქრებს

⭕რა საფრთხეებს შეიცავს ტყვია და როგორ ხდება მოწამვლის პრევენცია

✕