8 ნოემბერს პლანეტა ვენერა (სიყვარულისა და ჰარმონიის მმართველი) მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რაც ემოციების სიღრმესა და ვნებათა ინტენსივობას აჩენს.
ეს პერიოდი ადამიანებში ამძაფრებს შინაგან სურვილებს, საიდუმლო მიზიდულობებსა და გულწრფელობის მოთხოვნილებას.
მორიელის ვენერა არ ეშინია სიღრმის, არც ტრანსფორმაციის. ის გვასწავლის, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ მაშინ იბადება, როცა მზად ვართ საკუთარი სული გავაშიშვლოთ და ვენდოთ სხვას სრულიად.
აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი დავით ნიბლაძე სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
მისი თქმით, როდესაც სიყვარულის პლანეტა ამ ნიშანში ხვდება, ის კარგავს თავის ჩვეულ სიმსუბუქეს და აქ სიყვარული აღარ არის უბრალოდ გართობა ან სასიამოვნო დროის გატარება.
„ვენერა მორიელში.
ასტროლოგიაში ვენერა განასახიერებს ჩვენს ურთიერთობების სტილს, ღირებულებებს და იმას, თუ რა გვანიჭებს სიამოვნებას. მორიელი კი არის პლუტონის (და მარსის) სამეფო - ადგილი, სადაც უწყვეტი ციკლია კრიზისი, სიკვდილი, ტრანსფორმაცია და ხელახლა დაბადება.
როდესაც სიყვარულის პლანეტა ამ ნიშანში ხვდება, ის კარგავს თავის ჩვეულ სიმსუბუქეს. აქ სიყვარული აღარ არის უბრალოდ გართობა ან სასიამოვნო დროის გატარება. აქ სიყვარული არის ეგზისტენციალური გამოცდილება.
ვენერა მორიელის ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილება უბრალოდ პარტნიორობა და მის ცხოვრებაში ვინმეს არსებობა კი არა, ტოტალური შერწყმაა. ასეთ ადამიანებს სურთ იცოდნენ პარტნიორის ყველაზე ბნელი საიდუმლოებები, მისი შიშები, მისი ტრავმები. რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ნამდვილად უსაფრთხოდ, როცა სრული სიმართლე იციან. ოღონდ, ეს უბრალო ცნობისმოყვარეობაში არ აგვერიოს. ეს არის მათი გადარჩენის ინსტინქტი. მათ სჯერათ, რომ თუ პარტნიორის ბნელ მხარეებს არ იცნობენ, ეს ბნელი მხარეები შეიძლება მოულოდნელად "თავს დაესხათ". ამიტომ, ისინი გამუდმებით ტესტავენ პარტნიორს, ქვეცნობიერად ქმნიან კრიზისებს იმისთვის, რომ ნახონ, დარჩება თუ არა ის მათ გვერდით ყველაზე რთულ მომენტებშიც კი.
რადგან ამ მდებარეობას თან ახლავს ღალატისა და მიტოვების უზარმაზარი, ხშირად ირაციონალური შიში, ვენერა მორიელში ხშირად მიმართავს კონტროლს.
ვენერა მორიელისთვის ეჭვიანობა უბრალოდ მესაკუთრეობა არ არის. ეს არის პანიკური შიში, რომ ვიღაც სხვა წაართმევს იმ ერთადერთ ადამიანს, ვის წინაშეც მან სული გააშიშვლა.
ასეთი ადამიანები ხშირად პირდაპირ არ ითხოვენ იმას, რაც სურთ. ისინი ქმნიან სიტუაციებს, სადაც პარტნიორი იძულებული ხდება, მოიქცეს ისე, როგორც მათ სჭირდებათ. ეს არის მათი გზა, შეინარჩუნონ ძალაუფლება ურთიერთობაში, რადგან ძალაუფლების დაკარგვა მათთვის უსაფრთხოების დაკარგვის ტოლფასია.
ვენერა მორიელში არ არის მხოლოდ დრამა. განვითარებულ დონეზე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, ღრმა და მკურნალი მდებარეობა. რა შეუძლიათ მათ?
რადიკალური მიღება: მათ შეუძლიათ შეიყვარონ ადამიანის ის ნაწილები, რომელთა დანახვაც სხვებს ეშინიათ. თუ მათ ნდობას მოიპოვებ, ისინი მიგიღებენ მთლიანად - შენი სიბნელით, შენი ჭრილობებით და "მახინჯი" მხარეებით.
ტრანსფორმაციული სიყვარული: მათთან ურთიერთობა არასდროს გტოვებს ისეთს, როგორიც იყავი. ისინი გაიძულებენ გაიზარდო, დაუპირისპირდე შენს დემონებს და გახდე უკეთესი ვერსია. ეს არის სიყვარული, რომელიც "კლავს" შენს ძველ "მე"-ს და ხელახლა გბადებს.
ურყევი ერთგულება: როცა ვენერა მორიელში იღებს გადაწყვეტილებას, რომ შენ მისი ხარ, ის შენთან იქნება ჯოჯოხეთშიც კი. ისინი არ გარბიან კრიზისის დროს. პირიქით, კრიზისი არის მათი ბუნებრივი გარემო, სადაც ისინი ყველაზე მეტად ამჟღავნებენ თავიანთ ძალას.
ვენერა მორიელის ადამიანის ცხოვრებისეული გაკვეთილია, ისწავლოს განსხვავება ინტენსივობასა და ინტიმურობას შორის. მათ უნდა ისწავლონ, რომ ნამდვილი კავშირი არ მოითხოვს მუდმივ კრიზისს და რომ პარტნიორისთვის თავისუფლების მიცემა არ ნიშნავს მის დაკარგვას. როდესაც ისინი ამას სწავლობენ, მათი სიყვარული ხდება ყველაზე ძლიერი მაგია - ძალა, რომელსაც შეუძლია განკურნოს ყველაზე ღრმა ჭრილობებიც კი“, - წერს დავით ნიბლაძე.