ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight სოციალურ ქსელში 25 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს, სადაც ვკითხულობთ, რომ შესაძლოა, კვლავ გააქტიურდეს წარსულის თემები, ძველი ემოციები და შინაგანი წინააღმდეგობები.
ასტროლოგი, რომელიც გვერდს მართავს, ამბობს, რომ დილა არ არის კარგი დრო მკვეთრი ნაბიჯებისთვის. უმჯობესია დააკვირდეთ მოვლენებს, საკუთარ რეაქციებს და არ იჩქაროთ:
„25 თებერვალი, ოთხშაბათი
დილით ჯერ კიდევ ძლიერი კარმული ჯვრის გავლენის ქვეშ ვიქნებით, რომელიც წინა დღეს ჩამოყალიბდა. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება კვლავ გააქტიურდეს წარსულის თემები, ძველი ემოციები და შინაგანი წინააღმდეგობები. შეიძლება, იგრძნოთ გარკვეული წნეხი, თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, მაგრამ ამავე დროს ბოლომდე ვერ ხედავთ სურათს.
ამიტომ დილა არ არის კარგი დრო მკვეთრი ნაბიჯებისთვის. უმჯობესია დააკვირდეთ მოვლენებს, საკუთარ რეაქციებს და არ იჩქაროთ. ახლა კარმული პროცესები გვაჩვენებს, სად ვმოქმედებთ ჩვევით, სად გვმართავს შიში ან წყენა და სად ვრჩებით ნაცნობ, მაგრამ უკვე არასწორ გზაზე. თუ რაიმე გაღიზიანებთ ან ძლიერ ემოციას იწვევს, ეს უფრო მინიშნებაა, ვიდრე პრობლემა. ეს გაჩვენებთ იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში უნდა შეიცვალოს ან დასრულდეს.
დღის პირველ ნახევარში უმჯობესია არ ჩაერთოთ კამათში, არ ამტკიცოთ თქვენი პოზიცია ძალით და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მერკური ჯერ კიდევ სტაციონარულია, რაც ნიშნავს, რომ აზროვნება შენელებულია. შეიძლება სიტყვები არასწორად იყოს გაგებული, ინფორმაცია — დამახინჯებული, და ზოგადად კომუნიკაცია უფრო რთულად მიმდინარეობდეს. ამიტომ, თუ საქმე ეხება დოკუმენტებს ან შეთანხმებებს, ყველაფერი ყურადღებით გადაამოწმეთ და არ იჩქაროთ.
დღის მეორე ნახევარში ენერგია იცვლება. მთვარე ტყუპში ქმნის დაძაბულ ასპექტს მერკურთან, რაც შეიძლება გამოვლინდეს აზრების სიჭარბით, ინფორმაციის გადატვირთვით და დაბნეულობით. შეიძლება იგრძნოთ, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ერთდროულად და რთულია იმის გარჩევა, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი. ასეთ დროს ადვილია ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება ან ემოციურად რეაგირება.
ამიტომ დღის მეორე ნახევრის მთავარი რჩევაა — არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც გაიგებთ, და არ იჩქაროთ რეაგირება. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ ყველაფერი დამშვიდდეს და გაირკვეს.
ამავე დროს, დღის მეორე ნახევარში გვაქვს მხარდაჭერაც. მთვარის ჰარმონიული ასპექტები მარსთან და ქირონთან დაგეხმარებათ ენერგიის სწორად გამოყენებაში. ძალიან სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა - მოძრაობა, სეირნობა, სპორტი ან სახლის დალაგება. ეს დაგეხმარებათ შინაგანი დაძაბულობის შემცირებაში.
ასევე დილით დაახლოებით 12 სთ-დან იწყება მეცხრე მთვარის დღე, რომლის სიმბოლოა ღამურა.
მეცხრე მთვარის დღე მთვარის თვის არც ისე დადებითი დღეებიდან ერთ-ერთია, რადგან, ჯერ კიდევ მოქმედებს მე-8 დღის ენერგიები. შეგახსენებთ, რომ მთვარის ფაზის გარდამავალი დღეები, ყოველთვის დაძაბულ და არასტაბილურ ენერგიებს ააქტიურებს. მე-8 დღეს მთვარის მეორე ფაზა იწყება.
თქვენი სხეული სხვადასხვა დონეზე ჯერ კიდევ გარდამავალ მდგომარეობაშია. ეს არასტაბილურობა დაუცველობას იწვევს. სინამდვილეში, საქმე ისეთი სავალალო არ არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
არასტაბილურმა მდგომარეობამ შესაძლოა, თქვენი ხასიათის ნაკლებად პოზიტიური მხარის გამოვლენა გამოიწვიოს. შესაძლოა, ზედმეტად მგრძნობიარე იყოთ ცდუნებებისა და ილუზიების, მოტყუებისა და მცდარი წარმოდგენების მიმართ. ასევე, შესაძლოა, დღეს განიცადოთ უარყოფითი გარე გავლენა, იქნება ეს ცუდი ამბების, უიღბლობის თუ სხვადასხვა ცდუნებების სახით. სასურველია, თავი აარიდოთ დამთრგუნველ და არაჯანსაღ ფიქრებს და განავითაროთ დადებითი ემოციები.
დღეს ადამიანები უკიდურესად ემოციურები, დეპრესიულები და დათრგუნულები არიან, მათ ფიქრები, შიშები და უსაფუძვლო შფოთვა აწუხებთ. მეცხრე მთვარის დღის გავლენისგან თავის დასაცავად, თქვენი სურვილები და ფიქრები სუფთა უნდა იყოს. თუ ვინმემ უახლოეს წარსულში გაწყენინა, აპატიეთ მას და გულწრფელად უსურვეთ ბედნიერება. ეს დღის ნეგატიურ ენერგიასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი იქნება.
დღის დაძაბული ხასიათის მიუხედავად, მაინც არ არის რეკომენდებული პრობლემებზე ფოკუსირება. მთავარი რჩევა გულისხმობს მაქსიმალურ ყურადღებასა და ცნობიერებაზეა ორიენტირებას. სასურველია გონივრულად გააანალიზოთ ყველაფერი, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენზე. ეს დაგეხმარებათ პრობლემების თავიდან აცილებაში.
ეცადეთ არ ჩაერთოთ ჭორებში, კონფლიქტებში ან ინტრიგებში. უმჯობესია ეს დღე გამოიყენოთ საკუთარ თავზე დაკვირვებისთვის და შინაგანი ბალანსის აღდგენისთვის. თმის შეჭრისთვის ან შეღებვისთვის ნეიტრალური დღეა.
რაც შეეხება კვებას - სასურველია მსუბუქი და მცირე საჭმელი მიირთვათ (უკეთესია მარხვა).
სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა და ყოველდღიური საქმეებით დაკავება. რაც მთავარია - შეინარჩუნეთ სიბრძნე, გონიერება და სიმშვიდე. თუ ცუდმა სიზმარმა აგაფორიაქათ, იცოდეთ, ცრუ განგაშია. ნუ მიანიჭებთ დიდ მნიშვნელობას და ნუ მისცემთ მას თქვენს განწყობაზე გავლენის მოხდენის უფლებას. დილით თქვენი ყველა შფოთვა უკვალოდ გაქრება.
ასე რომ, მეგობრებო, გისურვებთ სიმშვიდეს, სიბრძნეს და შინაგან წონასწორობას“, - წერს ასტროლოგი.